გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.04.2018
საქმის ნომერი
110310017002221447
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310017002221447

№ 3/160-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05.04.2018 წელი ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე შ------------------,წარმომადგენელი: გ------------

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი: ა---------–---------;

მესამე პირები: სს ,,ტ------", შპს ,,ი--------------–---";

წარმომადგენელი: კ------------–---–-;

დავის საგანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N892017080386-06 გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

2017 წლის 2 ნოემბერს, ზესტაფონის რაიონუმა სასამართლომ მიიღო განჩინება რომლითაც დაკმაყოფილებულ იქნა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და აუკრძალა მოპასუხეს სს ,,ტ------ს" კუთვნილი ქონების გასხვისება. სს ,,ტ------ს" სახელზე აკრძალვის დადების დროისთვის ირიცხებოდა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით : 3------------ მოგვიანებით აღნიშნული ქონება გაიყო ორ ნაწილად საკადასტრო კოდით : 3----------- და საკადასტრო კოდით 3----------- ორივე შემთხვევაში მომზადებულ ამონაწერში სასამართლოს მიერ რეგისტრირებული აკრძალვა დარჩა უცვლელი.

მიუხედავად არსებული აკრძალვებისა სს,,ტ-------" მოახდინა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით : 3----------- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და 2017 წლის 10 ნოემბერს წარადგინა ის სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის 10 ნოემბერს, მოხდა უძრავი ქონების ახალ მყიდველზე შპს ,,ი--------------–-----,, აღრიცხვა. ზემოხსენებული ტრანზაქციები მოხდა დაჩქარებული წესით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ორივე მხარე ჩქარობდა უკანონო ტრანზაქციების განხორციელებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N892017080386-06 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სადაო გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად არგუმენტაციად მოსარჩელეს მოყავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე შ------------------ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე მ-----–------------- აეკრძალა სს "ტ------ს" კუთვნილი ქონების გასხვისება. განჩინება კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 03 ნოემბერს რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ხოლო იმავე წლის 06 ნოემბერს უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე და ს/კ 3----------- სს "ტ------ს" სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმის საფუძველზე დაიყო ორ ნაწილად კერძოდ 3----------- და 3----------- ს/კ კოდებად შესაბამისად ორივე საკადასტრო კოდს ვალდებულების ნაწილში გადაყვა სასამართლო განჩინებით დადგენილი აკრძალვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს მიღებულ იქნა N892017080386 განცხადება (დაინტერესებული პირი: შპს ,,ი-------------–---" /ს.ნ. 4--------/ ) , რომლითაც მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართი: ზესტაფონი სოფელი პირველი სვირი. განცხადებას თან ახლდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი შესაბამისი (საგადასახადო/იუსტიციის) რეესტრიდან, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოება "ტ------ს“ 2017 წლის 28 ოქტომბრის სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი და დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი. ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის თანახმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. სს"ტ------ს" სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საფუძვლად დაედო რეგისტრაციის შესახებ სადაო გადაწყვეტილებას, კერძოდ წესდების 7–ე მუხლის 7.8 პუნქტის თანახმად მხოლოდ სს"ტ------" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი სააქციო საზოგადოების უძრავი ქონები შეძენა, გასხვისება და სხვაგვარად დატვირთვა. 2017 წლის 10 ნოემბრის N892017080386 სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა სააქციო საზოგადოება "ტ------ს "2017 წლის 28 ოქტომბრის სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 28 ოქტომბერს შედგა სამეთვალყურეო საბჭოს საერთო კრება, კრებას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ------------------ წევრი მ-----–------- და დირექტორი რ------------------–---–-, საერთო ჯამში შემადგენლობის 2/3, რაც ამავე წესდების თანახმად წარმოსდგენს გადაწყვეტილებისუნარიან ქვორუმს. კრების ოქმით სს "ტ------ს" დირექტორს როსტომ ბოჭორიშვილს დაევალა აუდიტის მოწვევა ქონების შესაფასებლად, გამიჯვნის ნახაზების წარმოება და მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება რაც მისი მხრიდან განხორციელებულ იქნა. კრების ოქმში მოხსენიებული პირების უფლებაუნარიანობა დადგენილი იქნა ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრიდან და სს "ტ------ს" სადამფუძნებლო დოკუმენტით შესაბამისად ქონების გასხვისება მოხდა არა მ-----–------------- არამედ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით რაც სავსებით კანონიერია ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქმედების განხორციელების აკრძალვის ადრესატს წარმოადგენდა მ-----–------------ და არა სს "ტ------". სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინების როგორც სამოტივაციო ისე სარეზოლუციო ნაწილში ქმედების განხორციელების აკრძალვა ეხებოდა არა მარეგისტრირებელ ორგანოს არამედ ფიზიკურ პირს მ-----–------------- ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყადაღა სს "ტ------ს"ქონებაზე რაც რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი და ვალდებულიც კი იყო მიეღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, რომ პარტნიორის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია, იქნება ეს ფულადი სახით, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება თუ მომსახურების გაწევა, ხდება უშუალოდ სამეწარმეო საზოგადოების საკუთრება მას შემდეგ რაც იგი საზოგადოების კაპიტალის შემადგენელი ნაწილი გახდება. მაშასადამე, იგი კარგავს საკუთრების უფლებას იმ ქონებაზე, რომელიც მან შეიტანა კაპიტალში წილზე უფლების მოპოვების სანაცვლოდ. შესაბამისად, წილზე, როგორც საკუთრების ობიექტზე ვრცელდება ყველა ის სამართლებრივი უფლება, რომელსაც მოძრავ ნივთებზე ავრცელებს სამოქალაქო სამართალი. ის შეიძლება გასხვისდეს, დაიტვირთოს ვალდებულებით, გაიცვალოს, გაიცეს მემკვიდრეობით და სხვა და ამ უფლებამოსილებების განხორციელება განსაზღვრულია სამეწარმეო სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტით ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს დარღვეულ იქნა როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“, ისე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები აქვე მინდა დავძინო, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60–ე პრიმი მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ვინაიდან მისი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ დარღვეულა ამავე კოდექსის 53–ე 96–ე და 32–ე–34–ე მუხლებთ გათვალისწინებული მოთხოვნები და იგი არ ეწინააღმდეგება კანონს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილებულ იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და აეკრძალა მ-----–------------- სს ,,ტ------ს“ კუთვნილი ქონების გასხვისება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

 

3.2. სს ,,ტ------ს“ სახელზე აკრძალვის დადების დროისთვის ირიცხებოდა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით : 3------------ მოგვიანებით აღნიშნული ქონება გაიყო ორ ნაწილად საკადასტრო კოდით : 3----------- და საკადასტრო კოდით 3----------- ორივე შემთხვევაში მომზადებულ ამონაწერში სასამართლოს მიერ რეგისტრირებული აკრძალვა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები;

 

3.3. 2017 წლის 28 ოქტომბრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სს,,ტ------- ,, მოახდინა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით : 3----------- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და 2017 წლის 10 ნოემბერს წარადგინა ის სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- 2017 წლის 28 ოქტომბრის სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი;

 

3.4. საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით უძრავი ქონება რეგისტრირებულ იქნა ახალ მყიდველზე შპს ,,ი--------------–-----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ამონაწერი;

 

3.5. დადგენილია, რომ სს "ტ------ს" წესდების მე-7 მუხლის 7.8 პუნქტის თანახმად, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს უძრავი ქონების და უძრავი ქონების მსგავსი უფლებების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს"ტ------ს" წესდება;

 

3.6. სს "ტ------ს" აქციათ 73% ფლობს მ-----–------------.

- სს „ტ------ს“ წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული 2017 წლის 10 ნოემბრის N892017080386-06 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

 

6.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივ საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში მესამე პირმა შპს ,,ი--------------–----“ საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა სს ,,ტ------ს“ უძრავი ქონების რეგისტრაცია.

 

6.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

 

6.6. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო 22-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შ------------------ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მ-----–------------- აეკრძალა სს "ტ------ს" კუთვნილი ქონების გასხვისება. დადასტურებულია, რომ სს „ტ------ს" აქციათა 73% (დომინანტი პარტნიორი) ფლობს მ-----–------------. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონების გასხვისებაზე გადაწყვეტილება მიიღო სს-ის სამეთვალყურეო საბჭომ. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებს, საზოგადოების წესდებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილი იყო თუ არა განეკარგა უძრავი ქონება, აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დომინანტი პარტნიორისათვის ქონების გადხვისების აკრძალვა თავისთავად გულისხმობს საზოგადოებაში პარტნიორისათვის ქონების განკარგვის ნაწილში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის აკრძალვას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან გადაწყვეტილება ქონების გასხვისებაზე მიიღო სამეთვალყურეო საბჭომ, ხოლო რაიმე აკრძალვა იურიდიული პირის მიმართ არ არსებობდა.

 

6.7. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N892017080386-06 გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელი დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კონკრეტულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ------------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი