გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310117002137564
საქმე № 3/295-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი: გ------ კ------
მოპასუხეები: შპს ,,ს-------------” s---------, თ-------- თ----ე, ქ------- შ-----–ია, შპს ,,ს------- თ------–ი”
წარმომადგენელი: ი-----–- ხ-----
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ს------------- s---------”-ს, თ-------- თ----ის, ქ------- შ-----–იას და შპს ,,ს------- თ------–ი”-სერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
სარჩელის თანახმად, შპს ,,ს------------- s---------”-ს (საიდენტ. კოდი 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; იგი სამეწარმეო საქმიანობას (სპორტსმენებისთვის მომსახურების გაწევა სასტუმროთი და კვებით) ახორციელებს გორში, ს-------- ქ. №---ში, იმ ფართში, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია თ-------- თ----ე (პ/ნ 5----------) რომლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ქ.გორი, ს-------- ქ. №--.
2017 წლის 31 იანვარს თ-------- თ----ის მეუღლემ - ქ------- შ-----–იამ (პ/ნ5----------) დააფუძნა შპს ,,ს------- თ------–ი” (ს/ნ 4--------), სადაც შპს-ს დირექტორი არის თ-------- თ----ე, ხოლო 100% წილის მფობელი ქ------- შ-----–ია. იურიდიული მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა, რაც შპს ,,ს------------- s---------’-ის შემთხვევაში.
მაშასადამე, თ-------- თ----ე შპს შპს ,,ს------------- s---------”-ის საქმიანობის შეჩერების შემდგომ შპს ,,ს------- თ------–ი”-ს სახელით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საგადასახადო საქმიანობის გადასახადის გადახდევინების ღონისძიებისთვის თავის არიდების მიზნით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მითითება არასწორია, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა განხორციელებული ოპერაციების ფორმასა და შინაარსს შორის კონფლიქტის არსებობა. მათ ერთმანეთთან არ აქვთ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმიანობის პირობებსა თუ ეკონომიკურ შედეგზე. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა შორის არსებულ იმდაგვარ ურთიერთობას, თუ საქამიანობას, რამაც განაპირობა რომელიმე მათგანის მიერ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის თავის არიდება.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ს------------- s---------” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 21 თებერვლიდან, მისი იურიდიული მისამართია გორი, ს-------- ქ. №--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2.2. შპს ,,ს-------------”-ს s----------ის (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 38437,66 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. შპს ,,ს------- თ------–ი” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2017 წლის 31 იანვრიდან. მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ს-------- ქ. №--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 31 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 04 დეკემბრის №46273 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ს------------- s---------” (ს/ნ 4--------)საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 04 დეკემბრის №46273 ბრძანება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ს-------------”-ს s---------”-ის დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლოს შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ერთმანეთის ნათესავები, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვერც ეს ფაქტი გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეების ერთი და იგივე საქმიანობის იმავე ადგილზე განხორციელება, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მატერიალური ფასეულობების გადაცემა, შეიძლება, მართლაც ქმნიდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ამ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.
ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
დადგენილია, რომ შპს ,,ს-------------” s--------- სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 21 თებერვლიდან, მისი იურიდიული მისამართია გორი, ს-------- ქ. №--. შპს ,,ს------------- s---------”-ის საქმიანობა იყო სპორტსმენებისთვის მომსახურეობის გაწევა სასტუმროთი და კვებით, ხოლო 2017 წლის 31 იანვარს ქ------- შ-----–იამ დააფუძნა ,,ს------- თ------–ი”, სადაც შპს-ს დირექტორი არის თ-------- თ----ე, ხოლო 100% წილის მფლობელი ქ------- შ-----–ია, შპს ,,ს------- თ------–ის” და შპს ,,ს------------- s---------”-ის საქმიანობის ადგილი და სახე არის ერთმანეთის იდენტური, სასამართლო თვლის, რომ მოცემული გარემოებების გამო, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება, უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს ,,ს-------------” s----------ს მიერ საქმიანობის შეჩერების შემდგომ მოხდა საქონლის გადაწერა სარჩელში მითითებულ სხვა მოპასუხეებზე, ასევე არ არის წარმოდგენლი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თ-------- თ----ე არ ფლობს წილს შპს ,,ს------- თ------–ი”-ში და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხედ მითითებული შპს ,,ს------- თ------–ი” და შპს ,,ს------------- s---------”-ი ერთსა და იმავე მისამართზე ახორციელებდნენ საქმიანობას, ვერ გახდება მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილთან, რომლის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს; ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი უდავო მტკიცებულებ არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებათა დასადასტურებლად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს შორის მხოლოდ ნათესაური კავშირის ქონა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, რაც გულისხმობს მათ ეკონომიკურ ხასიათსაც, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განმარტებული იქნას მათ ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ერთერთ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, არ შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრებისთვის შემზღუდავი მათ ურთიერთობაში, საკმარისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.
6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ს------------- s---------“-ის, თ-------- თ----ის, ქ------- შ-----–იას და შპს ,,ს------- თ------–ი”-ს მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე ნინო გერგაული