განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2018
საქმის ნომერი
170100118002357370
დავის ტიპი
126
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------

(გამოძიების №039070318001)

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

3 მაისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ--------------–-------------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე------------–----, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------, პირადი #5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: წ--–--- რაიონის სოფელ ა–---–-–-, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - მ----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

თარჯიმანი - ს------------–---–-------------------------------------------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ა–---–-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე------------–----- ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების - ი---------------------–------- თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არაერთჯერადად თავის არეში მარჯვენა მუშტის დარტყმით იძალადა მეუღლის - კ--------------–----- მიმართ, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა; 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 15:00-16:00 საათების შუალედში, წ--–--- რაიონის სოფელ ა–---–-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე------------–----- ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არაერთჯერადად კისერში მარჯვენა ხელის ძლიერად მოჭერისა და მარცხენა მკერდზე ხელის ძლიერად მოჭერით იძალადა მეუღლის - კ--------------–----- მიმართ, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა; 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:10 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ა–---–-–- ე------------–----- არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მარჯვენა მუშტის სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით იძალადა მეუღლის - კ--------------–----- მიმართ და ემუქრებოდა მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ე------------–----ს მიერ 2018 წლის 5, 6 და 7 მარტს არასრულწლოვანი შვილების - ი---------------------–------- თანდასწრებით მეუღლის - კ--------------–----- მიმართ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღწერილ გარემოებებში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალდებულმა ე------------–----- საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

3.2. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს დაზარალებულმა კ--------------–----- და მოწმეებმა - ი---------------------–-------, რომლებიც ბრალდებულის ახლო ნათესავები არიან (მეუღლე და შვილები).

 

3.3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით, შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება #5------ კ--------------–----- საპასპორტო მონაცემები, კ--------------–----- სამედიცინო ბარათი, ე------------–----ს ალკოტესტით შემოწმების ბარათი, მიმართვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მიმართვა ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს, ადვოკატ მ----------ს ორდერი, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მ--------------- საპასპორტო მონაცემები, ე-----------------------------------–------- საპასპორტო მონაცემები, მოწეების - ბ----------------------–---–-------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, ასევე ნ---------------- - როგორც მოწმე უდავოდ იქნა ცნობილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (1 იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (2 აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.) ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს (3 ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59.).

 

3.4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ე------------–----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ზემოაღნიშნული გამონაკლისების გარდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, ბრალდებულმა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (4 იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.) ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე------------–----ს მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელებას.

 

3.7. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის კ---------------------------–------ არიან მეუღლეები - ერთი ოჯახის წევრები, ხოლო ი---------------------–------ მათი არასრულწლოვანი შვილები (13 და 14 წლის), დაზარალებულის ოჯახის წევრები. აღნიშნული სადავოდ არ გამხდარა.

 

3.8. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა კ--------------–----- და მოწმეებმა - ი---------------------–------- (რომლებიც ბრალდების ფორმულირების მიხედვით უშუალო შემსწრე პირები არიან) უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, არცერთი მათგანი ირიბადაც არ მიუთითებს არა მარტო ე------------–----ს მიერ 2018 წლის 5 და 6 მარტს განხორციელებულ ქმედებებზე, არამედ, ზოგადად ამ დღეებში მომხდარ რაიმე შემთხვევებზე. მხოლოდ 2018 წლის 14 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (რომელიც თავის მხრივ ემყარება 2018 წლის 9 მარტის ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის შედეგებსა და 2018 წლის 7 მარტის სამედიცინო ცნობას), რომლის თანახმადაც, კ--------------–---- აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ საფეთქელზე, მარჯვნივ ორივე ტუჩზე, მარცხენა ძუძუზე, მარცხენა წინამხარზე, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით (რაზეც ექსპერტმა გ----------------–---–-- სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ ასეთი დაზიანებების მიყენება შესაძლებელია ნებისმიერი მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მათ შორის იატაკზე დაცემისა და სხვა მრავალი მსგავსი შემთხვევისას) და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს, არ შეიძლება გახდეს რაიმე ფორმით ე------------–----ს მიერ 2018 წლის 5 და 6 მარტს განხორციელებული ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია ამ დაზიანებების ე------------–----ს მიერ მიყენების თაობაზე, ვერ გამოდგება ამ ფაქტის დადგენის საკმარის და ობიექტურ საფუძვლად, რადგან, ერთი მხრივ, იგი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და, მეორე მხრივ, ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებას, რაზეც სასამართლო საერთოდ არ შეჩერდება, რადგან იგი მტკიცებულებას არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით. ამიტომ, სასამართლო აღარ შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს ექსპერტიზის დასკვნის ამ ნაწილის გაუზიარებლობის თაობაზე დაზარალებულის მიერ რუსული და ქართული ენების არცოდნის პირობებში ექსპერტთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო.

 

3.9. რაც შეეხება 2018 წლის 7 მარტის ეპიზოდს, ის მტკიცებულებები, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს და რომელთა ნაწილი დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, მათი ნაწილი, მაგალითად, მოწმე მ------------------------ (მეზობელი), მართალია, ადასტურებს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს პერიოდულად აქვთ დაძაბული ურთიერთობა, ე------------–---- სვამს და ეჩხუბება დაზარალებულს, ასევე 2018 წლის 7 მარტს ნახა კ--------------–----- სახეზე, თვალთან ჩალურჯებები, თუმცა იგი თავად არ შესწრებია იმ მომენტს, რა ვითარებაშიც დაზარალებულმა აღნიშნული დაზიანებები მიიღო და მისი მითითება ე------------–------, როგორც ამ დაზიანებების კ--------------–-----ადმი მიმყენებელზე ეფუძნება პოლიციის თანამშრომლებსა და დაზარალებულს შორის საუბრებიდან მოსმენილს. კ--------------–---- თავად არ უთქვამს მისთვის, რომ ეს დაზიანებები მას ე------------–----- მიაყენა. ზუსტად ანალოგიური დგინდება მოწმე გ-------------------- (მეზობელი) ჩვენებიდანაც, რომელმაც ნახა დაზარალებულის თვალთან შეწითლებები, გაიგო, რომ ე--------- ცემა, თუმცა თავად არ შესწრებია ამ ფაქტს. მოწმე გ-------------------- (მეზობელი) აღნიშნა, რომ მას გაგებული აქვს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არის კონფლიქტი, რომ 2018 წლის 7 მარტს ბრალდებულმა დაზარალებული სცემა, თუმცა არც თავად შესწრებია ამ ფაქტს და არც დაზიანებები უნახავს კ--------------–----- სხეულზე, ასევე ვერ მიუთითა აღნიშნული ინფორმაციის წყარო. გარდა ამისა, მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები - ბ---------------- და ა--–---–------ რომლებიც გამოცხადდნენ კ--------------–----- სახლში 2018 წლის 7 მარტს გამოძახებისას და რომლებიც ადასტურებენ მის დაზიანებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ კ--------------–---- აღნიშნული დაზიანებების მიმყენებლად ასახელებდა ე------------–----. ასევე აღსანიშნავია მოწმე მ------------------------- (სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მორიგე ექიმი) ჩვენება, რომელიც გამოცხადდა კ--------------–------- და ნახა მისი დაზიანებები, ასევე ის რომ დაზიანებები მას მიაყენა ქმარმა, თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული, ფაქტის დასადგენად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას), რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, პირის მსჯავრდებისთვის არავარგის მტკიცებულებას წარმოადგენს. ასევე, როგორც ზემოათაც აღინიშნა, 2018 წლის 14 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (რომელიც თავის მხრივ ემყარება 2018 წლის 9 მარტის ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის შედეგებსა და 2018 წლის 7 მარტის სამედიცინო ცნობას და რომლის სისწორეც ექსპერტმა გ----------------–---–-- დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას), რომლის თანახმადაც, კ--------------–---- აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ საფეთქელზე, მარჯვნივ ორივე ტუჩზე, მარცხენა ძუძუზე, მარცხენა წინამხარზე, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი ე------------–----ს მიერ ამ დაზიანებების მიყენების დასადგენად. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ზოგადად, შესაძლებელია, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა, მოცემულ საქმეზე, ობიექტურად შეუძლებელია მოცემული ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი კონკრეტული პირის ვინაობა, თუ ასეთი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, იგი აუცილებლად სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახავს და არა მის მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიკვდილის მუქარის ფაქტები მოცემულ თარიღებში არცერთი მტკიცებულებით დგინდება. გარდა ამისა, არც სხვა მტკიცებულებები მიუთითებს ე------------–----ს ბრალეულობაზე.

 

3.10. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და რაც განხორციელდა არასრულწლოვნების თანდასწრებით. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამიტომ, სასამართლო აღარ შეჩერდება ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის განცდის საეჭვოობაზე, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, ვინაიდან, ზოგადად, შესაბამისი ქმედებების განხორციელება ვერ დაადგინა სასამართლომ.

 

3.11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ე------------–----ს მხრიდან კ--------------–------ ცემისა და ძალადობის ფაქტები 2018 წლის 5, 6 და 7 მარტს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო იმავე კოდექსის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 126-ე, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: [...] მეუღლე, შვილი, [...]. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) სისტემატურ ცემაში; ბ) სისტემატურ სხვაგვარ ძალადობაში. სსკ-ს 126-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ე------------–----ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (5იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ე------------–----- განახორციელა სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულ კ--------------–------. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (6იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77; ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (7იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ე------------–----ს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------------–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ე------------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე------------–---- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი