გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-11-2018
(130310018002309726)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე: ლ---- მ----–---–ი
მოპასუხე: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: მ------- ძ-------ე, თ----- გ-----–--ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: შ------- ბ----–-–---–ი, ც---- ს------ე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 8 დეკემბრის N882017954891-05 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის N40198 გადაწყვეტილება ლ---- მ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 დეკემბრის N03/13046 ადმინისტრაციული აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს დაადგინოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ N88201795489 განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა, მის მიერ 2006 წლის 3 ივლისს შეძენილ და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული 52კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო N69.08.03.0--) იდენტურობა (იხ. მოთხოვნის დაზუსტება, 2018 წლის 3 აპრილის სხდომის ოქმი 15:48:46-15:20:31).
მოსარჩელე უთითებს, რომ 2006 წლის 3 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ხაშურში, კ-------ას ჩიხში მდებარე 52კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საკუთრება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და 2006 წლის 17 ივლისს გაცემულია ამონაწერი (საკადასტრო კოდი 69.08.03.0--). ამავე ფართზე რამდენიმე წელია აშენებულია შენობა-ნაგებობა. 2017 წლის 10 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუმცა 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით რეგისტრაციაზე ეთქვა უარი. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრს მის მოთხოვნასთან დაკავშირებით აცნობა, რომ ლ---- მ----–---–ის წარდგენილ განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა და არ დგინდებოდა იდენტურობა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთთან.
მოსარჩელის მითითებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის აქტი არის უკანონო, რადგან არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა, რითაც დაიღვა მისი უფლებები. ასევე, უკანონოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, რადგან მას შეეძლო თვითონ დაედგინა იდენტურობა და არ იყო საჭირო დოკუმენტების მერიაში გადაგზავნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი წერილის შესაბამისად, მერიის მიერ მოხდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, შედგა ოქმი და დადგინდა, რომ კ---- ხ----ის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური ხაშურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 მარტის N31 დადგენილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა.
2.2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს ლ---- მ----–---–მა მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი 69.08.03.0--) და საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. ვინაიდან არსებული დოკუმენტებით უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 19 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და ლ---- მ----–---–ს განუმარტა, რომ უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია. წერილის პასუხად გადმოგზავნილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურმა 2017 წლის 8 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააგენტოში, რომელმაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა წერილობითი პოზიცია სახელმწიფოს მიერ 2006 წელს განკარგული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით, ქონების განკარგვა განხორციელდა 2006 წლის 27 მარტს ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ, რის გამოც სააგენტოში არ იყო დაცული საპრივატიზაციო დოკუმენტაცია, ამიტომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტების მიზანშეწონილობის საკითხზე. ვინაიდან, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ დაადასტურა მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დააკმაყოფილა ლ---- მ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. საქმეში მესამე პირი არ ჩაბმულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ხაშურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 მარტის N31 დადგენილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 52კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე, ხაშურში, კ-------ას ჩიხში, ყოფილი საქვაბის მიმდებარედ) განსაკარგავად ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ლ---- მ----–---–ი. ამ დადგენილების საფუძველზე, მასთან 2006 წლის 3 ივლისს დაიდო ხელშეკრულება უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი 69.08.03.0--) ნასყიდობის შესახებ. ლ---- მ----–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2006 წლის 17 ივლისს (ს.ფ. 28-29; 34-41).
4.2. 2017 წლის 10 ოქტომბერს ლ---- მ----–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის (უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების) მოთხოვნით და წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი 69.08.03.0--) და კ---- ხ----ის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის 35-41-ე გვერდები).
4.3. სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 19 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და ლ---- მ----–---–ს განუმარტა, რომ უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის გამოც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია. (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის 42-44-ე გვერდები).
4.4. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოთხოვნის პასუხად, 2017 წლის 4 დეკემბერს მიწერა საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ კ---- ხ----ის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური ხაშურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 მარტის N31 დადგენილებით და მიწის (უძრავი ნივთის) სააღრიცხვო ბარათით (საკადასტრო კოდი 69.08.03.0--) წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა. წერილს თან ერთვოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი და ადგილზე დათვალიერების ოქმი N00132 (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის 45-52-ე გვერდები).
4.5. ლ---- მ----–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 8 დეკემბერს მიიღო N882017954891-05 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის 53-54-ე გვერდები).
4.6. ეს გადაწყვეტილება ლ---- მ----–---–მა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც, დამატებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა წერილობითი პოზიცია სახელმწიფოს მიერ 2006 წელს განკარგული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით, ქონების განკარგვა განხორციელდა 2006 წლის 27 მარტს ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ, რის გამოც სააგენტოში არ იყო დაცული საპრივატიზაციო დოკუმენტაცია, ამიტომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტების მიზანშეწონილობის საკითხზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 იანვრის N40198 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ლ---- მ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის 56-71-ე გვერდები).
4.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში (საკადასტრო N69.08.03.0--) არსებულ საკადასტრო გეგმაზე მითითებული 52კვმ. მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით და კონფიგურაციით არ შეესაბამება ლ---- მ----–---–ის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს სარეგისტრაციოდ წარდგენილ N88201795489 განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო ნახაზზე (დამხაზველი კ---- ხ----ე, თარიღი 2017 წლის 10 ოქტომბერი) არსებულ მიწის ნაკვეთს. ამას ადასტურებს ლ---- მ----–---–იც (იხ. 2018 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი 14:42:17-14:43:02; 14:52:49-14:53:-07).
4.8. ლ---- მ----–---–ს დღემდე სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრში დაცული მონაცემები მის კუთვნილ უძრავ ნივთთან (საკადასტრო N68.08.03.0--) დაკავშირებით. მას არასდროს ჰქონია და შესაბამისად, არც წარმოუდგენია ამ ნივთთან დაკავშირებით პირველადი რეგისტრაციის დროს შედგენილი სხვა ნახაზი, განსხვავებული იმისაგან, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინახება (იხ. 2018 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი 14:43:09-14:45:29).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
7.4. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ინახებოდა სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის 25-ე გვერდი), რომელიც სრულიად შეესაბამება რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებულ ნახაზს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის მე-20 გვერდი). ეს დოკუმენტები ინახებოდა სარეგისტრაციო სამსახურში ლ---- მ----–---–თან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, ვინაიდან, 2006 წლის 5 მაისის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, უძრავი ნივთი ჯერ დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო 2006 წლის 3 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაეცა ლ---- მ----–---–ს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის შესაგებლის მე-15-16, 28-34-ე გვერდები).
7.5. ამდენად, ლ---- მ----–---–ის მიერ 2006 წლის 3 ივლისს შეძენილ იქნა საჯარო რეესტრში N68.08.03.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთი და მის მიერ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემები ამ დრომდე სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მის პოზიციას, რომ საჯარო რეესტრში დაცული ნახაზი არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს. ამ პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
7.6. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი სარეგისტრაციო დოკუმენტს განმარტავს, როგორც სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
7.7. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
7.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ---- მ----–---–ის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაცხადზე თანდართული და ასევე, სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტებით უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან არ დგინდებოდა ნახაზების შესაბამისობა ერთმანეთთან. ამიტომ სარეგისტრაციო სამსახურმა მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია.
7.9. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
7.10. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოკვლეულ იქნა საკითხი იმის შესახებ იდენტური იყო თუ არა ლ---- მ----–---–ის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაცხადზე თანდართულ, კ---- ხ----ის მიერ შედგენილ საკადასტრო ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ლ---- მ----–---–ს გადაეცა ხაშურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 მარტის დადგენილებით. გამგეობის მიერ დადგენილ იქნა, რომ იდენტურობა არ არსებობდა. ანალოგიური დადგინდა სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც.
7.11. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. სასამართლოს მიაჩნია რომ ამგვარ საფუძვლად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ არ დადგინდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში და საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული ნაკვეთების იდენტურობა.
7.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 8 დეკემბრის N882017954891-05 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის N40198 გადაწყვეტილება და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 დეკემბრის N03/13046 ადმინისტრაციული აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ამიტომ, მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გადაწყვიტა
1. ლ---- მ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი