გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002186614 (2/2130-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - შპს ,,ფ-----’’
წარმომადგენელი - კა--------------უა
მოპასუხეები: ჯი------------–--ა, ელ-----------–ია
ელ-----------–იას წარმომადგენელი - თი-------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ჯი------------–--სა და ელ-----------–იასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8--- ლარის სოლიდარულად დაკისრება (და------------–------------------------------–-–------------------).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხებმა შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნეს სრულად.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2----–-–------------–ს შპს ,,ფ-----’’-სა მოპასუხეებს შორის გაფორმდა №39-- სესხისა და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელ - ჯი------------–--ას სასარგებლოდ გაიცა სესხი 8 000 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის გრაფიკის მიხედვით, 44 დღის ვადით, 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით. საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 14 %.
იმავე ხელშეკრულებით, ჯი------------–--ას მიერ ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილია ელ-----------–იას თავდებობით. კერძოდ, ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, რომ თუ მსესხებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას გამსესხებლის წინაშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი;
-გასავლის ორდერი №39--;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.2.მსესხებლის - ჯი------------–--ას მიერ დაირღვა მოსარჩელესთან შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისი და თავდების - ელ-----------–იას სოლიდარული დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 8--- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი;
-გასავლის ორდერი №39--;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების არსებობა.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის, საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, სიცოცხლის დაზღვევისა და საკომისიოს გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია ანუ გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას, რა მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, რომ პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. რიგ შემთხვევაში, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ ძირი თანხის, არამედ პროცენტის მიმართ, რის შესახებაც დათქმა გათვალისწინებულია სესხის ხელშეკრულებით. ამდენად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, აღნიშნულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი და თავდები, რითაც მათ იკისრეს ვალდებულება შეასრულონ ისინი. 6.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შესაგებლითა და მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სრულად, რაც წარმოადგენს მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს უბრუნდება სახელმწიფო ბაჟი სრულად. 7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 350 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, რის შესახებაც სარჩელს ერთვის გადახდის ქვითარი, ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლო აღნიშნავს, რომ 53-ე მუხლის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს მითითებული ხარჯი დავის საგნის ღირებულების - 8--- ლარის მხოლოდ 4 პროცენტის - 3---- ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შპს ,,ფ-----’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.მოპასუხეებს ჯი------------–--ას და ელ-----------–იას მოსარჩელე შპს ,,ფ-----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8--- ლარის გადახდა;
3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება - 3---- ლარის ოდენობით;
4.მოსარჩელე შპს ,,ფ-----’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 22.11.2017 წელს №120 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 257 ლარი, რაც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,ლი-------------’’, სახაზინო კოდი: 300813150, ბანკის კოდი: TRESGE22;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა