განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-664-17
(№012211117006)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი, სტაჟიორ-პროკურორი ლ-–- მერაბიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ლ-–------------ე, დაბადებული 1----–-–------------------, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------–--
ადვოკატი: ბესიკ მინდიაშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით:
2017 წლის 21 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ რ-------–------------------------- N------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ-–------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთხელ გაარტყა ხელი სახეში თავისი ყოფილი მეუღლის ნ-------------–---–ის მამას ზ---------------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ლ-–------------ე 2009 წლიდან 2016 წლამდე სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-------------–---–თან, რომელთანაც ჰყავს ორი საერთო შვილი 6 წლის ე-–--- და 8 წლის ლ---ა. ნ-----ა და ლ-–-ს დაშორების მიზეზი იყო ლ-–-ს მიდრეკილება ალკოჰოლური სასმლისა და აზარტული თამაშებისადმი, რაც მას ხდიდა ნ----- მიმართ აგრესიულს. დაშორების შემდეგ ბავშვებზე მეურვეობა მიენიჭა ნ-------------–---–ს. მიუხედავად იმისა, რომ ნ---- და ლ-–- 2016 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ, ლ-–-მ არ შეწყვიტა ნ----- მიმართ აგრესიის გამოვლენა. ლ-–------------ე სისტემატურად, კვირაში რამდენჯერმე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აკითხავდა ნ----- დათუაშვილს, სთხოვდა შერიგებას, ასევე ბავშვების ნებისმიერ დროს მისი ნებართვის გარეშე ნახვასა და გარეთ გაყვანას, ნ-----აგან უარის მიღების შემდეგ კი მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ სხვა მამაკაცები ჰყავდა და ამის გამო არ უნდოდა მასთან შერიგება. ლ-–------------ეს მიაჩნდა, რომ ვინაიდან ნ-------------–---–ი წარსულში მისი მეუღლე იყო, მას აღარ ჰქონდა სხვასთან ურთიერთობის უფლება, რადგან ამით შეარცხვენდა როგორც ბავშვებს, ისე მის მამაკაცურ ღირსებას. ნ-------------–---–ი ლ-–-ს მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა ლ-–------------ემ 2017 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ----------–------------- N------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების ე-–---სა და ლ---ას თანდასწრებით, ნ-------------–---–ზე ფიზიკურადაც იძალადა, კერძოდ მას ერთხელ გაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ნ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ლ-–------------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებული ლ-–------------ე პერიოდულად აცხადებდა, რომ თავს ცნობდა დამნაშავედ, ხოლო კითხვებზე პასუხის გაცემისას, მისი ბრალისადმი დამოკიდებულების მიხედვით, თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ნ-----თან ბავშვების სანახავად მივიდა, თუმცა რამდენიმე ხანში ოთახში ნ----- მამა, ზ---------------–---–ი შევიდა და სთხოვდა წასვლას, საწოლზე იყო მიწოლილი, ხელი დაავლო და აგდებდა. ამ დროს ოთახში ნ---- შემოვიდა, იგი მათ შორის დადგა და ორივეს ამშვიდებდა, მან ზ------ს ხელი ჰკრა, თუმცა ნ-----თვის არ დაურტყამს, შეიძლება მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა, მაგრამ განზრახ არც მაშინ და არც სხვა დროს ხელით არ შეხებია. განქორწინების შემდეგ ბავშვების სანახავად სხვა დროსაც მისულა და სურს, რომ ურთიერთობა ჰქონდეს მათთან. იმ დღესაც შვილმა - ე-–---მ სთხოვა, რომ არ წასულიყო და ამიტომ დარჩა. მან ასევე დაადასტურა, რომ ყოფილ მეუღლესთან სხვადასხვა დროს უჩხუბია, მაგრამ მისი მიზანი არ იყო ნ-----თვის ზიანის მიყენება.
დაზარალებულმა ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ---------------–---–ი მისი მამაა, ბრალდებული კი მისი ყოფილი მეუღლე. ოჯახის შექმნისთანავე მათი ურთიერთობა ვერ შედგა ლ-–-ს ალკოჰოლზე და აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების გამო, მუდმივად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და განქორწინდნენ. დაშორების შემდეგ ხშირად მიდიოდა მასთან და ბავშვების თანდასწრებით კვლავ ძალადობდა მასზე, არ ერიდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ძალადობდა ფსიქოლოგიურად. 2017 წლის 21 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან და სთხოვა, რომ 20 წუთში წავიდოდა. სახლში ასევე მისი დეიდაშვილი იმყოფებოდა. ნახევარი საათის შემდეგ სთხოვა, რომ წასულიყო, თუმცა ლ-–- არ მიდიოდა და ვინაიდან არ სურდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, მამამისს დაურეკა. მამა რომ მივიდა, ლ-–- აგრესიული გახდა, ბავშვებმაც ტირილი დაიწყეს და სთხოვდნენ წასულიყო, მაგრამ ის წასვლას არ აპირებდა. ლ-–- მამამისს უშვერი სიტყვებით მიმართავდა და ეუბნებოდა ნუ ერეოდა მათ ურთიერთობაში, შემდეგ მას შეეშინდა და პოლიციაში დარეკა. უნდოდა რომ ლ-–- მშვიდობიანად წაეყვანათ და მამისთვის არაფერი დაეშავებინა. ლ-–- იგინებოდა მისი და მამამისის მისამართით, ხელი მასაც გაარტყა და მამამისსაც. ლ-–- სულ ერეოდა მის ცხოვრებაში, ნერვებს უშლიდა, სულ ურეკავდა. ბავშვები მიჰყავდა ყოველთვის ნასვამ მდგომარეობაში, მატერიალურად არ ეხმარებოდა მათ. ერთხელ ბავშვები ბაღიდან გაიყვანა და ბათუმში წაიყვანა, მთელი დღე ეძებდნენ მათ და ღამე 12 საათზე დარეკა და უთხრა სადაც ჰყავდა ბავშვები. პოლიცია ბევრჯერ გამოუძახია და შემაკავებელი და დამცავი ორდერი არაერთხელ გამოიცა, თუმცა ამას მისთვის რაიმე დახმარება არ გაუწევია, ლ-–- ადგილზე არ ხვდებოდა ხოლმე და ვერ აკავებდნენ. იგი მუდმივად დამამცირებლად ეპყრობოდა და მიმართავდა, ამ დროს განიცდიდა ტანჯვას. შემთხვევის დღეს ჯერ მას გაარტყა და მერე მამას, როდესაც მამამისი მივიდა და ეუბნებოდა საწოლიდან ამდგარიყო და წასულიყო, ამ დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მამამისის და ლ-–-ს შორის ჩადგა და ლ-–-მ ხელი მოარტყა. ბავშვები ამ კონფლიქტს შეესწრნენ.
დაზარალებულმა ზ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე დაურეკა ნ----მ და უთხრა, რომ ლ-–- იყო მასთან და არ მიდიოდა. სახლში რომ შევიდა, ლ-–- გადაწოლილი იყო საწოლზე და მოსთხოვა, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა მისი სახლი, თუმცა არაერთი ასეთი მიმართვისა, იგი მაინც არ მიდიოდა. რომ მიუახლოვდა, ლ-–-მ მოკიდა ხელი, აჯანჯღარა, ეუბნებოდა, რომ ნ-----თან უნდოდა შერიგება, რაშიც ის ხელს უშლიდა და სახეში გაარტყა. ნ----მ ატეხა წივილ-კივილი და პოლიციაში დარეკა. ლ-–- აგინებდა მას და ნ-----. მან დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი. კითხვაზე დაინახა თუ არა მან როგორ დაარტყა ლ-–-მ ნ-----, დაზარალებულმა ზ---------–---–მა ერთ შემთხვევაში განაცხადა, რომ დაინახა, ხოლო დაცვის მხარის კითხვაზე თუ ზუსტად რა მომენტში დაარტყა ლ-–-მ, სად იდგა იგი ამ დროს - განმარტა, რომ არ დაუნახავს.
მოწმე თ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული ნ-------------–---–ი მისი დეიდაშვილია. შემთხვევის დღეს მასთან სახლში იმყოფებოდა და ადასტურებს, რომ ბრალდებული ნამდვილად მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და აღარ მიდიოდა. პირადად მას ლ-–- არ უნახავს, რადგან თავი აარიდა მასთან შეხვედრას. როდესაც ზ---------------–---–ი მივიდა და სთხოვდა წასვლას, ვითარება უფრო დაიძაბა. დაინახა, რომ ლ-–-მ ზ------ს ხელი ჰკრა, ნუ ერევი ჩვენს საქმეშიო და ძიძგილაობდნენ, ნ---- შუაში ჩაუდგა და ლ-–-მ ხელი რომ აიქნია ნ----- მოხვდა. ბავშვები მასთან იყვნენ და ჩხუბის რაღაც მომენტი დაინახეს.
მოწმე ვ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად. 2017 წლის 21 ნოემბერს შევიდა შეტყობინება, რომ მ--------------------ში იყო ოჯახური ძალადობა. რამდენიმე წუთში გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე და დახვდათ შეტყობინების ავტორი ნ-------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ლ-–------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შ/ადგილზე მისვლის დროს, ბრალდებული სადარბაზოში იდგა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ, ხოლო სახლში იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი, ნ-------------–---–ი, ზ---------------–---–ი და კიდევ ერთი გოგონა. ნ---- სთხოვდა, რომ გამოეცათ შემაკავებელი ორდერი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამარლოს მოწმე ნ-----------–---–მა, მოწმეებმა ი---------------–---–მა, ა----------–--ემ, ნ-----–------------ემ, თ----------------–--ემ და გ--------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე ი---------------–---–ის განმარტებით, შეტყობინების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, შეტყობინების თანახმად, ყოფილმა მეუღლემ ნ-------------–---–ს და მის მამას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. მოწმე ა----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არასრულწლოვანი მოწმეები, რომლებიც ძალადობის შემსწრეები იყვნენ დაკითხა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით. თ----------------–--ის ჩვენების თანახმად, მან შეადგინა ბრალდებულის ალკოტესტზე შემოწმების ოქმი და ბრალდებულს დაუდგინდა თრობა.
გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. შეტყობინების საფუძველზე, ნიკა ტაბლიაშვილთან ერთად გავიდა შ/ადგილზე, სადაც ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და მის მამას. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ბავშვები, ისინი ნამტირალევი იყვნენ, ხოლო ბრალდებული საწოლზე იჯდა და იგინებოდა.
2017 წლის 22 ნოემბრის ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, ლ-–------------ეს ალკოჰოლურ შემოწმებაზე დაუდინდა 0,739 % პრომილი ალკოჰოლური თრობა.
2017 წლის 23 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ---------------–---–ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
2017 წლის 23 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-------------–---–ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2016 წლის 13 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის ი------------–ის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი #007160 მოძალადე ლ-–------------ის მიმართ. გაგრძელდა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) დღით და ამ ხნის განმავლობაში ლ-–------------ე მოშორებულ იქნას იმ სახლისაგან სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მას მსხვერპლთან ნ-------------–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მას ასევე აეკრძალა სატელეფონო და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მსხვერპლთან - ნ-------------–---–თან კავშირი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის ნ-------------–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; ძალადობის მსხვერპლად ცნობილი იქნა ნ-------------–---–ი, მოძალადედ ცნობილი იქნა ლ-–------------ე; ნ-------------–---–თან მიმართებაში დამცავი ორდერი გამოცემული იქნა 2 (ორი) თვის ვადით; ლ-–------------ეს აეკრძალა ნ-------------–---–ის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა; ლ-–------------ეს აეკრძალა ნ-------------–---–თან მიახლოება, კერძოდ, საცხოვრებელ სახლთან, მდებარე მისამართი ქ.რუსთავი, მ---------------; მის სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება; ლ-–------------ეს აეკრძალა ნ-------------–---–თან სატელეფონო კონტაქტი, როგორც მობილური ასევე სტაციონალური აპარატით, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებების განხორციელება ან სხვა ელექტრონული საშუალებებით კონტაქტი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოშორებული იქნა მოძალადე ლ-–------------ე იმ სახლისაგან, სადაც მსხვერპლი ნ-------------–---–ი ცხოვრობს, ასევე მოძალადე - ლ-–------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო კომუნიკაცია. აღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოშორებული იქნა მოძალადე ლ-–------------ე იმ სახლისაგან, სადაც მსხვერპლი ნ-------------–---–ი ცხოვრობს, ასევე მოძალადე - ლ-–------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო კომუნიკაცია. აღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის ნ-------------–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; ძალადობის მსხვერპლად ცნობილ იქნა ნ-------------–---–ი, მოძალადედ იქნეს ცნობილი - ლ-–------------ე. ნ-------------–---–თან მიმართებაში დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 06 თვის ვადით; ლ-–------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან ნ-------------–---–თან სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ლ-–------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან - ნ-------------–---–თან მიახლოება, კერძოდ, მის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ. რუსთავი, მ---------------, სამსახურთან და ყველგან, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ლ-–------------ეს აეკრძალა ნ-------------–---–თან სატელეფონო კონტაქტი, როგორც მობილური ასევე, სტაციონალური აპარატით. ასევე, მოკლეტექსტური შეტყობინებების განხორციელება ან/და სხვა ელექტრონული საშუალებებით კონტაქტი. ლ-–------------ეს აეკრძალა არასრულწლოვან ლ---ა ქ----------სთან, (დ----------–-------–-–---------------------------------) და არასრულწლოვან ე-–--- ქ----------სთან, (დაბადებული 2----–-–-----------------------------) მიახლოება. კერძოდ, მათი დედის ნ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლთან, მათ სკოლასთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლები იმყოფებიან. არასრულწლოვან ლ---ა ქ---------ის, (დ----------–-------–-–---------------------------------) და არასრულწლოვან ე-–--- ქ---------ის, (დაბადებული 2----–-–-----------------------------) მიმართებაში დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 01 (ერთი) თვის ვადით;
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
სისტემატური შეურაცხყოფა არის დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, მაშინ როდესაც პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, რაც უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-–------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთხელ გაარტყა ხელი სახეში თავისი ყოფილი მეუღლის ნ-------------–---–ის მამას ზ---------------–---–ს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ლ-–------------ე მის ყოფილ მეუღლეს - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
ნ-------------–---–ის მიმართ ლ-–------------ის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დადასტურდა, რომ ლ-–------------ემ ნ-------------–---–ს ხელი გაარტყა განზრახ. თავად ნ-------------–---–მა, ზ---------------–---–მა და თ------------ემ განმარტეს, რომ როდესაც ზ---------------–---–ი ნ-----თან მივიდა და ლ-–-ს სთხოვდა წასვლას, ვითარება დაიძაბა და ნ---- ლ-–-ს და მამის შუაში იდგა, რომ ლ-–-ს მამისთვის რამე არ დაეშავებინა. სასამართლო ამ შემთხვევაში იზიარებს ბრალდებულის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ნ-------------–---–ს ხელი მოხვდა მაშინ, როდესაც აშველებდა მათ და ბრალდებულს მისთვის განზრახ ამ კონკრეტულ მომენტში არ დაურტყამს. ბრალდებულის ჩვენების ამ ეპიზოდის დარწმუნების საფუძველს იძლევა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. ლ-–------------ე ნ-------------–---–თან არ მისულა კონფლიქტის მიზეზით, იგი ბავშვების სანახავად მივიდა და დაზარალებულის განმარტებით ასე სხვა დროსაც მოქცეულა. შელაპარაკება გამოიწვია იმან, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და დაპირების მიუხედავად წასვლას არ აპირებდა, ხოლო აგრესიული გახდა ზ---------------–---–ის მოთხოვნაზე, შესაბამისად ბრალდებულს ნ-------------–---–ის მიმართ დარტყმის საფუძველი, ვიდრე ზ---------------–---–მა წასვლა არ მოსთხოვა - არ ჰქონდა. მას შემდეგ რაც ზ---------------–---–ის მიმართ ბრალდებულმა გამოხატა აგრესია და პასუხს სთხოვდა მას მათ ურთიერთობაში ჩარევის გამო, მან გაარტყა ხელი სახეში ზ---------------–---–ს და გაშველების დროს ხელი მოხვდა ნ-----აც. ზ---------------–---–ის მიმართ ძალადობა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს შეფასებით ჩადენილია განზრახ, ბრალდებულს არ ესიამოვნა, როდესაც იგი ოთახში დაინახა და მის მოთხოვნაზე წასულიყო სახლიდან დაუპირისპირდა მას, ამ ნაწილში ბრალდებული განმარტავს, რომ ხელი ჰკრა ზ---------------–---–ს, თუმცა ასევე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელის კვრა არ იყო შემთხვევითი. საქმის მასალების მიხედვით, საპატრულო პოლიციის გამოძახება ნ-------------–---–მა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც სახლში მამა მივიდა და ლ-–-მ მას დაარტყა. კონფლიქტის გამარტივების მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ხელის კვრის გამო არასრულწოვანი ბავშვები არ ატირდებოდნენ, რაც შ/ადგილზე მისული სამართგალდამცავი პირების ჩვენებებით ირკვევა და ასევე მოწმე თ------------ის განმარტებით, მან დაინახა, როგორ დარტყა ლ-–-მ ზ------ს, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–------------ემ ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა მხოლოდ ზ---------------–---–ის მიმართ. რაც შეეხება ნ-------------–---–ის მიმართ ჩადენილ ძალადობას, სასამართლო სრულად იზიარებს დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებას და დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–------------ის სისტემატური შეურაცხყოფით ნ-------------–---–მა განიცადა ტანჯვა. გარდა ნ-------------–---–ის ჩვენებისა, აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი შემაკავებელი თუ დამცავი ორდერით, რომლის თანახმად, ლ-–------------ეს აეკრძალა ნ-------------–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მას, როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო კომუნიკაცია. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დასჯადია სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც იწვევს ტანჯვას და სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ განქორწინების შემდეგ, ლ-–------------ის მუდმივი მოთხოვნა შერიგების, კონტროლის, შვილებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, ნ-------------–---–ისთვის მიყენებულმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია მისი ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ლ-–------------ეს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო აღნიშნავს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან ერთის მხრივ ლ-–------------ემ თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ზ---------------–---–ის მიმართ წარდგენილ ეპიზოდში, ხოლო მეორეს მხრივ დაზარალებულის პოზიცია, რომ სასამართლო არ იყოს ბრალდებულის მიმართ მკაცრი, ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, ვინაიდან პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ორდერები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პ-ით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–------------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ლ-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–------------ეს საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პ-ით გათვალისწინებული წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
ლ-–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ლ-–------------ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.
ლ-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე