განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
190100118002393729
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-240-18

(#092250118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მაისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი ნინო ლალიაშვილი,ბრალდებული: ვ----------------–-----ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ი--------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი - უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

შპს „ს------------ას“ (ს/ნ406115038) 100% წილის მფლობელმა ვ----------------–-----მა, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ აფთიაქში მდებარე, ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის 13 ივნისის N02-806/ო ბრძანების საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ----------------–-----ის მითითებით, შპს „ს------------ას“ კუთვნილი ავტორიზებული აფთიაქის თანამშრომლები, 2014 წლის 21 მარტიდან 2016 წლის 09 მარტამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატიურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს „ს------------ას“ მიერ რეალიზებულ იქნა 248 938 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ვ----------------–-----მა მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა ვ----------------–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. 2018 წლის 20 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ და ბრალდების მხარემ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ სცნეს, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა, ვ----------------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ინსპექტორ-გამომძიებლების კ---------------–---–ის და ზ--------–-----ის პატაკს, მოწმეების ზ--------–-----ის, ე-–---------------ის, დ----------–--------–---–ის, ც--------------ის, ნ----–-–--–---–ის, თ-----------–-–---–ის, მ-------------–----ის და ს----------------ას გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, წარმოდგენილი წამლის დათვალიერების ოქმებს, ამოღების ოქმებს, შპს „ს------------ას“ ინვენტარიზაციის მასალებს, თემატური რევიზიის დასკვნას შპს „ს------------აზე“, რევიზიის აქტს, ნანა შოშიაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბრძანებას და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N176 დადგენილებას, ც--------------ის მიერ წარმოდგენილი ფსიქოტროპული ნივთიერებების დათვალიერების ოქმს, მომართვის წერილს და ინვენტარიზაციის მასალებს, შპს „ჯ----------ზე“ მომართვის წერილებს და ინვენტარიზაციის მასალებს შპს „ს------------აზე“, მომართვის წერილს სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან, საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანებას N01-34/ნ. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის ბრძანებას N22/ნ. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის ბრძანებას N150/ნ. საქართველოს ჯამრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის ბრძანებას N465/. საქართველოს კანონს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, 2014 წლის 13 ივნისის N02-806/ო ბრძანებებს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს. ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობს, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად ან ორგანიზებულად. კანონი ზუსტად განსაზღვრას რეგისტრაციის პირობებს.

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრულია ლიცენზიების ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები. სამეწარმეო საქმიანობის წარმოების უფლება, რომელზეც სავალდებულოა ლიცენზია, წარმოიშობა ნებართვის მიღების მომენტიდან მანამ სანამ არ შეწყდება მოქმედების ვადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ზიანს აყენებს სახელმწიფო ფინანსურ ინტერესს, რადგან ასეთ დროს კონკრეტული პირი არ იხდის ლიცენზიის გაცემისათვის დაწესებულ გადასახადს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს ასევე სისტემის სტაბილურობას და სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნებართვა ეს არის ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე სამი ნიშნით ხასიათდება: ქმედება, მძიმე შედეგი, რაც გამოიხატება მნიშვნელოვან ზიანში ან დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაში და მიზეზობრივი კავშირით ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ეს დანაშაული შესაძლებელია გამოიხატებოდეს: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობა საჭირო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზირების პირობის დარღვევით.

 

სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზირების პირობების დარღვევით სახეზეა მაშინ, როდესაც განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ლიცენზიის მქონე პირი ეწევა სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას, რაც შეიძლება გამოიხატოს საქმიანობაში, არა იმ პროფილით, რომელიც ლიცენზიაშია მითითებული. ლიცენზირების პირობების დარღვევა შეიძლება ასევე გამოიხატოს სამეწარმეო საქმიანობაში არა იმ ადგილას, სადაც ეს ნებადართულია ლიცენზიით ან კიდევ ვადაგასული ლიცენზიით საქმიანობა.

დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით შემოსავლის მირების მომენტიდან.

 

დანაშაულის ამსრულებელი ნებისმიერი ფიზიკური პირია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს განზრახვას, მოტივი კი ანგარებითია.

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „ს------------ას“ (ს/ნ406115038) 100% წილის მფლობელმა ვ----------------–-----მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით. ვ----------------–-----ის მითითებით, შპს „ს------------ას“ კუთვნილი ავტორიზებული აფთიაქის თანამშრომლები, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატიურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს „ს------------ას“ მიერ რეალიზებულ იქნა 248 938 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ვ----------------–-----მა მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვ----------------–-----ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვ----------------–-----ი გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------------–-----ს, სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ს 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ამასთან, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- შპს ,,ს------------ასგან” და შპს ,,ჯ----------სგან” შეძენილი და აფთიაქიდან ამოღებული მედიკამენტები (ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოში) უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- შპს ,,ს------------ადან” ამოღებული დოკუმენტაცია (ინახება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში) შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ვ----------------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----------------–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ვ----------------–-----ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ვ----------------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- შპს ,,ს------------ასგან” და შპს ,,ჯ----------სგან” შეძენილი და აფთიაქიდან ამოღებული მედიკამენტები (ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოში) განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- შპს ,,ს------------ადან” ამოღებული დოკუმენტაცია (ინახება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში) შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი