გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2325-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - სს ”ს----------–---------’’
წარმომადგენელი - გ------- ც------
მოპასუხეები- გ------- ა------ე, თ---------- ფ---------ე, ო------ ჯ----–--ე, ი---- გ-----–--ე (წარმომადგენელი გ------- ა------ე), ა------ ა------ე
წარმომადგენელი - მ-----– ნ-----ე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ა------ეს სს ”ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 54785.24 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 18191.07 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 36594.17 აშშ დოლარი.
1.2. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის გზით. სარეალიზაციოდ მიექცეს: 1. ა------ ა------ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 2475.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-320.00 კვ.მ. და N 02-21.78 კვ.მ., ს.კ. 2-----------.; 2. ი---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ფართით - 1940.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-144.00 კვ.მ. და N 02-30.00 კვ.მ.; იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების გ------- ა------ის, თ---------- ფ---------ის და ო------ ჯ----–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 17 ივლისს სს „ტ----------- ბ---სა“ და გ------- ა------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000.00 აშშ დოლარით, 120 თვის ვადით. ხელშეკრულებით მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ით. იმავე დღეს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------ ა------ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 2475.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-320.00 კვ.მ. და N 02-21.78 კვ.მ., ს.კ. 2-----------.; ასევე ი---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 1940.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-144.00 კვ.მ. და N 02-30.00 კვ.მ. ს.კ. 2-----------.
2008 წლის 23 ივლისს გ------- ა------ესთან გაფორმდა დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო 29000.00 აშშ დოლარი, 28 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, პირგასამტეხლო - 0.5%. იმავე დღეს თ---------- ფ---------ესთან და ო----- ჯ----–--ესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
2010 წლის 25 მარტს გ------- ა------ესთან, ა------ ა------ესთან, ი---- გ-----–--ესთან, თ---------- ფ---------ესთან და ო------ ჯ----–--ესთან გაფორმდა დამატებით შეთანხმება დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, შედგა ახალი გრაფიკი და განისაზღვრა მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის წესი.
2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „ს----------–---------სა“ და სს „პ-----------ის“ შერწყმა, შესაბამისად სს „ს----------–---------“ წარმოადგენს სს „პ-----------ის“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და განმარტა, რომ ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულების გრაფიკი, მოპასუხეთა ზეპირი თხოვნით შედგა ახალი გრაფიკი, რადგან ამ გარიგებისთვის საჭირო აღარ იყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება. საბანკო ამონაწერებიდან ჩანს, რომ მათ ბოლო გადახდა განახორციელეს 2011 წლის 28 მარტს. მოხდა ბანკების შერწყმა, და არაფრით არ დასტურდება მოპასუხეთა მხრიდან დავალიანების დაფარვის(გადახდის) ფაქტი. შესაბამისი გაფრთხილებებიც არსებობს ამის თაობაზე. კანონმდებლობით დათქმა, რომ ბანკმა 3 წლის მანძილზე უნდა მიმართოს სასამართლოს, კრედიტორს არ აქვს. თუ მოპასუხეებმა აწარმოეს გადახდები, შესაბამისი გადახდის ქვითრებიც უნდა ჰქონდეთ თან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ერთობლივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ გ------- ა------ეს არანაირი დავალიანება არ გააჩნია, ამასთან მოთხოვნა ხანდაზმულია. მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2012 წლის 07 მარტს. მის შემდეგ გადახდა არ განხორციელებულა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ------- ა------ემ და მისმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მიუთითეს სარჩელის ხანდაზმულობასა და უსაფუძვლობაზე.
მოპასუხეებმა თ---------- ფ---------ემ, ო------ ჯ----–--ემ, ა------ ა------ემ და ი---- გ-----–--ის წარმომადგენელმა გ------- ა------ემ განმარტეს, რომ მათ არანაირი დავალიანება არ აქვთ და მათი ქონებების რეალიზაციის მოთხოვნა უსაფუძვლოა მოსარჩელის მხრიდან.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ივლისს სს „ტ----------- ბ---სა“ და გ------- ა------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N ქ-676, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50000.00 აშშ დოლარით, 28 თვის ვადით. ხელშეკრულებით მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N ქ-676 (ს/ფ 19-23);
3.1.2. დადგენილია, რომ 2008 წლის 17 ივლისს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------ ა------ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 2475.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-320.00 კვ.მ. და N 02-21.78 კვ.მ., ს.კ. 2-----------.; ასევე ი---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 1940.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-144.00 კვ.მ. და N 02-30.00 კვ.მ. ს.კ. 2-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება N ქ-676-1 (ს/ფ 24-30);
- იპოთეკის ხელშეკრულება N ქ-676-2 (ს/ფ 31-38);
3.1.3. დადგენილია, რომ 2008 წლის წლის 23 ივლისს გ------- ა------ესთან გაფორმდა დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო 29000.00 აშშ დოლარი, 28 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, პირგასამტეხლო - 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N ქ-676-1 (ს/ფ 38-40);
3.1.4. დადგენილია, რომ 2008 წლის წლის 23 ივლისს თ---------- ფ---------ესთან და ო----- ჯ----–--ესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N ქ-676-1/1 (ს/ფ 40-41);
- ხელშეკრულება N ქ-676-1/2 (ს/ფ 42-45);
3.1.5. 2010 წლის 25 მარტს გ------- ა------ესთან, ა------ ა------ესთან, ი---- გ-----–--ესთან, თ---------- ფ---------ესთან და ო------ ჯ----–--ესთან გაფორმდა დამატებით შეთანხმება დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, შედგა ახალი გრაფიკი და განისაზღვრა მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის წესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება N ქ-676 (ს/ფ 43-47);
3.1.6. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „ს----------–---------სა“ და სს „პ-----------ის“ შერწყმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 48-59);
3.1.7. დადგენილია, რომ ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხე პერიოდულად იხდიდა თანხებს, ხოლო ბოლო გადახდა კი განხორციელებულია 2011 წლის 28 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს/ფ 49-59, 87-100),- მხარეთა ახსნა-განმარტებები (ს/ფ 2018 წლის 27 თებერვლის სასამ.სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ბანკის წინაშე გ------- ა------ის დავალიანება შეადგენს 54785.24 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 18191.07 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 36594.17 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა შემდეგი ქონებები: 1. ა------ ა------ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 2475.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-320.00 კვ.მ. და N 02-21.78 კვ.მ., ს.კ. 2-----------.; 2. ი---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 1940.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-144.00 კვ.მ. და N 02-30.00 კვ.მ. ს.კ. 2-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს/ფ 48),- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს/ფ 31-37),- სარჩელი.
3.2.2. მსესხებელსა და თავდებებს 2016 წლის 11 მარტსა და 2016 წლის 28 თებერვალს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ 2018 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი),-შეტყობინებების დასტურები (ს/ფ 63-66)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 128-130-ე, 137-ე, 144-145-ე, 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, 2008 წლის 23 ივლისს სს „ტ----------- ბ---სა“ და გ------- ა------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო 29000 აშშ დოლარი, 28 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. თ---------- ფ---------ესთან და ო----- ჯ----–--ესთან კი გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------ ა------ის და ი---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. 2010 წლის 25 მარტს გ------- ა------ესთან, ა------ ა------ესთან, ი---- გ-----–--ესთან, თ---------- ფ---------ესთან და ო------ ჯ----–--ესთან გაფორმდა დამატებით შეთანხმება დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, შედგა ახალი გრაფიკი და განისაზღვრა მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის წესი.
მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დადგენილ დროში ვერ დააბრუნა სრულად სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეთა მიერ წერილობით იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე 0.5 %-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
6.4. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს პერიოდულად უნდა განეხორციელებინა კრედიტის თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნება კრედიტორისათვის, მან ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2011 წლის 28 მარტს, როცა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად აღარ გადაიხადა თანხა, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა, შესაბამისად, იგი დასრულდა 2014 წლის 28 მარტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
კანონის ეს რეგულაცია უნდა გავრცელდეს მოპასუხეებზეც, რომლის მიმართაც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
შესაბამისად ვერ მოხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების (ა------ ა------ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 2475.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-320.00 კვ.მ. და N 02-21.78 კვ.მ., ს.კ. 2-----------.; ასევე ი---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული, წ---–-------ს რაიონის, სოფ. პ----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით - 1940.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N 01-144.00 კვ.მ. და N 02-30.00 კვ.მ. ს.კ. 2-----------) იძულებითი რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–---------ს'' სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3825.55 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხები:
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”ს----------–---------ს” სარჩელი (წარმომადგენელი გ------- ც------) არ დაკმაყოფილდეს (ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო);
2. მოსარჩელის სს ”ს----------–---------ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე