გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2018
საქმის ნომერი
110310117002220459
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110310117002220459

N3/159-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.04.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი, ნათია ლუტიძე, ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე და---- მა-----ძე,წარმომადგენელი: კ--ა შა-----–-ძე,მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: მა-–--ზ მა-------ანი;

მესამე პირები: ლე--- ურ----------ელი, კ--ა შა-----–-ძე, რო----ტ მა-----ძე, რო--- ჯუ----–ი, მა---- ცქ----–-ილი, გა-–-------ნ ვა----------ძე, ირ---–ი ფე---ძე, იგ---- ბე---ძე, ჯი-–-რ მა-----ძე, ოლ-- ჭა-------ძე, გ--ი თუ-------ძე, და---- ფე---ძე, კ--ა გე–-ძე, და---- ბა------ძე, თე---ზ შე-----–-–ვილი, მა-–--ზ სა----–-ძე, ოლ-------ე აბ-–--ე, მა-–--ზ ჯა------ვა, რუ------ნ გვ--–-----ი, ნა----–ა კა–----ძე, ილ-- არ----ძე, მა----ე ცქ--------–ვილი;

დავის საგანი ქმედების განხორციელების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის N4476 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის პრემიის გაცემა ამავე ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად.

 

1.2 გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა" და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ" კანონის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ( პროგრამული) ბიუჯეტი, რომლის ასიგნებებშიც გათვალისწინებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემირების თანხები შესაბამისი ოენობით. პროგრამული ბიუჯეტი, როგორც კანონი სავალდებულოა შესასრულებლად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს გამოიცა ბრძანება N4476 - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისთვის პრემიის გაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისთვის , გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიის გაცემას დანართი N1-ის მიხედვით. ბრძანება დანართით შემდგომი რეაგირებისთვის ელექტრონული სახით იმავე დღეს გაგზავნილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ბრძანება არ გასაჩივრებულა, შესულია ძალაში, თუმცა არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მანვე დაადასტურა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის N4476 ბრძანება არ გასაჩივრებულა და არც გაუქმებულა .

 

2. მესამე პირების პოზიცია

 

საქმეში ჩართულ მესამე პირებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. მესამე პირების წარმომადგენელმა კ--ა შა-----–-ძემ მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მისი დამაყოფილება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს გამოიცა ბრძანება N4476 - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისთვის პრემიის გაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიის გაცემას ბრძანების დანართი N1-ის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

ზესტაფონი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება N4476;

 

3.2. ბრძანება და N1 დანართი შემდგომი რეაგირებისთვის ელექტრონული სახით შესასრულებლად გაგზავნილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება N4476 კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, შესულია ძალაში და არც გაუქმებულა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის შესაგებელი;

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგანა თავის შკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელის დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისა და მესამე პირების მოთხოვნას წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული ბრძანების შესრულება და პრემიის მიღება. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნილი პრემიის თანხის გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

6.2. საქართველოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებიდან ერთ-ერთია - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;

 

6.3. ამავე კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ 11“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ორგანოს აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ „პროფესიულ საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2017 წლის 21 აპრილის #203 დადგენილება არ ითვალისწინებს წახალისების მიზნით საპრემიო თანხის გაცემას. ასევე საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის დეკემბერში გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით პრემიის გაცემის თაობაზე, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის N4476 ბრძანების შესრულების საფუძველი აღარ არსებობს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N4476 ბრძანება მიღებულია 2017 წლის 15 ნოემბრს, ხოლო საქართველოს მთვრობის 2017 წლის 21 აპრილის N203 დადგენილება „პროფესიულ საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ ამოქმედდა 2018 წლის 01 იანვარს, შესაბამისად დადგენილება ვერ მოაწესრიგებს 2018 წლის 01 იანვრამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება N4476 კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, იგი შესულია კანონიერ ძალაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ მიღებულა რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადაო განკარგულებაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე. ამდენად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანება N4476 კვლავ ძალაშია და მოპასუხე ორგანო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ ასრულებს;

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 -ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა მოსარჩელისა და მესამე პირებისათვის პრემიის თანხის გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირების ინდივიდუალურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელისა და მესამე პირების ინტერესების შეზღუდვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- მა-----ძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის N4476 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის პრემიის გაცემა ამავე ბრძანების დანართ N1-ის შესაბამისად;

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვპუნქტის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მხარემ ვერ დაასაბუთა და ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელთა გამო წინამდებარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება არ დგას საფრთხის ქვეშ და მისი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. შესაბამისად და---- მა-----ძის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში - 150 ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე და---- მა-----ძეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. და---- მა-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ნოემბრის N4476 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის პრემიის გაცემა ამავე ბრძანების დანართ N1-ის შესაბამისად;

 

2. მოსარჩელე და---- მა-----ძეს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, საერთო ჯამში 150 ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე: 300193150 (საგადახდო დავალება N4, გადახდის თარიღი 2017 წლის 18 დეკემბერი, გადამხდელი და---- მა-----ძე, საგადახდო დავალება N5, გადახდის თარიღი 2017 წლის 18 დეკემბერი, გადამხდელი და---- მა-----ძე);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი