გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
060210017002175209
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/839-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წ. ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

ს------------ რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე - ჰ----------------;

მოპასუხეები - თ----------------–-----, თ---------------;

წარმომადგენელი - ნ-----–---------–--;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს თ----------------–-----ს და თ---------------ს დაეკისროთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების საზღაურის 5700 ლარის გადახდა ჰ----------------ს სასარგებლოდ.

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მხარეებს შორის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე გარიგება დაიდო ზეპირი ფორმით. გარიგება მდგომარეობდა მასში, რომ საქმის წარმოების დაწყების დღიდან რამდენ ხანსაც გაგრძელდებოდა იურიდიული მომსახურება მოსარჩელეს გადაუხდიდნენ თვიურად 820 ლარს - თ----------------–------ ხელფასს. თ---------------მ პირადად ივალდებულა არამარტო მისი, არამედ თ------------–------ ნაწილში ანგარიშვალდებულების შესრულება. მოსარჩელე 7 თვის განმავლობაში დაკავებული იყო მოპასუხეების პრობლემების საფუძველზე იურიდიული მომსახურებით, მოპასუხების მიმართ ნაკისრი ვალებულება შეასრულა კეთილსინდისიერად. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე თ----------------–------ უფლებებს იცავდა ს------------ სსიპ N4 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 28 დეკემბერს N2, 2017 წლის 17 იანვარს N5, 2017 წლის 18 იანვარს N6, 2017 წლის 07 მარტს N9 და სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 16 თებერვალს N22 და 2017 წლის 27 თებერვალს N23 სამეურვეო საბჭოს სხდომებზე, პარალელურ რეჟიმში N4 საჯარო სკოლაში ნაწარმოები საქმეები გადააგზავნა უშუალოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან.

წარმომადგენლობის უფლებამოსილების საფუძველზე თ---------------- უფლებას იცავდა 2017 წლის 12 იანვარს და 2017 წლის 03 აპრილს ს------------ სსიპ N4 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N11 სხდომაზე და 2017 წლის 20 მარტს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პარალელურ რეჟიმში საქმის შედეგები გააგზავნა უშუალოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან.

2017 წლის 13 მარტს ს------------ N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ თ----------------–----- გათავისუფლდა სამუშაოდან, რის გამოც სსიპ N 4 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის და სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმები, ასევე სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N15-2, 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15, 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16, 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანებები გაასაჩივრა ს------------ რაიონულ სასამართლოში. ს------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით თ----------------–------ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, იგი აღდგენილი იქნა სამუშაოზე. ამის შემდეგ თ----------------–-----მ 2017 წლის 31 ივლისს გაუუქმა მინდობილობა იმის გამო, რომ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეესრულებია. მოპასუხეები ვალდებული არიან 7 თვის მანძილზე გაწეულ მომსახურებაში გადაუხადონ 5700 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ჰ---------------- ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ს------------ სსიპ N4 საჯარო სკოლასა და ს------------ რაიონულ სასამართლოში. მათსა და ჰ----------------ს შორის არსებობდა მეგობრული, თბილი დამოკიდებულება, მოსარჩელე მათთან ცხოვრობდა 6 თვის განმავლობაში. შეთანხმება ფულადი ანაზღაურების თაობაზე არ ყოფილა. რამდენჯერმე გადასცეს სხვადასხვა ოდენობის თანხა კომუნალური გადასახადების დავალიანების დასაფარავად. ს------------ რაიონულ სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ მისცეს 400 ლარი, მადლიერების ნიშნად გაწეული მომსახურებისათვის. მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია მოპასუხეებთან 5700 ლარის ანაზღაურების შეთანხმების არსებობაზე, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 13 დეკემბერს თ----------------–-----სა და ჰ----------------ს შორის გაფორმებული იქნა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტება (2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი )

- 2016 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21 )

 

3.1.2. 2017 წლის 06 მარტს თ----------------–-----სა და ჰ----------------ს შორის გაფორმებული იქნა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

- 2017 წლის 06 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23 )

 

3.1.3 2017 წლის 06 მარტს თ---------------სა და ჰ----------------ს შორის გაფორმებული იქნა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

- 2017 წლის 06 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25)

 

3.1.4 ჰ----------------ს მიერ შესრულებული იქნა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. 2017 წლის 09 ოქტომბერს თ----------------–------ მიერ შპს მისო „ინტელექსპრეს ჯორჯიას“ საშუალებით ჰ----------------ს სახელზე ჩაირიცხა 400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი) )

- ფულადი გზავნილის დავალება (ს.ფ. 232 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებს თ---------------სა და თ----------------–-----ს მოსარჩელე ჰ----------------სთვის 5700 ლარის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

 

3.2.2 მხარეთა შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება არის სასყიდლიანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ 5700 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით. მოპასუხეები თ--------------- და თ----------------–----- იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება იყო უსასყიდლო, შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით და მოწმეების ზ----------------, გ---–-------------------, ნ----------–-–---–-- ჩვენებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოპასუხების შუამდგომლობით გამოძახებული მოწმეების ზ----------------, გ---–-------------------, ნ----------–-–---–-- მათთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა შეთანხმება დავალების უსასყიდლოდ გაწევის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში დავალების შესრულების შემდეგ მოსარჩელე ჰ----------------ს სახელზე თ----------------–------ მიერ ჩარიცხული იქნა 400 ლარი,რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჰ----------------ს სარჩელი დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს, როგორც უსასყიდლო ისე სასყიდლიანი.

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულება, დადგენილია რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით შეთანხმება დავალების შესრულების სანაცვლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ არა 5700 ლარის ოდენობით, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს. დადგენილია, რომ დავალების შესრულების შემდეგ მოსარჩელე ჰ----------------ს სასარგებლოდ მოპასუხე თ----------------–------ მიერ ჩაირიცხა 400 ლარი, რაც ადასტურებს მისი მხრიდან 400 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად და ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოსარჩელის მიმართ 400 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულება შესრულებულია. შესაბამისად ჰ---------------- არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს მოოპასუხეებს სადავო თანხის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჰ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ს------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

2. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ს------------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა