გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
030310018002242721
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002242721

№ 3/01-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე შოთა სირაძე

სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია

მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილება,წარმომადგენელი: ი---- ჭ----,მოპასუხე: მ---- ლ-–------ა (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების უკან დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს მოპასუხე მ---- ლ-–------ას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 420 (ოთხასოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონულ განყოფილებას, 2017 წლის 18 ივლისის N04/47216 კორესპონდენციის საფუძველზე, წარმოებაში აქვს ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ--–------ში მცხოვრები მ---- ლ-–------ას (5----------) საქმე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული, საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას.

მ---- ლ-–------ას ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის დღე - 04.2016 წელი) და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 54350, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის მიღებას, (შემწეობის ოდენობა 50 ლარი ოჯახის ყველა წევრზე, დამატებული 10-10 ლარი 16 წლამდე ასაკის ორ წევრზე).

სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, აღნიშნული ოჯახი გაცნობილ იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში სავარაუდო შედეგებს, რაც ასევე დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებაზე მ---- ლ-–------ას ხელმოწერითაც.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის N04/47216 კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით, ცნობილი გახდა იმ მოქალაქეთა შესახებ, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა და, ამავე დროს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. ამ პირთა სიაში დაფიქსირებულია მ---- ლ-–------ას ოჯახის წევრები: დ----- ლ-–------ა (პ.ნ. 5----------) და ლ-–- ლ-–------ა (პ.ნ.-----------), რომლებიც დასაქმდნენ შპს „ს--–-----–-- კ-------- მ-------ში“. 2017 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რაც მ---- ლ-–------ას ოჯახის მხრიდან არ მომხდარა.

აღნიშნული ოჯახი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახს გაეგზავნა როგორც გაფრთხილება, ასევე შეტყობინება, თუმცა მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მ---- ლ-–------ას შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოპასუხე მ---- ლ-–------ას ოჯახი 2016 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა 54350) და იღებდა საარსებო შემწეობას ოჯახის 8 წევრზე, მათ შორის, დ----- ლ-–------ასა და ლ-–- ლ-–------აზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

 

3.1.2. დ----- ლ-–------ა და ლ-–- ლ-–------ა დასაქმდნენ შპს „ს--–-----–-- კ-------- მ-------ში“. მათ დაუფიქსირდათ შემოსავალი, რაც ოჯახმა არ აცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

- 2017 წლის 18 ივლისის №04/47216 კორესპონდენცია.

 

3.1.3. მ---- ლ-–------აზე ზედმეტად გადაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 420 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

- ხობის რაონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათი.

 

3.1.4. მ---- ლ-–------ას სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა გაფრთხილება და შეტყობინება თანხის ნებაყოფლობით უკან დაბრუნების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 სექტემბრის №04-09-05/1070 წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 ნოემბრის №04-09-05/1216 წერილი,3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“. მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.

მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მ---- ლ-–------ას ოჯახი რეგისტრირებული იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და იგი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, იღებდა საარსებო შემწეობას. ასევე, დადგენილია ის გარემოება, რომ დ----- ლ-–------ასა და ლ-–- ლ-–------ას დაუფიქსირდა შემოსავალი, რაც ოჯახის დეკლარაციაში არ იყო მითითებული.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.

სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ---- ლ-–------ამ სააგენტოსათვის ინფორმაციის შეუტყობინებლად ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 420 ლარს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან მ---- ლ-–------ამ საარსებო შემწეობა მიიღო ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 09 ნოემრის წერილით მ---- ლ-–------ას დაევალა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების 420 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე მ---- ლ-–------ას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა 420 ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონულო განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ---- ლ-–------ას უნდა დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის 420 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 263-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე მ---- ლ-–------ას დაევალოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 420 (ოთხას ოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე