გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2018
საქმის ნომერი
110310017002073156
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110310017002073156

N3/123-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.03.2018 წელი ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელეები: მუ----ნ კა----ძე, მა-–--ზ კა----ძე;

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი; ქი----მ ქა-----ძე;

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 21.06.2017 N882017514538 გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში ქი----მ ქა-----ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ს/კ 3-----------.

 

1.2. დაევალოს საჯარო რეესტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შეფასებისა და განხილვის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

 

1.3. დაევალოს მოპასუხე ქი----მ ქა-----ძეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ოფისში კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელშიც ამორიცხულ იქნება მუ----ნ კა----ძის კომლის საკუთრებაში არსებული 44.39 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საბუთები წარუდგინა 15.05.2017 წელს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე ზე---------ი, სოფ. ქვედა სა-----,(2312 კვ.მ), რომელზეც მიიღო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და N882017391981 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ამის შემდეგ კვლავ მიმართა მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს 2017 წლის 07 აგვისტოსა და 15 აგვისტოს, რაზეც ასევე მიიღო უარი იმ დასაბუთებით, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზი ზედდებაში იყო 3---------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან, რომლის მესაკუთრეა ქი----მ ქა-----ძე. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაზე შეიტანა მოსარჩელემ საჩივარი და მოითხოვა ბათილად ცნობა მისსავე საკუთრებისა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 44.39 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხე ქი----მ ქა-----ძის რეგისტრაციის ნაწილში , რაზეც უარი ეთქვა ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქი----მ ქა-----ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთია, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

2.2 მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის კანონიერი, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 15 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე ზე---------ი, სოფ. ქვედა სა----- 2312 კვ.მ-ზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

 

- მოსარჩელის განცხადება;

- 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება N882017391981-03;

 

3.2. საჯარო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2017 წლის 27 იანვარს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017036504-03 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ" 2017 წლის N25435 მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ ,,საქართველოს ეროვნული არქივიდან" მოქალაქე შა---ო ილიას ძე კა----ძის კომლის შემადგენლობის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2017 წლის N 25435 მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

 

-2017 წლის 27 იანვრის №882017036504-03 გადაწყვეტილება;

 

3.3. მარეგისტრირებელი ორგანოს N882017036504-04 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. 2017 წლის 08 თებერვალს მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882017036504-05 გადაწყვეტილება და მოსარჩელეს განემარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

 

-2017 წლის 08 თებერვლის N882017036504-05 გადაწყვეტილება;

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 21 მაისის N882017391981-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მუ----ნ კა----ძეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ წარადგინა უძრავი ნივთის რეგისტრაციისათვის საკმარისი დოკუმენტები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

 

- 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება N882017391981-03;

 

3.5. საჯარო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2017 წლის 21 ივნისის N882017514538 გადაწყვეტილებით N3----------- საკადასტრო კოდზე ქი----მ ქა-----ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა N170092167 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ მის მამკვიდრებელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების N335 აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

- 2017 წლის 21 ივნისის N882017514538 გადაწყვეტილება;

- N170092167 სამკვიდრო მოწმობა;

- მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების N335 აქტი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის №153 ბრძანება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.2. ხსენებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”.

 

6.4. ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი).

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი).

 

6.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 21 ივნისის N882017514538 გადაწყვეტილებით 3----------- საკადასტრო კოდზე ქი----მ ქა-----ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სამკვიდრო მოწმობა N170092167 ( დამოწმების თარიღი 30.01.2017 ნოტარიუსი ნ.ფერაძე), ხოლო თავის მხრივ მის მამკვიდრებელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N335 აქტის საფუძველზე. ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოვლენილა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის N4 ბრძანების მე–18 მუხლით დადგენილი რეგისტრაციაზე უარის თქმის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა ან შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მიღებული სადაო გადაწყვეტილება. ამასთან, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოპასუხე ქი----მ ქა-----ძის საკუთრებაში გადავიდა მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართობი.

 

6.6. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მესამე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ პუნქტებში მოცემულია საკუთრების უფლების და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი: საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია – ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებს წარმოადგენს – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მოსარჩელე მუ----ნ კა----ძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის ქონების რეგისტრაცია ზე---------ის რაიონის სოფელ ქვედა სა-----ში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში ვერ იქნა წარდგენილი უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საკმარისი მტკიცებულებები, მითუფრო, რომ უძრავი ქონება უკვე რეგისტრირებული იყო მოპასუხე ქი----მ ქა-----ძის საკუთრებად. მოსარჩელეს არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამდგენი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და არ არსებობს სადაო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელი დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კონკრეტულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მუ----ნ კა----ძისა და მა-–--ზ კა----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი