გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2018
საქმის ნომერი
120310017002023829
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/116-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი ვარლამ თავაგარი

 

მოსარჩელე _ ბესიკ ლომიძე;

წარმომადგენელი-ლაშა მჭედლიძე;

მოპასუხე _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი-თეა კიკაძე

 

მესამე პირები - გუგული მელიქიძე

მარიამ მეხრიშვილი

წარმომადგენელი-ივანე ფეიქრიშვილი, დემური სარალიძე, ელდარი გელაშვილი.

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

-ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის N02-789 ბრძანება, კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა N39;

 

სარჩელის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. ბორჯომში კოსტავას ქ··№7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 109 კვ/მ ფართობით ს/ კ. 64.23.04523. მის მოსაზღვრედ კოსტავას ქ.·№11–ა მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე საკადასტრო კოდი 64.23.04 117·01.500 ცხოვრობს მარიამ მეხრიშვილი და მეორე სართულზე ს/კ 64.23.04.117.01·502 ცხოვრობს გუგული მელიქიძე. 2016 წლის ზაფხულში მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლის სახურავი შეაკეთა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანადაფინანსების პროგრამით. სახურავი მოაწყვეს ისე, რომ არ დაამონტაჯეს თოვლის დამჭერი ღარი, რის გამოც მათი სახლის სახურავიდან, თოვლი მომეტებულად იყრებოდა მოსარჩელის სახლის სახურავზე, რამაც დააზიანა მისი სახლის სახურავი, რომელიც გაკეთებულია თავისი სახსრებით და მოწყობილი აქვს ნალექის დამჭერი ღარი ისე, რომ არც ერთ მეზობელს არ აზიანებს. არასწორად გაკეთებული სახლიდან გადმოყრილი თოვლი ეცემოდა მოსარჩელის კუთვნილ აბაზანის და სამზარეულოს სახურავს და დააზიანა ისე, რომ სახურავი წვიმასაც ვეღარ აკავებს. მომეტებულად დანესტიანდა მისი საცხოვრებელი სახლი, რაც დანგრევის საფრთხეს ქმნის. 2016 წლის შემოდგომაზე მარიამ მეხრიშვილის და გუგული მელიქიძის საცხოვრებელ სახლში დაიწყო უნებართო სამშენებლო პროცესი, რომელიც არღვევს მოსარჩელის უფლებებს. გუგული მელიქიძის საცხოვრებელ სახლზე რკინის შველერებით გამოწიეს აივანი 30-40 სმ-ით. მოქსოვეს არმატურის ბადე სადაც აპირებენ ბეტონის ჩასმას. გუგული მელიქიძის წარმომადგენელმა დემური სალარიძემ და მარიამ მეხრიშვილის წარმომადგენელმა ივანე ფეიქრიშვილმა მთლიანად მოშალეს და დემონტაჟი გაუკეთეს სახლის ფასადს. კოსტავას ქ.11-ა ში მიმდინარე უკანონო სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მაგრამ მათ მიიჩნიეს რომ ეს იყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ არაერთი განცხადება წარუდგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს, მოითხოვა შეექმნათ კომპეტენტური კომისია და შეესწავლათ მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, მიუხედავად იმისა რომ სპეციალური ცოდნის გარეშე ნათლად ჩანს რომ მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იყოს საჯარიმო ღონისძიებები და აღიკვეთოს ამგვარი შემთხვევა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 04 მაისს გამოცა ბრძანება #02-789 კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ, ქ. ბორჯომში კოსტავას ქ··№11–ა ში გ. მელიქიძის და მ. მეხრიშვილის საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქციის გაძლიერებისათვის. ბრძანებით დააკანონეს უნებართო მშენებლობა, რომელიც არის აშკარად საფრთხის შემცველი და ზიანს აყენებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს. რეკონსტრუქცია გაძლიერების პროექტით იგნორირება გაუკეთეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ შენობა–ნაგებობის საკადასტრო აზომვით ნახაზს. პროექტზე დაიტანეს არარსებული კარების და ფანჯრების ღიობები, კიბის უჯრედი, პროექტი მომზადდა ისე, რომ არ გაითვალისწინეს მოსარჩელის, როგორც მოსაზღვრის უფლებები, არ იქნა შესწავლილი მიმდებარე ტერიტორია, პროექტი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების, სავალდებულო მოთხოვნებს, მასში გათვალისინებულია მხოლოდ დამკვეთის სურვილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის #02-789 ბრძანება არის უკანონო და ზიანს აყენებს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

 

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ლახავენ მის კანონიერ უფლებებს, შესაბამისად ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირმა -მარიამ მეხრიშვილმა და გუგული მელიქიძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს მართალია მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს მოსარჩელე ბესიკ ლომიძეს უძრავი ქონება, მაგრამ მარიამ მეხრიშვილისა და გუგული მელიქიძეს უძრავ ქონებას (საცხოვრებელ სახლს და ეზოს) იგი არცერთი მხრიდან, როგორც უშუალო მოსაზღვრე არ ესაზღვრება. უშუალო მოსაზღრეა ნაკვეთებს შორის არსებული თავისუფალი მიწა, სახანძრო გასასვლელის სახით, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ მარიამ მეხრიშვილისა და გუგული მელიქიძეს მფლობელობასა და სარგებლობაში. მათ ნაგებობებს (საცხოვრებელი სახლები) შორის სამეზობლო ორმხრივი ზემოქმედება არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას რომ მოსარჩელე მუდმივად ჩივის და რა სურს კონკრეტულად გაუგებარია. საზღვრებს ადასტურებს ასევე გამყოფი მესერი, თვით მოსარჩელეს წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზები, სიტუაციური გეგმები და ფოტოსურათები ასევე სარჩელში მითითებული გარემოებები რომ მათ შორის არის ე.წ. როგორც თვითონ განმარტავს "მცირე ასათვისებელი ნაკვეთი", მაგრამ არ ამბობს რომ ეს ნაკვეთი ე.წ. გასასვლელია მოსაზღვრე. ამ მხრივ მოსარჩელე საერთოდ არაუფლებამოსილი პირია რომ აღეძრა ასეთი სარჩელი ჩვენს მიმართ, მაგრამ უჩივის მუნიციპალიტეტს და მოშველიებული აქვს ე.წ. "ჩაუხადაობის პრინციპი", რომელსაც თვითონვე არღვევს. ასაჩივრებს უსაფუძვლოდ ადმინისტრაციულ აქტებს, რომლის ბათილობით მესაკუთრეებს მიაყებებს ზიანს. შეაჩერა მშენებლობის დასრულება, რითაც უკვე მიაყენა გარკვეული ზიანი, არამხოლოდ მესაკუთრეებს არამედ პროექტის შემსრულებლებსაც. საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლი განმარტავს რომ უფლება ისე უნდა განხორციელდეს, რომ სხვას არ მიდგეს ზიანი, რაც მისთვის კარგად ცნობილია და სარჩელშიც აღნიშნავს ამას, თუმცა მოქმედებს საწინააღმდეგოდ. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უკვე მიაყენა როგორც მატრიალური, ფინანსური ასევე მორალური ზიანი მხარეებს და უსაფუძვლო სარჩელის წარმოდგენით განაგრძობს ასეთ ქმედებებს რაც დაუშვებელია და უნდა აღიკვეთოს.

 

უპირველეს ყოვლისა სარჩელში აღწერილი დავაში ე.წ "სახურავისა და საზღვრების პრობლება" და ა.შ. არ არის განმარტებული და ნახსენები, რომ სახურავი დიდი ხნის გაკეთებულია და ამ ნებართვასთან, კერძოდ მის შეჩერების საფუძვლებთან კავშირი არ აქვს. ასევე სასაზღვრო მიჯნის ადგილები მრავალი ათეული წლის მანძილზეა დადგენილი, რომლის შეცვლა მესამე პირების მხრიდან არ მომხდარა, რაც შეეხება თითქოსდა ქონების გასხვისებას ასეთი რამ მესაკუთრეებს არც უფიქრიათ, ვინაიდან მათ უნდა იცხოვრონ ამ სახლში და რით ადასტურებს ამას გაუგებარია. თუმცა ფაქტია რომ მოპასუხემ ამით სასამართლო შეიყვანა შეცდომაში სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ისევე როგორც თითქოს საქმის სირთულიდან გამომდინარე საჭირო იყო ექსპერტიზა" და მისი დაკვეთით ე.წ. ექსპერტის არასრულყოფილი დასკვნის წარმოდგენით ახდენს ზემოქმედებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს“მეტრს“ - იურიდიულ პირს, რომლის სახლითაც გაიცა "დასკვნა" ჯერ-ჯერობით არ აქვს სათანადო გამოცდილებაა, ვინაიდან მოქალაქე ნატო ალფაიძემ, რომესაც მოიხსენიებს არქიტექტორად თავის თავს, დააფუძნა ერთპიროვნულად 2017 წლის 16 მაისს ანუ გასაჩივრეგული აქტების შემდგომ, ხოლო 3–თვეში 11.08.2017წლის თარიღით გაცემულია დასკვნა,არანაირი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება მისი კომპეტენცია. ლიცენზირეულია თუ არა ამ საქმიანობისათვის შპს"მეტრი" ან გააჩნია თუ არა შესაბამისი ნებართვა და/ან მართლაც’. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. არქიტერორია თუ არა ნატო ალფაიძე და კონტრეტულად მისი სტაჟი რა დოკუმენტით დგინდება?! რის საფუძველზე უნდა ვივარაუდოდ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მთელი რიგი სპეციალისტებისა და პროექტის ავტორი არქიტექტორზე მეტი კომპეტენცია გააჩნია, რომელთად ძირეულად აქვს შესწავლილი საკითხი ნებართვის გაცემამდე.

მოსარჩელე ვერ მიუთითებს ვერცერთ ნორმას, თუ რომელი კანონის რომელი მუხლი, პუნქტი ან ნაწილი დაირღვა, პირიქით ადასტურებს, რომ რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია და გაცებულია შესაბამისი ნებართვაც. ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება#57 არ განმარტავს სრულყოფილად თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული დადგენილება კონკრეტული საქმის მიმართ. თვით ექსპერტს არ აქვს შესაწავლილი პროექტზე თანდართული კონსტრუქციული დასკვნა 19.04.2017წ (ექსპერტი გ. ლომიძე)., რომლითაც გათვალისწინებულია ყველა საჭირო წესი და ნორმა, მათ შორის სახანძრო და უსაფრთხოების წესები, რას ასევე თანდართულია პროექტზე. ყველა ამჟამად შესრულებული სამუშაოები და მასალები რაც უკვე გამოყენებულია წარმოედგენს ხანძარსაწინააღმდეგო, ცეცხლგამძლე, სეისმომედეგურ რკინა–ბეტონისა და ლითონის კუნსტრუქციულ მასალებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა და დამტკიცდა საცხოვრებელი სახლის გაძლიერება-გამაგრების პროექტი და გაიცა ნებართვა მის შესრულებაზე.

 

მარიამ მეხრიშვილისა და გუგული მელიქიძეს თანასაკუთრებაში არსებული სახლი მართლაც მოძველებელი იყო, ხანძარსაშიში, მთლიანად შემინული ე.წ."შუშაბანდის" სტილით მოწყობილი ძველი ფიცრის კედლით აშენებული, შეინიშნებობა მისი ამორტიზაციის აშკარა ნიშნები და სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებდა გამაგრება–რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რაც განხორციელებულია. აღნიშნული რეკონსტრუქცია-გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა მისი ძველი ფორმის, არსებული საზღვებისა და იერსახის შეუცვლელად, გარდა იმისა რომ ხდება იერსახით გალამაზება-გაუმჯობესება, ასევე ყველა იმ საფრთხეების აღმოფხვრა, რაც აუცილებელია მოქმედი სამშენებლო წესების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნული როგორც წინასწარ ასევე ყველა საჭირო სტადიაზე შესწავლილია მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და გაცემულია შესაბამისი ნებართვა. პროექტი შეთანხმებულია და ნებართვა გაცემულია სათანადო სტადიების გავლის გარეშე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს არ გააჩნია და არ წარმოუდგენია გარდა ე.წ.დასკვნისა, პირიქით თვითონვე წარმოადგინა და ასაჩივრებს იმ აქტებს, რაც გავლილია შესაბამისი სტადიებით დაგენილი ვადების დაცვით. როგორც ავღნიშნეთ არც მოსარჩელე და არც ექსპერტი არ განმარტავს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მოთხვნებს სრულად და ამომწურავად, რომ ნებისმიერი სტადიის დადგენილი ვადის გასვლისთანავე თუ სათანადო უარი არ ეთქვა განმცხადებელს პროექტი და მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლება. იმიტომ არის ეს ვადები დაწესებული, რომ მუნიციპალიტეტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში განიხილონ და დროულად ჩაატარონ შესამაბისი პროცედურები. მოსარჩელე უფრო მეტად დასკვნის შემსრულებელი არქიტექტორი არც იმას აღნიშნავს რომ მოცემულ შემთხვევაში სამშენებლოდ ადგილის გამოყოფა, რომ არ ყოფილიყო არაუმეტეს 30–დღისა იგი გაცემულად და 1–ელი ეტაპი გადალახულად ჩაითვლებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს არსებული სახლის გამაგრებითი სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარებასთან უკვე სარეკონსტრუქციოდ დადგენილ, გამოყოფილ და შესწავლილ ადგილზე. კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების მე–2 სტადია და ამისათვის გაცემულ სამშენებლო ნებართვის მე-3 სტადიაც განხორციელდა ნორმის სრული დაცვით. თუმცა მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეწინააღმდეგება მისსავე მოთხოვნასა და აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.

მესაკუთრე მარიამ მეხრიშვილისა და გუგული მელიქიძეს მხრიდან დაცული და აღმოფხვრილია ყველა უზუსტობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო მათი მხრიდან და ამის შემდგომ დამტკიცდა შესაბამისი პროექტი და ამის შემდგომ გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო მოსარჩელემ ბესიკ ლომიძემ არ გამოასწორა და არ მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში და სტანდარტით დადგენილი ნორმით თავისი სახურავი, გადმოწეული კედელი, უნებართვოდ გამოწეული ღიობი ფანჯარა, რაც გრძელდება დღემდე და რაზედაც მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში უახლოეს პერიოდში განხორციელდება შესაბამისი ზომები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. ბორჯომში კოსტავას ქ·№7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 109 კვ/მ ფართობით ს/ კ. 64.23.04.523.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04/06/2015 (ს.ფ. 14-15)

 

3.1.2. ქ.ბორჯომში,კოსტავას ქ.·№11–ა-ში მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე საკადასტრო კოდი 64.23.04.117.01.500 ცხოვრობს მარიამ მეხრიშვილი და მეორე სართულზე ს/კ 64.23.04.117.01.502 ცხოვრობს გუგული მელიქიძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანება N02 789( ს.ფ.16-17)

 

3.1.3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა კონსტრუქციული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ.ბორჯომში, კოსტავას ქ.N11ა-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ნაკვეთის N64.23.04.117) გუგული მელიქიძის( ს.კ.64.23.04.117.01.502 და ს.კ.64.23.04.117.01.501) და მარიამ მეხრიშვილის(ს.კ.64.23.04.117.01.500) კუთვნილი საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქცია-გაძლიერებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის ბრძანება N02 789( ს.ფ.16-17).

 

3.1.4. 2017 წლის 22 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა მე-2 კლასის მშენებლობის ნებართვა ქ.ბორჯომში კოსტავას ქ.N11ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გუგული მელიქიძის და მარიამ მეხრიშვილის კუთვნილი ფართის რეკონსტრუქცია-გაძლიერების.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ივნისის მშენებლობის ნებართვა N39 და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-გაძლიერების პროექტი( ს.ფ.18-42)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მიწის ნაკვეთზე ს/კ 64.23.04.117 გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია და პროექტი, რაზეც მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა, წარმოადგენენ ხარვეზიან დოკუმენტებს...თავად პროექტი ისეა დამუშავებული, რომ არ არის გათვალისწინებული მიჯნის ზონაში ღიობების განთავსების წესი. აგრეთვე სახურავის ფრაგმენტი ს/კ 64.23.04.532 მიწის ნაკვეთის მიმართ ისეა მოწყობილი, რომ დროთა განმავლობაში ატმოსფერული ნალექები იქონიებენ ზემოქმედებას ამ უკანასკნელზე მდგარ შენობა-ნაგებობაზე, რის გამოც დასკვნის ავტორი მიიჩნევს, რომ პროექტი საჭიროებს შემდგომ დამუშვებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ბესიკ ლომიძის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, 96-ე მუხლი;

პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე,საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N 1-1/1254 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველო სადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის N02-789 ბრძანება, კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა N39; წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს:

ა) განცხადებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ასახვა;

ბ) საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება;

გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადება;

დ) ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენა და წარდგენა;

ე) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა;

ზ) შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო სხვა მოთხოვნების შესრულება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილისთანახმად მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად;

გ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 61-ე მუხლის შესაბამისად;

ე) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი ან სქემა შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით, მათ შორის:

ე.ა) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული სქემა საჭირო დეტალიზაციით;

 

ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ბრძანება რომლის მიხედვითაც შეთანხმდა კონსტრუქციული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა(მე-2 კლასის შეობა-ნაგებობის) ქ.ბორჯომში, კოსტავას ქ.N11ა-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ნაკვეთის N64.23.04.117) გუგული მელიქიძის( ს.კ.64.23.04.117.01.502 და ს.კ.64.23.04.117.01.501) და მარიამ მეხრიშვილის (ს.კ.64.23.04.117.01.500) კუთვნილი საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქცია-გაძლიერებისათვის.

 

6.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობზე გაკეთდა არარსებული კარის და ფანჯრების ღიობები, კიბის უჯრედი, პროექტი მომზადდა ისე რომ არ გაითვალისწინეს როგორც მოსარჩელის კანონიერი ინეტერსი. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს:

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე 2014 წლის 15 იანვარის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილების 26-ე მუხლის თანახმად: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარია – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა)სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით.იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე. ამ თავის მიზნებისათვის, მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს. დასაშვებია, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ისე რომ დაცულ იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ რომელზეც მის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთასებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს, რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე–151, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს. ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი და ერკერი თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი (რომლებზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული) სამეზობლო საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსამდე კუთხეს და სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია არანაკლებ 0.6 მეტრით. სამეზობლო საზღვარზე ცეცხლგამძლე ყრუ საზიარო ღობის ან მიწის ნაკვეთის ფარგლებში, მიჯნის ზონაში, ცეცხლგამძლე ყრუ ღობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიჯნის ზონაში მდებარე შენობის კედელში ფანჯრის, კარის ან სხვა ღია ნაწილების მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0.6 მ-ით დაბლა. ასეთი კედლის დემონტაჟის შემთხვევაში თუ არ მოხდა მისი აღდგენა გონივრულ ვადაში, მაშინ მიჯნის ზონაში არსებული ღია ნაწილები უნდა შეივსოს არაწვადი სამშენებლო მასალით. შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად:

ა) 3.0 მ დაშორების შემთხვევაში – 7.5 მ-მდე სიმაღლეზე;

ბ) 3.0 მ-დან 10 მ-მდე დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე;

გ) 10 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე.

 

მარიამ მეხრიშვილისა და გუგული მელიქიძეს თანასაკუთრებაში არსებული სახლი მოძველებელი იყო, ხანძარსაშიში, მთლიანად შემინული ე.წ."შუშაბანდის" სტილით მოწყობილი ძველი ფიცრის კედლით აშენებული, შეინიშნებოდა მისი ამორტიზაციის აშკარა ნიშნები და სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებდა გამაგრება–რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რაც განხორციელებულია. აღნიშნული რეკონსტრუქცია-გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა მისი ძველი ფორმის, არსებული საზღვებისა და იერსახის შეუცვლელად, გარდა იმისა, რომ ხდება იერსახით გალამაზება-გაუმჯობესება, ასევე ყველა იმ საფრთხეების აღმოფხვრა, რაც აუცილებელია მოქმედი სამშენებლო წესების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნული როგორც წინასწარ ასევე ყველა საჭირო სტადიაზე შესწავლილია მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და გაცემულია შესაბამისი ნებართვა.რაც შეეხება ბესიკ ლომიძის განცხადებაში აღნიშნულ ახალ ფანჯრების და კარის ღიობებს, რეალურად პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ახალი კარი, რომელიც წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებული ეზოდან შესასვლელ კარს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, აღნიშნული კარის ღიობი განთავსებულია ისეთ კედელზე, რომელიც მიბრუნებულია საზოგადოებრივი სივრცისკენ (ქუჩისკენ), მდებარეობს სამეზობლო მიჯნის ზონაში, მაგრამ არ ქმნის მომიჯნავე სამეზობლო საკადასტრო საზღვრის მიმართ 75 გრადუსზე ნაკლებ კუთხეს და მოშორებულია საკადასტრო საზღვრიდან 60 სმ მანძილით და, შესაბამისად, არ არღვევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის "ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები"- ს #59 დადგენილების 26 მუხლს.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა შენობა-ნაგებობის განთავსების წესებს არეგულირებს მიჯნის ზონასთან მიმართებით, მიჯნის ზონა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სამეზობლო საზღვრის არსებობის პირობებში. საზოგადოებრივ საზღვართან და საზოგადოებრივ სივრცესთან მიმართებაში კანონმდებლობა შენობა-ნაგებობის განთავსების შემზღუდავ წესებს არ ადგენს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ №64.23.04.523 და №64.23.04.117 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს საზოგადოებრივი სივრცე. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა №64.23.04.523 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მხრიდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის წარდგენის სავალდებულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობათა მიჯნის ზონაში განთავსების წესები ვერ იქნება გავრცელებული სადავოდ გამხდარი ღიობის განთავსებაზე.

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ 2016 წლის ზაფხულში მესამე პირების მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლის სახურავი შეაკეთა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანადაფინანსების პროგრამით.გუგული მელიქიძემ და მარიამ მეხრიშვილმა სახურავი მოაწყვეს ისე, რომ არ დაამონტაჟეს თოვლის დამჭერი ღარი, რის გამოც მათი სახლის სახურავიდან, თოვლი მომეტებულად იყრებოდა მოსარჩელის სახლის სახურავზე, რამაც დააზიანა მისი სახლის სახურავი. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის N02-789 ბრძანება, კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა N39 ის ბათილად ცნობა. მესამე პირების საცხოვრებელი სახლის სახურავი გაკეთდა 2016 წელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მას არანაირი კავშირი არ აქვს მოცემულ დავასთან.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის N02-789 ბრძანება, კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა N39; წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის N02-789 ბრძანება, კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა N39 ბათილად ცნობაზე.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბესიკ ლომიძის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის N02-789 ბრძანება, კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა N39 ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ვენერა მგალობლიშვილის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინებით კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის N02-789 ბრძანებისა და მშენებლობის ნებართვა N39 -ის მოქმედების შეჩერება გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1.ბესიკ ლომიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინებით კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის N02-789 ბრძანებისა და მშენებლობის ნებართვა N39 -ის მოქმედების შეჩერება გაუქმდეს. 3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი