გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/5–2018) 090310018002292174
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი
ქ.ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
მოსარჩელე – გ----------------
მოპასუხე – ა-------–-------------–----–----------------
წარმომადგენელი – ი--------------
თ------------–---–-
დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის გაუქმება, სამუშაოზე აღდგენის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1.1. ა-------–-------------–----–-------- მერის 2018 წლის 8 იანვრის N---- ბრძანების გაუქმება, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გათავისუფლების დღიდან, 2018 წლის 8 იანვრიდან, სამსახურში მთელი არ ყოფნის დრომდე, ხელფასის ანაზღაურება (ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს 1 500 ლარს) 2.მოსარჩელის არგუმენტაცია 2014 წლის 8 აგვისტოდან სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა ა-------–------------–----–----------ამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში უფროსის თანამდებობაზე. (ა-------–-------------–----–-------- გამგებლის N------ 2017 წლის 03 ივლისის N-------------ა, სადაც ფიქსირდება, რომ მიენიჭა რანგის პროფესიული მოხელის წოდება). საქართველოს პარლამენტმა, მთავრობის ინიცირებით, 2017 წლის 15 ივლისს მიიღო დადგენილება N987, რომლითაც შეიქმნა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები, ხოლო მეორეს მხრივ გაუქმდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში თემები. დღევანდელი მოცემულობით გაერთიანდა ერთეულები, რაც მოიცავს ქალაქის თემის გაერთიანებას, შესაბამისად ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული – ა-------–-------------–----–-------- მერია, დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, მოხელეთა შეფასების შემდგომ მობილობის პროცესის განხორციელების საფუძველზე მოხდა მოხელეთა თანამდებობებზე გამწესება ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. გ----------------, შეფასებულია შემდეგნაირად: შეფასება–კარგი, შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. ა-------–-------------–----–-------- მერის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით, მობილობის განუხორციელებლობის საფუძვლით, გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რასაც არ ეთანხმება და მიაჩნია რომ არის უსაფუძვლო, ვინაიდან არსებითად დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილება – პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, კერძოდ ამ კანონის 52–ე მუხლით დადგენილი მობილობის წესი. მოსარჩელემ, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე წარმოადგინა მოსაზრება, სადაც მიუთითებს შემდეგს: ქ. ამბროლაურის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების მიზნით შექმნილმა კომისიამ, ე-----–------------ (ა(ა)იპ ქ.ამბროლაურის კომუნალური სამსახურის დირექტორი) თავმჯდომარეობით მოახდინა ქ. ამ------–----------------------------------------------ახურის უფროსის შეფასება და მიანიჭა ,,საუკეთესო". ვინაიდან იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რადგანაც ა(ა)იპ დაფინანსებასა და მის ფინანსურ ოპერაციებზე კონტროლს ახორციელებს მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური. კომისიის გადაწყვეტილების ობიექტურობა ეჭვქვეშაა. მოსარჩელის მობილობის არ განხორციელების ძირითად მიზნად მოყვანილია ა-------–-------------–----–-------- 2014–2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული დარღვევა–ნაკლოვანებები. მერიამ ნებსით თუ უნებლიედ ვერ გაითვალისწინა, რომ 2014 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, ა-------–-------------–----–-------- გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს ხელმძღვანელობდა მერის დღევანდელი საფინანსო სამსახურის უფროსი და 2014 წელში დაფიქსირებულ დარღვევების უმრავლესობა იმ პერიოდში განხორციელდა, ხოლო გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად მოსარჩელე დაინიშნა იმავე წლის 8 აგვისტოდან. აღნშნავს, რომ მის პასუხისმგებლობას არ გაურბის. აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული დარღვევა–ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო აუდიტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტის დეპარტამენტს გაეგზავნა გასატარებელი ღონისძიებების გეგმა(მუნიციპალიტტეის გამგებლის 2016 წლის 21 ივლისის N3679 წერილი). კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ეტაპობრივად ეგზავნებოდა აუდიტის სამსახურს, კერძოდ: ფინანსური ანგარიშგებებისას დარღვევების გასწორება აისახა სახელმწიფო აუდიტის ,,ცაგერის, ლენტეხის, ,,ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში 2011– 2015 წლების აუდიტის საჯარო განხილვის ანგარიშში. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის და 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სრულად იქნა ამოღებული ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხელშეკრულებების პირობების დარღვევისათვის მომწოდებელზე დაკისრებული ჯარიმები. აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული დარღვევა–ნაკლოვანებები მოიცავს გამგეობის ყველა სტრუქტურულ ერთეულს, მაგრამ ამ ერთეულების პასუხისმგებელი თანამშრომლების მობილობაზე გავლენა არ მოუხდენია, რაც ბადებს ეჭვს, რომ აუდიტის ანგარიში გამოყენებული იქნა შერჩევითი სამართლის გასატარებლად. ასევე დარღვევები არ გაუთვალისწინებიათ, 2014–2015 წლებში საბუღალტრო–აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილების სპეციალისტის მობილობისას, აგრეთვე ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსისა და მისი სპეციალისტის მობილობისას. მართალია, მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამი ახალი სამსახური, მაგრამ აქაც არ განახორციელეს მისი მობილობა. იგნორირება მოხდა საქართველოს მთავრობის N119 მობილობის წესისა და N218 პროფესიულ მოხელეთა თითოეული იერარქიული რანგისათვის სპეციალური მოთხოვნების დადგენილებების. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მის მიმართ დაირღვა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის მოთხოვნა ,,კანონის წინაშე თანასწორობა". საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, რადგან მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა, ვინაიდან შეთავაზება არც ტოლფასი თანამდებობის და არც დაბალ თანამდებოდბაზე გამწესების შესახებ არ მომხდარა, პირდაპირი წესით კი საჯარო მოხელის რეზერვში ჩარიცხვა მობილობის წესის განუხორციელებლობის მოტივით არ გამომდინარეობს კანონიდან. 3.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–11ს დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტად. შესაბამისად განხორციელდა ა-------–-------------–----–--------ა და ქ. ა-------–-------------–----–-------- ლიკვიდაცია. აღნიშნული საჯარო დაწესებულებებიდან პროფესიულ საჯარო მოხელეთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მოხდა 2017 წლის 22 სექტემბერს. გაფრთხილება მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გ---------------- ჩაბარდა 2017 წლის 22 სექტემბერს. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. ა-------–-------------–----–-------- მერიისა და ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების მიზნით შექმნილმა კომისიებმა მოახდინეს გასათავისუფლებელი მოხელეების შეფასება. აღნიშნული შეფასების შესაბამისად, გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გ----------------ა მიიღო ,,კარგი“ შეფასება. ხოლო ქ. ა-------–-------------–----–-------- მერიის საბიუჯეტო–საფინანსო სამსახურის უფროსმა ,,საუკეთესო შეფასება“. შეფასების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მხრივ გასაჩივრებული არ ყოფილა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, არჩეულ მერს დაევალა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყო 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა მობილობის წესით ახალ მუნიციპალიტეტში გადაყვანა. 2017 წლის 20 ნოემბრის წერილობითი მომართვით, საჯარო სამსახურის ბიურომ ა-------–-------------–----–-------- მერს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 105–ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოხელეთა მობილობაზე თანხმობისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოუდგინა შეფასების კომისიების ოქმები და შემცირებული პროფესიულ–საჯარო მოხელეთა სია. 2017 წლის 01 ივლისიდან, გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიცია გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციად და გ---------------- გახდა პროფესიული საჯარო მოხელე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156–ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის დაწესებული ზღვრული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, ახალი ა-------–-------------–----–-------- მერიის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 118 ერთეულით. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2017 წლის 20 ნოემბერს. საფინანსო სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 8 ერთეულით, მაშინ, როდესაც გამგეობასა და მერიაში, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელთა ერთიანი რაოდენობა იყო 17 ერთეული. აღნიშნული სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობა ჯამში შემცირდა 9 ერთულით. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა დაწესებულებებთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილი იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არ არსებობისას– დაბალ თანამდებობაზე. გაუქმებული მუნიციპალიტეტის მოხელეები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის შესაბამისად, მობილობით გადმოვიდნენ ახალ ა-------–-------------–----–-------- მერიაში. მობილობის დროს გათვალისწინებული იქნა კომისიის შეფასების შედეგები, მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოები, მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება. საფინანსო სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატურის განხილვისას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილი ა-------–-------------–----–-------- 2014–2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ამბროლაურის გამგეობის საფინანსო სამსახურს დაუდგინდა მთელი რიგი დარღვევები: ა-------–-------------–----–-------- გამგეობამ 2015 წელს, ორ შემთხვევაში დაარღვია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, ბიუჯეტის ცვლილებები ერთი თვის ვადაში არ წარუდგინა საკრებულოს გამგეობას. საკრებულოში 2014 წლის მეორე კვარტლისა და 2015 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა არ წარუდგენია. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ მოიცავს განმარტებებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობა 30%–ს აღემატება. 2014–2015 წლებში, მუნიციპალიტეტმა მონეტარული ზღვრების და/ან დამტკიცებული გეგმის დარღვევით განახორციელა 14 სახელმწიფო შესყიდვა, ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით 203.2 ათასი ლარი. შესყიდვების წლიური გეგმის შეუსაბამოდ ჩატარდა 363.3 ათასი ლარის ღირებულების 84 სახელმწიფო შესყიდვა. 2014 წელს გამგეობის მიერ დადებულია 134 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის განთავსებული. 171 გამარტივებული შესყიდვისა და 123 სატენდერო ხელშეკრულება, რეგისტრირებულია დაგვიანებით, გაფორმებიდან 10 დღის ვადის გასვლის შემდეგ. 2014–2015 წლებში 461 ხელშეკრულებიდან სისტემაში ატვირთულია მხოლოდ 2 ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2014–2015 წლებში, მუნიციპალიტეტს, დარიცხული საჯარიმო სანქციებიდან არ მიუღია 172.0 ათასი ლარი. 7 ხელშეკრულების შემთხვევაში საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტები გაფორმდა და ანგარიშსწორება განხორციელდა მიმწოდებლის მხრიდან საჯარიმო თანხების გადახდამდე. ანაზღაურების მიღების შემდეგ, მიმწოდებლის ნაწილმა, 34.4 ათასი ლარის პირგასამტეხლო აღარ გადაიხადა. კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი 2014–2015 წლებში არ ახორციელებდა ფინანსურ აღრიცხვას. არ ადგენდა პერიოდულ და წლირ ფინანსურ ანგარიშგებებს. არ ჩაუტარებია ინვეტარიზაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ა-------–-------------–----–-------- მერიაში, გ----------------ს მობილობა ვერ განხორციელდა და ,,საჯარო სამსახურის ბიუროს“ ეთხოვა საჯარო დაწესებულებაში არსებული მისთვის შესაფერისი ვაკანტური თანამდებობის მოძიება. საჯარო სამსახურის ბიურომ, 2017 წლის 20 დეკემბერს, ა-------–-------------–----–-------- მერს, საჯარო სამსახურის შესახებ საქარველოს კანონის 104–ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად წარუდგინა, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოძიებული ინფორმაცია პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის შესახებ, კერძოდ: ცაგერის რაიონულ სასამართლოში არსებული პოზიციები. 2017 წლის 22 დეკემბერს, ცაგერის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა ყველა იმ პიროვნების მონაცემები, რომლებიც ვერ დასაქმდნენ ა-------–-------------–----–-------- მერიაში და წარმოადგენდნენ გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს. 2017 წლის 29 დეკემბერს, ცაგერის რაიონული სასამართლოდან მიღებული იქნა წერილი აპარატში ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------------------, მობილობით საჯარო დაწესებულებაში გადასვლის თაობაზე, შეთავაზება ვერ განხორციელდა, მიეცა შესაბამისად სამი თვის კომპენსაცია და მისივე თანხმობით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხეზე მხარის, ა-------–-------------–----–-------- მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგაბელშია აღნიშნული.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ა-------–-------------–----–-------- გამგებლის 2014 წლის 08 აგვისტოს ბრძანებით გ---------------- დაინიშნა ა-------–-------------–----–-------- გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსხურის უფროსად. აღნიშნულ ბრძანებაში, 2017 წლის 03 ივლისს შევიდა ცვლილება და გ---------------- დაინიშნა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პირველად სტრუქტურული ერთეულის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. საბოლოოდ მისი თასნამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2-13);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
3.ა-------–-------------–----–-------- გამგებლის 2014 წლის 08 აგვისტოს N----- ბრძანება გ----------------ს ა-------–-------------–----–-------- გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად დანიშვნის შესახებ (ს.ფ.15);
4. ა-------–-------------–----–-------- გამგებლის 2017 წლის 03 ივლისის N1193 ბრძანება ,,გ----------------ს ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად დანიშვნის შესახებ“ ა-------–-------------–----–-------- გამგებლის 2014 წლის 08 აგვისტოს N----- ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ(ს.ფ.16–17);
5.ა-------–-------------–----–-------- საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N02 განკარგულება ,,ა-------–-------------–----–-------- გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. ა-------–-------------–----–-------- საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ს.ფ.23–27);
6.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
7.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
4.1.2.,,გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ,“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივლისის N987 – II ს დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად – ამბროლაურის მუნიციპალიტეტად, ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურილი ერთეული – ა-------–-------------–----–-------- მერია, დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, მოხელეთა შეფასების შემდგომ მობილობის პროცესის განხორციელების საფუძველზე მოხდა მოხელეთა თანამდებობებზე გამწესება ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2-13);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
3.ა-------–-------------–----–-------- საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N08 დადგენილება ა-------–-------------–----–-------- გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გემგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ (ს.ფ.71–75);
4. ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებები(ს.ფ.77–79);
5..ა-------–-------------–----–-------- საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N18 დადგენილება ა-------–-------------–----–-------- მერიის თანამდებობიდ პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ (ს.ფ.89–96);
6.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
7.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
4.1.3.მოსარჩელე გ----------------, ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებით მიეცა ,, შეფასება–კარგი, შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“ ,რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2-13);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
3. ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებები(ს.ფ.20);
4.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. ა-------–-------------–----–-------- მერიისა და ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების მიზნით შექმნილმა კომისიამ გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსს გ---------------- მისცა ,,კარგი“ შეფასება. ხოლო ქ. ა-------–-------------–----–-------- მერიის საბიუჯეტო–საფინანსო სამსახურის უფროსს ,,საუკეთესო შეფასება“ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2-13);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
3. ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებები (ს.ფ.20–გ----------------ს მიმართ);
4.ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებები(ს.ფ.83 –ბეჟან კობახიძის მიმართ);
5.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
6.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ, ქ. ამბროლაურის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის საქმიანობაში, როცა ქ. ამ------–----------------------------------------------ახურის უფროსი შეფასდა, როგორც ,,საუკეთესო“, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რადგანაც მოსარჩელე მხარისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ კომისიას მოუხდებოდა ინდივიდუალურად ყველა პირის, მათ შორის ბეჟან კობახიძის შეფასება, რომელიც ქ. ამ------–----------------------------------------------ახურის უფროსს წარმოადგენდა, მაგრამ ამ მოტივით პრეტენზია არ განუცხადებია და არც მისი შეფასება ,,კარგი“ გაუსაჩივრებია.
4.2.2. მოსარჩელე გ----------------, ა-------–-------------–----–-------- გამგეობის 2017 წლის 22 სექტემბრის N4829 წერილობით ეცნობა მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
2. ა-------–-------------–----–-------- გამგეობის 2017 წლის 22 სექტემბრის N4829 წერილი(ს.ფ.80);
3.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
შესაგებელით ადმინისტრაციულ საქმეზე, ა-------–-------------–----–-------- გამგეობის 2017 წლის 22 სექტემბრის N4829 წერილით გ----------------სადმი, მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივლისის N987 – II ს დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ამბროლაურისა და ა-------–-------------–----–-------- გაერთიანების და თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბების შედეგად გაუქმდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარჩელე გაფრთხილდა, რომ ა-------–-------------–----–-------- ლიკვიდაციის გამო გათავისუფლებული იქმნებოდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, მისი მტკიცება, რომ გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე არ ყოფილა გაფრთხილებული მოსალოდნელ შედეგებზე, გაზიარებული ვერ იქნება.
4.2.3. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156–ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის დაწესებული ზღვრული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, ახალი ა-------–-------------–----–-------- მერიის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 118 ერთეულით. საფინანსო სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 8 ერთეულით, მაშინ, როდესაც გამგეობასა და მერიაში, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელთა ერთიანი რაოდენობა იყო 17 ერთეული. აღნიშნული სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობა ჯამში შემცირდა 9 ერთულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
2.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საშტატო ნუსხა(ს.ფ.89–96);
3.ა-------–-------------–----–-------- გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საშტატო ნუსხა(ს.ფ.71–76);
4.ქ. ა-------–-------------–----–-------- მერიის საშტატო ნუსხა.
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
4.2.4. ა-------–-------------–----–-------- მერის 2018 წლის 8 იანვრის N--- ბრძანებით, გ----------------, მობილობის განუხორციელებლობის გამო გათავისუფლდა ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და მიეცა სამი თვის კომპენსაცია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2-13);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
3. ა-------–-------------–----–-------- მერის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანება გ----------------ს, მობილობის განუხორციელებლობის გამო ა-------–-------------–----–-------- გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (ს.ფ.18–19);
4.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა პოზიციას, რომ საფინანსო სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატურის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილი ა-------–-------------–----–-------- 2014–2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ამბროლაურის გამგეობის საფინანსო სამსახურს დაუდგინდა გარკვეული დარღვევები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ დარღვევები არ გაუთვალისწინებიათ, ქ. ამ------–----------------------------------------------ახურის უფროსის, 2014–2015 წლებში საბუღალტრო–აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილების სპეციალისტის, აგრეთვე ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსისა და მისი სპეციალისტის მობილობისას. ვინაიდან აღნიშნულს განსახილველ საკითხთან კავშირი არ აქვს.
4.2.5. 2017 წლის 15 ნოემბერს, ახლადშექმნილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დადგენილებით, გაუქმდა ა-------–-------------–----–-------- გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობა, აღარ არსებობს ის თანამდებობა და საჯარო დაწესებულება, საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა. გათავისუფლებამდე საჯარო სამსხურის ბიუროს წერილით ეთხოვა საჯარო დაწესებულებათა სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიება, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა მობილობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
2.ა-------–-------------–----–-------- მერიის წერილი საჯარო სამსსახურის ბიუროსადმი(ს.ფ.132–134);
3.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
4.2.6.საჯარო სამსახურის ბიურომ, 2017 წლის 20 დეკემბერს, ა-------–-------------–----–-------- მერს მიაწოდა ინფორმაცია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოძიებული პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის შესახებ, კერძოდ: ცაგერის რაიონულ სასამართლოში არსებული პოზიციები, რაც რეალური არ აღმოჩნდა და გ----------------ს მობილობით გადასვლა საჯარო სამსახურში ვერ განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
2ა-------–-------------–----–-------- მერის 2017 წლის 22 დეკემბრის წერილი ცაგერის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარისადმი(ს.ფ.135–137);
3.ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის პასუხი ა-------–-------------–----–-------- მერისადმი(ს.ფ.138);
4.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ყველა ზომა მიიღო მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმებისათვის. სადავო არაა, რომ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, ხოლო პასუხის შემდგომ წერილით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს საჯარო სამსახურის ბიუროდან მიწოდებულ ვაკანსიებზე სხვა პირებთან ერთად გ----------------ს დასაქმებისათვის. მოპასუხე მხარეს არ შეიძლება სცოდნოდა საჯარო სამსახურის ბიუროდან შემოთავაზებული ვაკანსიების არ არსებობის შესახებ.
4.2.7.გ------------------, მობილობით საჯარო დაწესებულებაში გადასვლის თაობაზე, შეთავაზება ვერ განხორციელდა, მიეცა შესაბამისად სამი თვის კომპენსაცია და მისივე თანხმობით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.2-13);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.57–67);
3.მოსარჩელე გ----------------ს წერილობითი თანხმობა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე(ს.ფ.139);
4.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით. თვით მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ გამოთქვა თანხმობა საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე და მიიღო კომპენსაცია კანონის შესაბამისად
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
დასახელებული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ, ა-------–-------------–----–-------- მერიამ კანონით დადგენილი წესით აცნობა მოსარჩელეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მიიღო ყველა ზომა მობილობის წესით მისი დასაქმებისათვის, რაც არ განხორციელდა მოპასუხე მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვაზე, შესაბამისად მასზე გაიცა სამი თვის კომპენსაცია.
აღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ, რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად უსაფძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ მისი გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ გ----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი– ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს.
ამავე კოდექსის მე–10 მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილებანი.
დადგენილია, რომ გ----------------, მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციამდე, 2017 წლის 22 სექტემბერს წერილობით ეცნობა მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
ამავე კანონის 54–ე მუხლით რეგლამენტირებულია მერის უფლებამოსილება. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ პუნქტით, მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს,დადასტურებულია, რომ მერის წარდგინების საფუძველზე საკრებულომ 2017 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით დაამტკიცა ამბროლაურის მუნიციაპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა. შესაბამისი პროცედურები განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროსთან და ეთხოვა ლიკვიდაციის შემდგომ გასათავისუფლებელ მოხელეთა მონაცემების წარდგენა ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტში მოხელეთა მობილობის განსახორციელებლად.
7.2.,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
მითითებული მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
განსახილველ საქმეზე მოპსუხე მხარის მცდელობის მიუხედავად ვერ განხორციელდა მოსარჩელის მობილობით გადაყვანა, შესაბამისად იგი მისივე წერილობითი თანხმობით ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.
7.3.,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცდა პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი, რომელითაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები, ასევე საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხები.
,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“–ს პირველი მუხლის შესაბამისად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.
,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“–ს მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მობილობა განიმარტება როგორც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;
,,დ“ ქვეპუნქტით – მოხელეთა რეზერვი არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე, რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით;
,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“–ს მესამე მუხლის მეორე ნაწილით, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული.
მეოთხე მუხლით მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103–ე მუხლის მეორე ნაწილით, და ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“–ს მეექვსე მუხლის პირველი ნაწილით, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას.
,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“–ს მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილით, ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.
,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“–ს მე–11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.
მე–12 მუხლი განსაზღვრავს მობილობის წესს, რომლის პირველი ნაწილით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.
განსახილველ საქმეზე, საჯარო სამსახურის ბიურომ, ტერიტორიული პრინციპით მოიძია ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ, კონკრეტულად ცაგერის რაიონულ სასამართლოში, რაც რეალური არ აღმოჩნდა, შესაბამისად გ----------------ს მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო.
.,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“, მე–13 მუხლის პირველი ნაწილით, მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებულ პოზიციაზე, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.
განსახილველ საქმეზე, მას შემდეგ რაც მოსარჩელე დარწმუნდა მისი მობილობის წესით დასაქმების შეუძლებლობაზე, წერილობით განაცხადა თანხმობა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე და მიეცა სამი თვის კომპენსაცია.
7.4.,,საჯარო სამსახურის შეახებ“ საქართველოა კანონის 108–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
ამავე კანონის 110–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
ამავე კანონის 114–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე.
დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული გაუქმდა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წერილობით იქნა გაფრთხილებული გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
რაც შეეხება მის პოზიციას, რომ მისი სამსხურიდან გათავისუფლება მოხდა მობილობის კანონით დადგენილი წესის დარღვევით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც მოსარჩელის მიმართ მოპასუხე უწყების მხრივ სრულად იქნა კანონი დაცული და მობილობა ვერ განხორციელდა ვინაიდან, ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელი იყო.
7.5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ა-------–-------------–----–-------- მერის 2018 წლის 8 იანვრის N---- ბრძანება, გ----------------ს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ა-------–-------------–----–-------- მხრივ სადაო ბრძანების გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
8.1.1 ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ამბროლაური, მერაბ კოსტავას ქუჩა №13) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი