გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200210018002338168
საქმე N2/221-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---------–---–ი
მოპასუხე - ნ--------------ძე
წარმომადგენელი - ქ-----------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--------------ძისათვის მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის სასარგებლოდ 400 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 ივნისს მოპასუხე ნ--------------ძემ მოსარჩელისგან ისესხა 400 აშშ დოლარი 10 %-ის სარგებლით. 2017 წლის იანვრამდე უხდიდა მხოლოდ სარგებელს, ხოლო ამ დროიდან დღემდე მას არ გადაუხდია პროცენტი და არც სესხის ძირი თანხა. მან რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეს თხოვნით, რომ დაებრუნებინა მისგან ნასესხები თანხა 400 აშშ დოლარი, მაგრამ არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ--------------ძემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან სესხად აღებულ თანხას 400 აშშ დოლარის ოდენობით გადაუხდის გარკვეულ პერიოდზე გადანაწილებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 ივნისს ნ--------------ძემ მოსარჩელისგან ისესხა 400 აშშ დოლარი, 10% სარგებლით.
3.1.2. მოპასუხე 2017 წლის იანვრამდე მოსარჩელეს უხდიდა მხოლოდ სარგებლს, ხოლო ამ დროიდან დღემდე მოსარჩელისთვის არ გადაუხდია არც პროცენტი და არც სესხის ძირი თანხა.
3.1.3. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეს თხოვნით, რომ დაებრუნებინა მისგან სესხად აღებული თანხა 400 აშშ დოლარი, მაგრამ დღემდე არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- ხელწერილი (ს.ფ.16);
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე მუხლები და
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, 2016 წლის 24 ივნისის ხელწერილით მოპასუხემ ნ--------------ძემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელისთვის დაებრუნებინა 400 აშშ დოლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეში სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნ-----–---------–---–ის სარჩელი:
1.1. მოპასუხე ნ--------------ძეს მოსარჩელე ნ-----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 400 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი