გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2018
საქმის ნომერი
110310118002300528
კატეგორია
დავის ტიპი
ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310118002300528

№3/20-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.04.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი, ნათია ლუტიძე, მარინა კვინიკაძე

მოსარჩელე - ნ--ო ნე------ძე;

წარმომადგენელი: კ--ა შა-----–-ძე;

მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ;

წარმომადგენელი: მ--ა გუ-----–ი, მა-–--ზ მა-------ანი ;

დავის საგანი - ნორმატიული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, შრომის ანაზღაურების თანხის დანაკლისის გადახდა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ (მე-3, მე-4 მუხლისა და დანართ N1-ის 35-ე პუნქტი). დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ახალი ნორმატიული ხასიათის აქტი, რომლითაც მე-3 რანგის 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი იქნება აღდგენილი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნ--ო ნე------ძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 თებერვლის N43 213 ბრძანება;

1.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 2018 წლის იანვარ-თებერვლის თვეზე ნ--ო ნე------ძის შრომის ანაზაღაურებაზე დანაკლისი თანხის - 320 ლარის გადახდა;

1.4. მოსარჩელე დაუყონებლივ იქნეს აღდგენილი სამსახურში და მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 202 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით. გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 569 ბრძანებით დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და მოსარჩელე დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა საჯარო მოხელეების იერარქიულ რანგებში განაწილება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 ივნისის N43 476 ბრძანებით, თანამდებობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, იურიდიულ განყოფილებაში მოსარჩელის ფუნქციებიდან და კომპეტენციებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია გარდაიქმნა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად და სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა 2018 წლის 22 თებერვლამდე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის N43/9805 მიმართვის საფუძველზე, საკრებულომ დაამტკიცა, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რითაც კანონიერად შენარჩუნებული იყო მაღალი რანგის პოზიცია და შემცირებას დაექვემდებარა უფრო დაბალი რანგის პოზიცია. მიაჩნია, რომ უკანონოდ გამოიცა სადავო ნორმატიული აქტი და თანმდევი ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების თაობაზე. უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, ამასთან მისი შრომის ანაზღაურება შეგნებულად ძველი და არამოქმედი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით აუნაზღაურდა, რის გამოც იანვარ-თებერვლის თვეში განიცადა მოსარჩელემ სახელფასო დანაკლისი 320 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 2018 წლის 22 თებერვლამდე ახორციელებდა უფლებამოსილებას მობილობის პროცედურების დასრულებამდე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გაგზავნილი 43/9928 წერილის საფუძველზე, საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბერს N45 დადგენილებით მიიღო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მერიის ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 04 იანვარს. საკრებულომ იმავე დღეს მომართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას N44/7 წერილით, რომლითაც აცნობა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის თაობაზე გამოქვეყნებულ საკრებულოს N45 დადგენილებაში და აღნიშნა, რომ ის გასწორდებოდა პირველსავე საკრებულოს სხდომაზე. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე მხარეც იყო ინფორმირებული. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 31 იანვარს შესაბამისი ცვლილებით განახორციელა ტექნიკური ხარვეზის გასწორება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად წერილობით ოფიციალურად აცნობა მოსარჩელე მხარეს შტატის შემცირების თაობაზე. რაც შეეხება კონკრეტული შტატის შემცირებას, ხელმძღვანელმა პირმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ფუნქციებიდან გამომდინარე და მიზანშეწონილად მიიჩნია მე-3 რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის შტატის შემცირება და არსებული ფუნქციების მე-2 და მე-3 კატეგორიის უფროსს სპეციალისტებზე გადანაწილება. ახალი თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება განხორციელდა 2018 წლის 31 იანვარს, აღნიშნული პერიოდისთვის შემცირებული იყო მოსარჩელის შტატი და მასზე ვერ გავრცელდებოდა 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების მოქმედება, რადგად აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლში მითითებულია, რომ ,,დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე". მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დამაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა წარმომადგენელი, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 02 თებერვლის N43 202 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 02 თებერვლის N43 202 ბრძანება;

 

3.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 01 მაისის N43 569 ბრძანებით, მოსარჩელეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2015 წლის 01 მაისის N43 569 ბრძანება;

 

3.3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა საჯარო მოხელეების იერარქიულ რანგებში განაწილება და გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 514 ბრძანებით მოსარჩელე გადაინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებილის 2017 წლის 29 ივნისის N43 514 ბრძანება;

 

3.4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2017 წლის 19 დეკემბერს, დაიწყო რეორგანიზაცია საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N43 1259 ბრძანება რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;

 

3. 5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრეს N43/9805 მიმართვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები". იურიდიულ განყოფილებაში შენარჩუნებული იყო მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის N 43/9805 მიმართვა;

 

3.6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43/9928 მიმართვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები"(კორექტირებული ვარიანტი, სადაც იურდიულ განყოფილებაში შემცირდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებით დაამტკიცა, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები" („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ გვერდზე განთავსდა 2018 წლის 04 იანვარს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N 43/9928 მიმართვა;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3. 7. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ განყოფილებაში შენარჩუნდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ"

 

3.8. 2018 წლის 04 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N44/7 წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სადაც მიუთითა, რომ დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი იურდიულ განყოფილებაში მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად მიეთითა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და აღნიშნული უზუსტობა აღმოიფხვრებოდა საკრებულოს პირველსავე სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N44/7 წერილი.

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #5 სხდომის ოქმის ამონაწერი;

 

3.9. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის N98-43 მიმართვით მოსარჩელეს ეცნობა მის მიერ დაკავებული პოზიციის შემცირების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის N 98-43 მიმართვა;

 

3.10. 2018 წლის 12 იანვრის N104-43 წერილით მოსარჩელემ მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა განმარტებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის N98-43 მიმართვასთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის 2018 წლის 12 იანვრის N 104-43 მიმართვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერისადმი;

 

3.11. 2018 წლის 24 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა N43/489 წერილით მიმართა ს.ს.ი.პ ,,საჯარო სამსახურის ბიუროს" მოსარჩელის საშტატო პოზიციის შემცირებისა და მის მიმართ მობილობის განხორციელების თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 იანვრის 43/489 მიმართვა;

 

3.12. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 30 იანვარს N43/618 წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილების პროექტი ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N 43/618 მიმართვა;

 

3.13. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", სადაც შემცირდა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება ;

 

3.14. მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა, მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის რანგში, 2018 წლის 22 თებერვლამდე და მას არ მიუღია 2018 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების განსხვავებული ხელფასი, რაც შეადგენს 320 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი;

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 თებერვლის N43 213, ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის”, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ნ--ო ნე------ძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ამ კანონის შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება; „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო 61-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თნახმად: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების მოხელეთა თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.

 

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად: საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში – შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან შეთანხმებით.

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43/9928 მიმართვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები"(კორექტირებული ვარიანტი, სადაც იურდიულ განყოფილებაში შემცირდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი). ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებით დაამტკიცა, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები" („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ გვერდზე განთავსდა 2018 წლის 04 იანვარს). საკრებულომ წარდგენილი პროექტი განიხილა და მიიღო ცვლილებების გარეშე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #5 სხდომის ოქმის ამონაწერით; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ განყოფილებაში შენარჩუნდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; 2018 წლის 04 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N44/7 წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სადაც მიუთითა, რომ დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი იურიდიულ განყოფილებაში მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად მიეთითა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და აღნიშნული უზუსტობა აღმოიფხვრებოდა საკრებულოს პირველსავე სხდომაზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარის N3 დადგენილებით დამტკიცდა ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", სადაც შემცირდა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობის შემცირება. რამაც ასახვა ვერ ჰპოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებში, საკრებულოს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო, თუმცა გასწორდა მოგვიანებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარის N3 დადგენილებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1102-1096(კ-17)) მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს.

 

რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება ორგანომ შესაძლებელია განახორციელოს თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის, მათი საჭიროების შესაბამისად, რაც დამსაქმებლის სრული დისკრეციაა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მერიას არ ქონდა რანგით მაღალი თანამდებობის შემცირების უფლება, როდესაც ტოვებდა რანგით დაბალ თანამდებობას. მითითებული არ გამომდინარეობს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან და არც საქართველოს მთავრობის 2017 წლის #215 და #218 დადგენილებებიდან.

 

ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების მოქმედება გაევრცელებინათ 2018 წლის 01 იანვრიდან, შემდეგ გარემოებათა გამო: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას ნორმატიული აქტის მოქმედება გავრცელდეს აქტის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებზე, რის თაობაზეც მითითებული უნდა იქნას ნორმატიულ აქტში. საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება შეიცავს ნორმის უკუძალის დამდგენ დებულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადაო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში მოდის იმ საკანონმდებლო აქტებთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის”, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების გამოცემისას არ დარღვეულა ნორმატიული გამოცემის პროცრდურა, იგი შეესაბამება მითითებული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს და არ არსებობს სადაო აქტის ბათილობის საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

ევროპის სოციალური ქარტიის, პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; ხოლო 24-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ნ--ო ნე------ძის თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლი შესაბამისად: საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რეორგანიზაციამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ განყოფილებაში იკავებდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას, განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი, რაც გახდა საფუძველი მის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყების და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა განთავისუფლდა სამსახურიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის შემცირებით შეიქმნა მისი დათხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძვლები. 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 თებერვლის N43 213 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.5. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ნ--ო ნე------ძის სამსახურში აღდგენა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ნ--ო ნე------ძის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იურიდიულ განყოფილენაში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 2018 წლის იანვარ-თებერვლის თვეზე ნ--ო ნე------ძის შრომის ანაზაღაურებაზე დანაკლისი თანხის - 320 ლარის გადახდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისაად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--ო ნე------ძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობას აგრძელებდა 2018 წლის 22 თებერვლამდე და ეკავა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. ასევე დადასტურებულია რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 01 იანვრიდან, შესაბამისად ნ--ო ნე------ძეზე უნდა გაიცეს ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 01 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 320 ლარს.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.8. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ნ--ო ნე------ძის მოთხოვნები უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არ არსებობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 თებერვლის N43 213 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე მოსარჩელე ნ--ო ნე------ძის საქართველოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში აღდგენის და იძულებითი განაცდურის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში - 150 ლარი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კონკრეტულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--ო ნე------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას (ს.კ 2-------- ) მოსარჩელე ნ--ო ნე------ძის (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის იანვარ-თებერვლის შრომის ანაზღაურებაზე დანაკლისი თანხის - 320 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

3. მოსარჩელე ნ--ო ნე------ძეს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, საერთო ჯამში 150 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 300193150 (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 12.02.2018წ, გადამხდელი ნ--ო ნე------ძე, საგადახდო დავალება N101, გადახდის თარიღი 12.02.2018წ, გადამხდელი ნ--ო ნე------ძე ) ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი