გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N040210018002313182
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.04.2018 წ. ქ. ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - როინ კახიძე
სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე: დ------ ქ------–--- (პ/ნ4----------);
მოპასუხე: ი----- მ---------–---–- (პ/ნ-----------);
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.1 სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე დ------ ქ------–--- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ი----------------–---–- მის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2011 წლის მაისის თვეში დ------ ქ------–----ა და ი----------------–---–- შორის გაფორმდა ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება, განუსაზღვრელი ვადით, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი----------------–---–- სესხად გადასცა 1000 ლარი, თვეში 15% სარგებლის დარიცხვის პირობით.
ი----- მა--------–---–-- დააბრუნა თანხის ნაწილი 500 ლარი, ხოლო 200 ლარის სამუშაოები შეუსრულა მოსარჩელეს.
2011 წლის მაისიდან 2017 წლის მაისამდე ი----------------–---–- უნდა დაებრუნებია 10800 ლარი პროცენტი და ძირი თანხა 1000 ლარი, დაბრუნებული 700 ლარის გამოკლებით. მიუხედავად ამისა დ------ ქ------–--- ითვალისწინებს მოპასუხის ოჯახურ მდგომარეობას და მოითხოვს მხოლოდ 5000 ლარის დაკისრებას.
1.2 მოპასუხის პოზიცია:
ი----- მ---------–---–- სარჩელს არ ცნობს. და შესაბებელში განმარტავს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო 2011 წელს მაისის თვეში დ------ ქ------–-------- ისესხა 1000 ლარი, მაგრამ მოკლე დროში დაუბრუნა თანხის ძირი და პროცენტი, საერთო ჯამში 2000 ლარი ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2011 წლის მაისის თვეში დ------ ქ------–----ა და ი----------------–---–- შორის დაიდო ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი----------------–---–- 5 თვის ვადით სესხად გადასცა 1000 ლარი, თვიური 15 % სარგებლის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება
3.1.2. სესხის დაფარვის მიზნით, ი----------------–---–- ყოველთვიურად დ------ ქ------–---------- უნდა გადაეხადა 150 ლარი სარგებელის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ი----- მა--------–---–-- სესხის დასაფარი თანხა 500 ლარი გადაიხადა მხოლოდ ერთხელ, ასევე მოსარჩელეს შეუსრულეს გარკვეული სამუშაო 200 ლარის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებებია:
- ი----- მ---------–---–-ს მიერ, სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხის დ------ ქ------–---ზე დაბრუნება;
3.2.2. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- მ---------–---–-ს მიერ, 2011 წლის მაისს თვეში სესხის ხელშეკრულებით სესხად მიღებული თანხის დაბრუნება უნდა დაამტკიცოს ი----- მა--------–---–-- ამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შესაძლებელია ხელწერილით, სალაროს გასავლის ორდერითა და სალაროს შემოსავლის ორდერით.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას.
3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის სესხად გადაცემა და გაცემული სესხის გამსესხებლისათვის დაბრუნება, ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა ან არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. აღნიშნული გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია ფაქტის დასადგენად წარმოდგენილი მტკიცებულება, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ სადო ფაქტობრივ გარემოებებს და გადაწყვიტოს, რომელი მტკიცებულება უფრო მყარი და დამაჯერებელია. წინამდებარე შემთხვევაში უადაოდ არის დადგენილი, რომ მხარეთა შორის 2011 წლის მაისის თვეში ზეპირი ფორმით შედგა სეხის ხელშეკრულება და ი----- მა--------–---–-- მიიღო სესხად 1000 ლარი.
იხ. ახსნა განმარტება.
3.2.7. ი----------------–---–- 2011 წლის მაისის სესხის ხელშეკრულებით მიღებული სესხი უნდა დაეფარა ხუთი თვის ვადაში 2011 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო ყოველთვიურად უნდა გადაეხადა პროცენტი 150 ლარი.
იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. სარგებელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ი----- მა--------–---–-- მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
ამავე კოდექსის 624-ემუხლით ,,სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით’’.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის მაისის თვეში ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე 2011 წლის მაისის თვეში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი----- მ---------–---–--- სესხად გაიცა 1000 ლარი, 5 თვის ვადით, ყოველთვიურად 15 %-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ი----- მა--------–---–-- იკისრა ვალდებულება სესხად მიღებული თანხა 5 თვის განმავლობაში დაეფარა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ი----- მ---------–---–-საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ი----- მ---------–---–-, როგორც თანხის დამსესხებელი, ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა 5 თვეში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ი----- მა--------–---–-- ვალდებულება არ შეასრულა და სესხის დასაფარად თანხა არ დააბრუნა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. შესაბამისად მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1000 ლარი. მოპასუხე მიუთითებს რომ, მას ძირი თანხა გადახდილი აქვს, მაგრამ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება რითაც დადგინდებოდა ძირი თანხის 1000 ლარის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ზეპირი ხელშეკრულებით.
მხარეთა ახსნა განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხეს გადახდილია აქვს 700 ლარი, შესაბამისად მას 5 თვის სარგებელი გადახდილი აქვს.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დ------ ქ------–---მ განმარტა რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის ოქტომბრის თვემდე. ე.ი. 5 თვის ვადით.
სასამართლოს აზრით მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება დაიდო 5 თვის ვადით და შემდგომ არ გაგრძელებულა, შესაბამისად 5 თვით მეტდროზე სარგებლის მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 46-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ------ ქ------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ი----------------–---–- დაეკისროს დ------ ქ------–---- სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 1000 ლარის გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 46-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ცაგერი , ასათიანის ქ.14 )
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: როინ კახიძე