განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
010100115793291
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115793291

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

პროკურორი - დავით კირჩხელი

 

განსასჯელი - არ-----------ანი (დასწრების გარეშე)

ადვოკატი - ბი----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: არ-----------ანი

მამის სახელი: გრაჩი

დაბადებული: 09.05.1971 წელი

ნასამართლობა: არ მქონე

მოქალაქეობა: სომხეთის მოქალაქე

განათლება: საშუალო

მისამართი: სომხეთის რესპუბლიკა, ქ. გიუ---ი, შირ---–ის ქ. სახლი N54, ბინა N2

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

105-ე მუხლი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, არ-----------ანს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

 

1. ვრ-–------------------------ოსიანის განზრახ მკვლელობა.

 

არ-----------ანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

არ-----------ანი, ქ. ბათუმში, ზ. გორ------კი სახლი N211, ბინა 3-ში დროებით ცხოვრობდა მეგობარ ვრ-–-------------იანთან ერთად. 1995 წლის 08 ივლისს, წინა დღეებში მათ შორის მომხდარი უთანხმოების საფუძველზე მძინარე ვრ-–-------------იანს თავის არეში მიაყენა რამდენიმე დაზიანება მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. არ-----------ანს, ვრ-–-------------იანის განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების აღწერა:

 

3. 1995 წლის 9 ივლისის შეტყობინების საფუძველზე, ქ. ბათუმის პროკურატუტაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 105-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

 

4. 1995 წლის 9 ივლისის ზეპირი შეტყობინების ოქმის თანახმად, ზემო გორ------კი, სახლი №211, ბინა №3-ში აღმოჩენილი არის მოქალაქე ვრ-–------------------------ოსიანის გვამი, თავის არეში მიყენებული დაზიანებებით.

 

5. 1995 წლის 9 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ზემო გორ------კი, სახლი N211, ბინა 3-ში. ბინა მდებარეობს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, პირველ სადარბაზოსთან მარცხენა მხარეს. აქვს ხის კარები, რომელიც დათვალიერების დროს იყო გატეხილი. შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს საძინებელი ოთახი, ოთახში არის დივანი გაშლილ მდგომარეობაში, დივანზე გადაფარებულია თეთრი ზეწარი, რომელიც დასვრილი იყო მუქი მოწითალო ფერის ლაქებით (სისხლით). ადიალის გადახსნის შემდგომ გამოჩნდა მამაკაცის გვამი, სახით კედლისაკენ, წევს მარცხენა მხარზე, გვამის თავი იდო ბალიშზე, რომელიც გაჟღენთილი იყო სისხლით, ასევე სისხლით იყო გაჟღენთილი მატრასიც. კედლებზე შხეფების სახით იყო სისხლის ლაქები. ოთახში იყო წიგნების კარადა, რომელზეც ნანახია წერილი, შედგენილი რუსულ ენაზე, რომელშიც გახვეულია დანა, ზომით 20 სმ, ქარხნული წესით დამზადებული ძველი ხის ტარით.

 

6.შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი წერილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არამ ბოახჩიანის მიერ არის შედგენილი.

 

7 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №48 დასკვნის თანახმად, ვრ-–------------------------ოსიანის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა აწარმოა ექსპერტმა მუ------------ძემ. გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის მონაცემებისა და კვლევის დამატებითი მეთოდების საფუძველზე ითვლება, რომ 24 წლის მოქალაქე ვრ-–-------------იანის სიკვდილის მიზეზი არის ქალასარქველის ძვლების ღია შეჭეჭყილი მოტეხილობა თავის ტვინის ნივთიერებებისა და მისი გარსის დაზიანებით. გარდაცვალების მომენტიდან გაკვეთის მომენტამდე გავიდა დაახლოებით 50-58 საათი. გვამზე არის მრავალრიცხოვანი დაჟეჟილი ჭრილობები თავის თმიან ნაწილზე ქალასარქველის ძვლების შეჭეჭყილი მოტეხილობით/ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი მყარი საგნით და განეკუთვნება სიცოცხლისთვის მძიმე-საშიშ კატეგორიას/ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულმა მოტეხილობებმა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით გამოიწვიეს სიკვდილი. ყველა დაზიანება არის მიყენებული სიცოცხლეში ერთსა და იმავე დროს. სიკვდილის დადგომისას დაზარალებული იმყოფებოდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ------------რიანმა აჩვენა, რომ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ზემო გორ------კი, სახლი N211, ბინა 15-ში. პირველ სართულზე ბინა N3-ში ცხოვრობდა ნინ-----–---ინა, რომელიც თურქეთში წავიდა სამუშაოდ და ბინის გასაღები დაუტოვა მათ. მოწმის განმარტებით, მისი შვილი იყო მოტომსროლელი პოლკის აღსაზრდელი, სადაც გაიცნო არ-----------ანი და ვრ-–-------------იანი, ერთად მსახურობდნენ. 1995 წელს, როდესაც დაბრუნდნენ ბათუმში, მან და მისმა ცოლმა მისი შვილის მეგობრებს არ-----------ანს და ვრ-–-------------იანს შეთავაზეს ეცხოვრათ ნინ-----–---ინას ცარიელ ბინაში. ახალგაზრდებთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ხშირად მისი მეუღლე უმზადებდა სადილებს და ბინის ქირასაც არ ართმევდნენ. 1995 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, მისი მეუღლე ჩავიდა ბიჭების ბინაში, დიდი ხანი რეკავდა ზარს, მაგრამ კარი არავინ არ გაუღო. დღის პირველი საათისთვის კვლავ დარეკეს ზარი და ვინაიდან არავინ გამოეხმაურა ავიდა აივანზე და აივნიდან შევიდა ბინაში. იგრძნო უსიამოვნო სუნი, გამოიღო ფანჯრის მინა და გადაძვრა ოთახში. დაინახა, რომ დივანზე ვიღაც იწვა, იყო სისხლის ლაქები და უსიამოვნო სუნი. გარდაცვლილი აღმოჩნა ვრ-–-------------იანი, მისთვის უცნობია თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა იგი. მოწმის განმარტებით, ვრ-–-------------იანს და არ-----------ანს, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ბინაში ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ და არასდროს არ უჩხუბიათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია, სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება არ-----------ანის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ:

 

9. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, ”სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1995 წელს მოქმედი რედაქცია) განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს განსასჯელი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის ეს მოთხოვნა საგულისხმოა იმ მხრივ, რომ მისი შესრულება განაპირობებს ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, რაც მომხდარი შემთხვევის სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველია. საამისოდ აუცილებელია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნების თანმიმდევრულად გატარება და განუხრელად დაცვა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა გამოკვლევისას სასამართლო გამოძიების დროს.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცავდეს დანაშაულის მოტივს. მასში მითითებული უნდა იყოს ასევე მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია და სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა არ-----------ანის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენაზე, გარდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წერილისა.

 

15. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე ამოღებულს წერილს დადგენილია, რომ იგი განსასჯელმა დაწერა, მაგრამ მისი შინაარსი გამორიცხავს მკვლელობის ჩადენის ფაქტს.

 

16. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა განსასჯელ არ-----------ანის მიერ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტმა, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის რედაქცია) 495-ე, 496-ე, 498-ე, 502-ე, 503-ე, 506-ე, 508-ე, 509-ე და 512-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

განსასჯელი არ-----------ანი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

არ-----------ანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განიმარტოს, რომ არ-----------ანს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი