განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
190100118002336185
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/156-18

(№021100218002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ქეთევან სონიძე, სტაჟიორ-პროკურორი ხატია ხაჩიძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნუგზარ მაღალდაძე, დაბადებული 1993 წლის 13 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 50401004582, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: გორის რაიონის სოფელი ქემერტი და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.გარდაბნი, დ.აღმაშენებლის ქუჩა კორპუსი 1, ბინა 45.

 

ადვოკატი: მაკა რევია,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 9 და 10 თებერვლის ეპიზოდები) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 09 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 19:20 საათზე, ქ.გარდაბანში, ა----–-----–---------------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელ სახლის საძინებელ ოთახში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნუგზარ მაღალდაძემ თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა ანა ღამბარაშვილს.

 

2018 წლის 10 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.გარდაბანში, ა----–-----–---------------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელ სახლის საძინებელ ოთახში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნუგზარ მაღალდაძემ თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა ანა ღამბარაშვილს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ანა ღამბარაშვილმა განმარტა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით, 2013 წელს გაიცნო ბრალდებული და შექმნა მასთან ერთად ოჯახი. თანაცხოვრების პირველივე ეტაპიდან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ფეხმძიმედ იყო, როდესაც მეუღლემ უთხრა, რომ აღარ უყვარდა და დასასვენებლად წავიდა სხვა გოგოსთან ერთად, შემდეგ მისი თანდასწრებით ესაუბრებოდა ხოლმე ვიღაცეებს ტელეფონით, ეუბნებოდა მას, რომ წასულიყო მისი სახლიდან, თუმცა მშობლებთან ვერ დაბრუნდებოდა და ამის გამო არ სურდა ოჯახის დანგრევა. 9 თებერვალს იჩხუბეს, მიზეზი იყო წინა დღეს უცნობ გოგონასთვის სიყვარულზე საუბარი, მეუღლეს სურდა შერიგება და ვინაიდან ნაწყენი იყო და არ შეურიგდა, შეაგინა და მუშტები ჩაარტყა თავში. 10 თებერვალს სამსახურიდან დაბრუნდა და ბრალდებულმა ისევ ჩხუბი დაუწყო, უთხრა, რომ საყვარელი ჰყავდა, ამიტომ დააგვიანა სახლში მისვლა და ცემა. ორივე დღეს განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე გიორგი ოქრუაშვილმა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა. პირადი გასინჯვის მონაცემებით ანა ღამბარაშვილს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის ზონაზე მარჯვნივ, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 10.02.2018 წლის თარიღს. ანა ღამბარაშვილი შეამოწმა პირადად, ხელი მკვრივი ბლაგვი საგანია.

 

მოწმეებმა ფატიმა ძაცოშვილმა და თეონა მაღალდაძემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რითაც დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობა გულისხმობს ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, თუმცა ძალადობა არ უნდა იყოს ისეთი ხასიათის, რომ შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ან მისი მოშლა მოჰყვეს. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 19 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ანა ღამბარაშვილს აღენიშნება სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის ლორწოვანზე მარჯვნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ამასთან ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღებს.

 

მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის გარემოება, რომ 2018 წლის 09 და 10 თებერვალს, ქ. გარდაბანში, ა----–-----–---------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნუგზარ მაღალდაძემ თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმების შედეგად, ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა ანა ღამბარაშვილს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ორი ეპიზოდისათვის გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით და რომ წარდგენილი ბრალდებებისთვის მას მსჯავრი უნდა დაედოს ერთ ეპიზოდად, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დადგენილია, რომ კონფლიქტის მიზეზი 9 თებერვალს იყო დაზარალებულის მხრიდან ეჭვიანობა, ხოლო 10 თებერვალს - პირიქით, ბრალდებულმა იეჭვიანა მასზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ერთიანი მიზნით ძალადობის ჩადენას. გარდა ამისა, არაერთხელ ჩადენილი ძალადობა ერთ ქმედებად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ შეფასდეს, როდესაც ერთიდაიმავე მიზეზის გამო დაიწყო და უწყვეტად ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდებულმა ძალადობა ჩაიდინა ორ დამოუკიდებელ ქმედებად სხვადასხვა გარემოებების საფუძველზე.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ნუგზარ მაღალდაძეს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო ითვალისწინებს ის ფაქტს, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული გამაფრთხილებელი ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად, შერიგებულია დაზარალებულთან (პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი), ბრალდებულს არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობა, გაცნობიერებული აქვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი - დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი. ამასთან, უნდა დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ნუგზარ მაღალდაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნუგზარ მაღალდაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ს 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ნუგზარ მაღალდაძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. ნუგზარ მაღალდაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 11 თებერვლიდან 2018 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

 

3. ნუგზარ მაღალდაძის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა (500 ლარი) სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მასვე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე