გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
010210016001658292
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001658292

2-4062/16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13/03/2018 წელი ქ.ბათუმი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

 

მოსარჩელე: თ--- ვ----ა, მ------ ჭ-----ა

წარმომადგენელი: ვ-–-----------–---–---------------ე

მოპასუხე: მ--- ჭ-----ა,წარმომადგენელი: გ--------–-----

მოპასუხე: პ----- ჭ-----ა

დავის საგანი: თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან წილის გამოყოფა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ ცნობილი იქნან ქ. ბათუმში, რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ და საკუთრების უფლების შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს საჯარო რეესტრში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები დარეგისტრირდებიან ქონების 1/4-1/4 ნაწილის მესაკუთრეებად. 1/8 ნაწილი დაუდგინდეს მ--- ჭ-----ას, ხოლო პ----- ჭ-----ას 2/4 ნაწილი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ქ. ბათუმში, რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე 101.72 კვ.მ. ფართის ბინაში 1993 წლამდე ცხოვრობდა პ----- ჭ-----ა, თ--- ვ----ა, მ------ ჭ-----ა და მ-----–----------ი. ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა 1993 წლის 18 აგვისტოს. პრივატიზაციისას ბინაში რეგისტრირებულ პირებს საკუთრების უფლებაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით ბინა გაფორმდა მ-----–----------ის სახელზე. მ-----–----------ი 1996 წლის 08 მარტს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის ნახევარი მემკვიდრეობით გაიფორმა პ----- ჭ-----ას დამ მ--- ჭ-----ამ, რის გამოც პ----- ჭ-----ასა და მ--- ჭ-----ას შორის საკუთრებასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებით დაიწყო დავა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--- ჭ-----ას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება და სადაო ქონებიდან 1/8 ნაწილი, ანუ 12.71 კვ.მ ფართი გადაეცა მ--- ჭ-----ას. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მიუხედავად ამისა მ--- ჭ-----ამ საჯარო რეესტრში წარადგინა ძველი სამკვიდრო მოწმობა და ნაცვლად ბინის 1/8 ნაწილისა, თავის საკუთრებად აღრიცხა ½ ნაწილი. მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი შეიცავს ცდომილებას. მ--- ჭ-----ა მესაკუთრედ აღირიცხა გაუქმებული სამკვიდრო მოწმობით. ცდომილების გასწორების მიზნით იდავა ადმინისტრაციული წესით, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ფაქტობრივად მოსარჩელეები ქონებაზე კარგავენ საკუთრების უფლებას. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ის, რომ სასამართლომ აღიაროს, რომ მ--- ჭ-----ას ეკუთვნის სადაო ქონების 1/8 ნაწილი, პ----- ჭ-----ას ეკუთვნის 2/4 ნაწილი, ხოლო მოსარჩელეებს 1/4-1/4 ნაწილი.

2. მოპასუხის შესაგებელი:

2.1 პ----- ჭ-----ა სარჩელს ცნობს სრულად. განმარტავს, რომ მოსარჩელეები არიან პრივატიზაციის მონაწილეები და მათ ქონებიდან ერგებათ 1/4-1/4 წილი. მ--- ჭ-----ას ეკუთვნის მხოლოდ დედის, მ-----–----------ის სამკვიდრო ქონება, რაც შეადგენს მთელი ქონების 1/8 ნაწილს.

 

2.2 მ--- ჭ-----ა სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მათ სადაო უძრავი ქონებიდან თანასაკუთრება არ ეკუთვნით. ისინი ჩაწერილები იყვნენ ბინაში, მაგრამ პრივატიზაციის პროცესში ნებაყოფლობით განაცხადეს საკუთრებაზე უარი. სხვაგვარად მ-----–----------ი ქონების მესაკუთრე ვერ გახდებოდა. სწორედ აღნიშნულის გამო, მოსარჩელეები აღარ არიან თანამესაკუთრეები. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს 1996 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა სამკვიდრო მოწმობაში და მ--- ჭ-----ას, ნაცვლად ქონების 1/2 ნაწილისა, დაუფიქსირდა 1/8 ნაწილი. დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო 10 წლის განმავლობაში. მოსარჩელეებმა არ აღასრულეს გადაწყვეტილება, შესაბამისად მისმა შინაარსმა დაკარგა მნიშვნელობა. სწორედ ამის გამო მ--- ჭ-----ა არ იყო შეზღუდული საკუთრებად დაერეგისტრირებინა ის ფართი, რაც მემკვიდრეობით მიიღო მ-----–----------ისგან. ამ და სხვა გარემნოებათა გათალისწინებით მოითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 1993 წლისათვის ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე 101.72 კვ.მ. ფართის ბინაში რეგისტრირებულნი იყვნენ მ-----–----------ი, პ----- ჭ-----ა, თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

ცნობა საბინაო პირობების შესახებ.ს.ფ.24.

 

3.1.2. 1993 წლის 18 აგვისტოს განხორციელდა ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე 101.72 კვ.მ. ფართის პრივატიზაცია, რის შედეგადაც ბინა საკუთრებაში გადაეცა მ-----–----------ს. პ----- ჭ-----ამ და თ--- ვ----ამ წერილობით განაცხადეს, რომ თანახმა არიან საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაეცეს მ-----–----------ს .

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

პრივატიზაციის ხელშეკრულება. ს. ფ. 22.

პ----- ჭ-----ას და თ--- ვ----ას წერილობითი განაცხადება.ს.ფ. 27-30

 

3.1.3. მ-----–----------ი არის პ----- ჭ-----ას და მ--- ჭ-----ას დედა. ასევე მ------ ჭ-----ას ბებია და თ--- ვ----ას დედამთილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მ-----–----------ი გარდაიცვალა 1996 წლის 08 მარტს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. მ-----–----------ის გარდაცვალების შემდეგ, ნოტარიუს მიმართა მისმა შვილმა, მ--- ჭ-----ამ და მოითხოვა გარდაცვლილი დედის მაყავლა ხაჯიბეგის ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მომწობის გაცემა. ნოტარიუსმა მ--- ჭ-----ას სახელზე 1996 წლის 10 ოქტომბერს გასცა სამკვიდრო მოწმობა და მ-----–----------ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მემკვიდრეობით გადასცა მ--- ჭ-----ას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სამკვიდრო მოწმობა.ს.ფ. 37-38.

 

3.1.6. პ----- ჭ-----ამ და თ--- ვ----ამ სარჩელი აღძრეს მ--- ჭ-----ას წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს მ--- ჭ-----ას სახელზე, 1996 წლის 10 ოქტომბრს მიღებულ სანოტარო აქტში ცვლილებების შეტანა და მისი ნაწილობრივ გაუქმება. სარჩელის განხილვით სასამართლომ დაადგინა და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ქ. ბათუმში რ---------–ის ქ. №41-ში მ-----–----------ის სახელზე ირიცხებოდა №29 ბინა. 1993 წლის 18 აგვისტოს ბინა პრივატიზირებული იქნა. პრივატიზაციის მომენტში ბინაში ცხოვრობდნენ მ-----–----------ი, პ----- ჭ-----ა, თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა. 1996 წლის 08 მარტს მ-----–----------ი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდგეგ მ--- ჭ-----ამ მემკვიდრეობის მისაღებად სანოტარო კანტორაში წარადგინა საბუთები და არ მიუთითა, რომ ბინაში ჩაწერილი იყო და საკუთრების უფლება მოპოვებული ქონდა მის ძმას პ----- ჭ-----ას და მის ცოლშვილს, რის გამოც ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა გასცა მ-----–----------ის კუთვნილი ქონების, მათ შორის ქ. ბათუმში რ---------–ის ქ. №41 ბ. 29-ის ½ ნაწილზე. ვინაიდან ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყვნენ და მ-----–----------ის მსგავსად საკუთრება ეკუთვნებოდა სხვა პირებსაც, თითოეულ ჩაწერილ პირს ეკუთვნის 1/4-1/4 ნაწილი. მ-----–----------ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა გაიხსნა მ-----–----------ის წილ ¼ ნაწილზე, ესე იგი ბინიდან მ--- ჭ-----ას ერგება მ-----–----------ის კუთვნილი ქონების - ¼-ის ნახევარი - 1/8 წილი. ამ მსჯელობით სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა სანოტარო მოქმედება, მ--- ჭ-----აზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა და მასში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც მ--- ჭ-----ას მიეკუთვნა ბინის 1/8 ნაწილი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1997 წლის 15 ოქტომბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სასამართლოს გადაწყვეტილება.ს.ფ. 41-42.

 

3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მ--- ჭ-----ამ საჯარო რეესტრში წარადგინა 1996 წლის 10 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა და დარეგისტრირდა ქ. ბათუმში რ---------–ის ქ. №41-ში მდებარე ბ.29-ის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 31-32.

 

3.1.8 ასევე უდაო გარემოეება, რომ პ----- ჭ-----ამ მ-----–----------ის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუსისაგან მიიღო სამკვიდრო მოწმობა, წარადგინა საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდა ქ. ბათუმში რ---------–ის ქ. №41 ბ. 29-ში მდებარე ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 31-32.

სამკვიდრო მოწმობა.ს.ფ.39-40.

 

3.1.9 . საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ბათუმში რ---------–ის ქ. №41 ბ. 29-ში მდებარე ქონების მესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან პ----- ჭ-----ა და მ--- ჭ-----ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 31-32.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობა;

- საკუთრების უფლებაზე მოსარჩელეების მიერ უარის თქმა.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. დანარჩენი მნიშვნელოვანი საკითხები სამართლებრივი კატეგორისაა და არ განეკუთვნებიან ფაქტობრივ გარემოებას.

 

3.2.3. სადაო საკითხებთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ გასულია გადაწყვეტილების აღსრულების ვადა. მასვე უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მოპასუხეებმა უარი თქვეს საკუთრების უფლებაზე. აღნიშნული მოპასუხის ინტერესში შედის და მხოლოდ მას შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ გასულია გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა და რომ მოპასუხეებმა უარი თქვეს საკუთრების უფლებაზე.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--- ჭ-----ას სასარგებლოდ გაცემული 1996 წლის 10 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა, პ----- ჭ-----ამ და თ--- ვ----ამ სადაო გახადეს 1996 წელშივე. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1996 წლის 6 ოქტომბერს. სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა სანოტარო მოქმედება, მ--- ჭ-----აზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა და მასში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც მ--- ჭ-----ას მიეკუთვნა ბინის 1/8 ნაწილი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1997 წლის 15 ოქტომბერს. ამდენად თუ გადაწყვეტილება ექვემდარებოდა აღსრულებას, მაშინ სააღსრულებო მოქმედებები უნდა დაწყებულიყო 1997 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

3.2.7. მოსარჩელემ საკუთრებასთან დაკავშირებით დავა წამოიწყო 2016 წლის 26 დეკემბერს. მანამდე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავა დაწყებული ჰქონდა პ----- ჭ-----ას. ის საჯარო რეესტრს შეედავა მ--- ჭ-----ას საკუთრებად ქონების ½ ნაწილის დარეგისტრირების გამო, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოებით მან მიზანს ვერ მიაღწია. ამდენად 1997 წლის 15 ოქტომბრიდან სარჩელის აღძრვამდე გავიდა დაახლოებით 19 წელი.

3.2.8. მ--- ჭ-----ას წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეებმა პრივატიზაციის პროცესში უარი თქვეს საკუთრების უფლებაზე. ამ გარემოების დადასტურებისათვის მან მიუთითა პ----- ჭ-----ას და თ--- ვ----ას წერილობითი განაცხადებაზე, რომლითაც პ----- ჭ-----ამ და თ--- ვ----ამ წერილობით განაცხადეს, რომ თანახმა საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაეცეს მ-----–----------ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას, არგუმენტების დასამტკიცებლად თანაბარი საპროცესო საშუალების მიცემას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მხარეები მტკიცებულებების მეშვეობით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტების დადგენაში. სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას, მათ სიმყარეს, დამაჯერებლობას და მათი შეფასებით უყალიბდება შინაგანი რწმენა ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მიუხედავად მტკიცებულებათა შინაარსისა და მნიშვნელობისა, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული შეფასება. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. საქმეში, საქმეში წარმოდგენილი პ----- ჭ-----ას და თ--- ვ----ას წერილობითი განაცხადება, ან/და სხვა მტკიცებულებები შესაძლებელია გამოდგეს საკუთრებაზე უარის თქმის მტკიცებულებად, მაგრამ წინამდებარე შემთხვევაში მტკიცების ტვირთს ართულებს ის გარემოება, რომ დასახელებული მტკიცებულებები არ შეიცავს საკუთრებაზე უარის თქმის ინფორმაციას. ის, რომ პ----- ჭ-----ა და თ--- ვ----ა დათანხმდენ საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაეცეს მ-----–----------ს, ეს გარემოება სადაო არაა, მაგრამ ის, რომ ამ განცხადებით უარი თქვეს საკუთრების უფლებაზე, ზემოთ დასახელებული დოკუმენტებით არ დასტურება. საკუთრებაზე უარის თქმის მტკიცება სპეციფიკური საკითხია. მისი დამტკიცება, მხოლოდ პრივატიზაციის პროცესში ერთერთ მობინადრეზე ბინის გადაფორმების თანხმობის განცხადებით, შეუძლებელია. მისი დადგენისათვის ყველაზე ეფექტურია ისეთი დოკუმენტი, სადაც გამოკვეთილი იქნება მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლებაზე უარი. ასეთ რამეს დასახელებული დოკუმენტები არ შეიცავს. პრივატიზაციის გაიოლების მიზნით დასშვები იყო ფართში რეგისტრირებულ პირებს გადაეწყვიტათ ერთერთ პირზე გაფორმებულიყო ბინა. აღნიშნული მათ არ ართმევდათ საკუთრების უფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ფართი ერთრთ მათგანზე იყო რეგისტრირებული, დანარჩენ პირებს საკუთრების უფლება მოპოვებულად ეთვლებოდათ და ნებისმიერ დროს შეეძლოთ საკუთრების უფლების რეალიზება და ქონების თანასაკუთრებაში აღრიცხვა. მ--- ჭ-----ას წარმომადგენელმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელეებმა საკუთრებაზე უარი თქვეს, შესაბამისად მისი არგუმენტები სასამართომ არ გაიზიარა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეები სადაო ქონების თანამესაკუთრეები არიან. მოსარჩელეების უფლების აღდგენის მიზნით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები. მიუხედავად ამისა ქონების მესაკუთრეებად აღრიცხული არიან მხოლოდ მოპასუხეები და ამ გზით არღვევენ მათ საკუთრების უფლებას.

 

სასამართლო მხარეებს მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საკუთრების უფლების დაცვა. მოსარჩელეს უფლება აქვს იდაოს საკუთრების უფლების დასაცავად და ამ გზით აღიდგინოს დარღვეული უფლება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოსარჩელეები არიან თუ არა სადაო ქონების მესაკუთრეები, 1996 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობა არის თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ხელშემშლელი და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ მოსარჩელეები არ არიან მესაკუთრეები, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

 

6.3. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ 1993 წლისათვის ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე 101.72 კვ.მ. ფართის ბინაში რეგისტრირებულნი იყვნენ მ-----–----------ი, პ----- ჭ-----ა, თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა. 1993 წლის 18 აგვისტოს განხორციელდა ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე 101.72 კვ.მ. ფართის პრივატიზაცია, რის შედეგადაც ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა მ-----–----------ის სახელზე. პ----- ჭ-----ამ და თ--- ვ----ამ წერილობით განაცხადეს, რომ თანახმა არიან საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაეცეს მ-----–----------ს.

 

შესაფასებელია თ--- ვ----ას თანხმობამ - ბინა გაფორმებულიყო მ-----–----------ის საკუთრებად, იქონია თუ არა ზეგავლენა მის საკუთრებაზე. ბინების პრივატიზაციის საკითხი საქართველოში რეგულირდებოდა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით, რომლის მეოთხე პუნქტითაც „საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები არიან, ხოლო ბინის დამქირავებლად ის პირი ითვლება, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართი ბინის ორდერში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა საკუთრების უფლება მოიპოვეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების საფუძველზე. ქონების პრივატიზაციისათვის მნიშვნელოვანი იყო პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა და ქონების აღრიცხვა ერთერთ დამქირავებელზე. ფართის დამქირავებლები იყვენ მ-----–----------ი, პ----- ჭ-----ა, თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა. შესაბამისად ისინი კანონმა აღიარა ქონების მესაკუთრედ. მ-----–----------ის საკუთრებად ქონების რეგისტრაციას, დანარჩენი დამქირავებლების უფლება არ გაუუქმებია. საჯარო რეესტრში მოხდა მხოლოდ პრივატიზაციის პროცესის დასრულება ერთი კონკრეტული ფართის მიმართ. ამის შემდეგაც ქონების მესაკუთრედ ითვლებოდა თთოეული ის პირი, ვისაც კანონით პრივატიზაციის საფუძველზე მიენიჭა საკუთრების უფლება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით განისაზღვრა უფლება, რომლის რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი, რაც ასევე დანარჩენ დამქირავებლებსაც გააჩნიათ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სარგებლობის უფლება, ერთ შემთხვევაში, წარმოიშობა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში - დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის საფუძველზე. ოჯახის წევრებს გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი. ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ვრცელდება დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ყველა ოჯახის წევრზე და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება მათი თანხმობით შეიძლება აღირიცხოს ერთ-ერთ დამქირავებელზე, საერთო უფლებებთან ერთად მათ ეკისრებათ სარგებლობიდან გამომდინარე მესაკუთრის ყველა ვალდებულება. აღნიშნული დებულება ასევე დაცულია დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცით, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ის ფაქტი, რომ სადავო საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ერთ დამქირავებელზე, არ ნიშნავს იმას, რომ მასთან მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს საკუთრების უფლების მოპოვებაზე. პრივატიზების განხორციელებაზე ყველა ოჯახის წევრის ნების არსებობა გულისხმობს საკუთრების უფლების მოპოვებას ყველა ოჯახის წევრის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთ დამქირავებელზე. მხოლოდ ერთ-ერთი დამქირავებლის სახელზე (სხვა ოჯახის წევრების არსებობის შემთხვევაში) პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაციის ფაქტი არ ნიშნავს საკუთრების უფლების გასხვისებას მხოლოდ მასზე. ამ შემთხვევაში საკუთრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ნიშნები ვრცელდება ყველა დამქირავებელზე, ანუ ის დამქირავებელი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია საკუთრების უფლება, ვერ გამოიყენებს ამ საკუთრების უფლებას დანარჩენ ოჯახის წევრებთან მიმართებით ისე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკუთრების უფლება გასხვისებული იქნებოდა მხოლოდ მასზე. აღნიშნული საკითხი ასევე დარეგულირებული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის № 1 დადგენილების მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №520 დადგენილებამ გააუქმა ბინების პრივატიზებისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული აქვს ბინის პრივატიზების საფუძველზე. ამრიგად, ერთ-ერთი დამქირავებლის მიერ ფართის პრივატიზების შედეგად თავის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი არ გამორიცხავს დანარჩენი ოჯახის წევრების სასარგებლოდ ამ უფლების შეძენის ფაქტს, (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1148-1077-2012). ამდენად მიუხედავად იმისა, რომ ქონება აღრიცხული იყო მ-----–----------ის საკუთრებად, მოსარჩელეები ითვლებიან ამავე ქონების მესაკუთრეებად.

 

6.4 სასამართლო საქმის მონაწილეებს მიუთითებს საქ. სსკ-ის 106-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სსკ-ის 106-ე მუხლში მითითებულ გარემოებებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა, ანუ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ასევე ისეთ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, არ საჭიროებენ მტკიცებას. აუცილებელია შეფასება მიეცეს საკითხს ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, წინამდებარე დავისათვის აქვს თუ არა პრეიუდიციული მნიშვნელობა. გადაწყვეტილების ანალიზით დგინდება, რომ დავაში ერთი მხარეა პ----- ჭ-----ა და მ--- ვ----ა, მეორე მხარე კი მ--- ჭ-----ა. ანუ ის მხარეები, ვინც ამავე საქმეშია წარმოდგენილი. 1996 წლის დავის ფარგლებში სასამართლომ გამოიკვლია პრივატიზაციის და ქონების საკუთრების საკითხი, ასევე რიგი სხვა საკითხები. თითოეულ ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მათზე დღესაც დაობენ, უნდა მიენიჭოს დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სტატუსი და მისი შინაარსი სასამართლომ აღარ უნდა შეამოწმოს. ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილია, რომ მ-----–----------ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა გაიხსნა მ-----–----------ის წილ ¼ ნაწილზე, ესე იგი ბინიდან მ--- ჭ-----ას ერგება მ-----–----------ის კუთვნილი ქონების - ¼-ის ნახევარი - 1/8 წილი. ამ მსჯელობით სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა სანოტარო მოქმედება, მ--- ჭ-----აზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა და მასში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც მ--- ჭ-----ას მიეკუთვნა ბინის 1/8 ნაწილი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1997 წლის 15 ოქტომბერს. იმავდროულად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინაში ჩაწრერილი თითოეული პირი არის ამ ქონების ¼ - ¼ ნაწილის მესაკუთრე. შესაბამისად სასამართლომ დაადგინა რომ თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა არიან ქონების ¼ - ¼ ნაწილის მესაკუთრეები.

 

6.5. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო კოდექსის VI წიგნი ადგენს და აწესრიგებს მემკვიდრეობის სამართლის ინსტიტუტებს, განსაზღვრავს ამ სამართლის ცნებებს, მემკვიდრეობის წარმოშობის საფუძვლებს და ა.შ. მითითებული წიგნის მე-13 თავით განსაზღვრულია სამკვიდროს დაცვის ცნება, წინაპირობები, უფლებამოსილი ორგანო და დაცვის ღონისძიებები. სამემკვიდრეო სამართლის ინსტიტუტის - სამკვიდრო მასის ცნების მიხედვით, სადავო ვერ იქნება ის გარემოება, რომ მოპასუხეები ვერ იქნებიან მემკვიდრეები მამკვიდრებლის იმ ქონებაზე, რომელიც გარდაცვალების მომენტში მამკვიდრებლის საკუთრებას არ წარმოადგენდა. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით გააუქმა სასამართლომ მ--- ჭ-----ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და განმარტა, რომ მას მიღებული აქვს მხოლოდ 1/8 ნაწილი. დასახელებული სამკვიდრო მოწმობა აღარ წარმოადგენს იმ უფლების დამდგენ საბუთს, რომლითაც მ--- ჭ-----ა აღრიცხული უნდა იყოს ამ ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქონების ¼ - ¼ ნაწილი მოსარჩელეების საკუთრებაა და მეორეც მას მიღებული აქვს ქონების მხოლოდ 1/8 ნაწილი. მ--- ჭ-----ა ამტკიცებს, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ხანდაზმულია. სასამართლო ეთანხმება, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ხანდაზმულია, მაგრამ ის ზეგავლენას ვერ იქონიებს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებაზე. პირველ რიგში მ--- ჭ-----ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაუქმებულია და გადაწყვეტილება აღსრულებული არის თუ არ არის, ამისდა მიუხედავად სამკვიდრო მოწმობა მ--- ჭ-----ას აღარ წარმოუშობს ½ ნაწილზე საკუთრების უფლებას და მეორეც ამ ქონების ¼ - ¼ ნაწილი მოსარჩელეების საკუთრებად აღიარებულია კანონით და დადასტურებულია ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებითაც. შესაბამისად მათი თანამესაკუთრედ ცნობის საკითხში არარსებობს რაიმე ხელისშემშლელი გარემოება. მ--- ჭ-----ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო ქონებაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება, კანონით დაცული არ არის, რის გამოც მისი რეალიზაციის იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს. მის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში არსებული საკუთრების უფლების ჩანაწერი, ასევე პ----- ჭ-----ას საკუთრების უფლების ჩანაწერი შეიცავს ცდომილებას და იგი უნდა მოვიდეს სწორი ჩანაწერის შესაბამისობაში. მოსარჩელეები აღიარებული უნდა იქნან ქონების თანამესაკუთრეებად ¼ - ¼ ნაწილში ანუ მათ ეკუთვნით 25.43-25.43 კვ.მ. ფართი, პ----- ჭ-----ას საკუთრებად უნდა დარეჯგისტრირდეს მთლიანი ქონების 3/8 ნაწილი, ანუ 38.145 კვ.მ. ხოლო მ--- ჭ-----ას საკუთრებად მთლიანი ფართის 1/8 ნაწილი, ანუ 12.715 კვ.მ. ფართი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ ბაჟის ოდენობა შადგენს 1971 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს. პ----- ჭ-----ამ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო. სარჩელის ცნობის გამო ის საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს. ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟი 985.5 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, ხოლო დარჩენილი 985.5 ლარი მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაუროს მ--- ჭ-----ამ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაგამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. თ--- ვ----ას და მ------ ჭ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. თ--- ვ----ა და მ------ ჭ-----ა აღიარებული იქნან ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ. 29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე 101.72 კვ.მ. ფართის თანამესაკუთრეებად.

3. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდეს ცვლილებები და ქ. ბათუმში რ---------–---------- ბ.29-ში (ს/კ 05.22.09.007.01.0--) მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ შემდეგი პირები:

- პ----- ჭ-----ა - ქონების 3/8 ნაწილი;

- თ--- ვ----ა - ქონების 1/4 ნაწილი;

- მ------ ჭ-----ა - ქონების 1/4 ნაწილი;

- მ--- ჭ-----ა - ქონების 1/8 ნაწილი.

4. მ--- ჭ-----ას დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 985.5 ლარი.

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს თ--- ვ----ას მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 985.5 ლარი. (საგადასახადო დავალება 1, გადახდის თარიღი- 15/12/2016 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ‘’საქართველოს ბანკი’’, სახაზინო კოდი -300693150)

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე