გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 831310218002332466
საქმე №3/3-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2018 წელი ქ. ბაღდათი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული
განყოფილება
წარმომადგენელი - ლ-------- ჭუ--------ე
მოპასუხე - გ--- გე-–-–---–ი
დავის საგანი: - ზედმეტად მიღებული პენსიის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე გ--- გე-–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული პენსიის თანხა 397,87 (სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გ--- გე-–-–---–ის ბებია ე-–--- გე-–-–---–ი (პირადი N-----------) ღებულობდა საპენსიო პაკეტს. ე-–--- გე-–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის ივნისის თვეში. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 02 ოქტომბრის N-------- წერილის საფუძველზე ბაღდათის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 02 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N2017/1 გარდაცვალების გამო ე-–--- გე-–-–---–ის საპენსიო პაკეტის შეწყვეტის თაობაზე. ე-–--- გე-–-–---–ის გარდაცვალების შემდგომ 2017 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის თვეში ჩარიცხული იქნა 540 (ხუთასორმოცი) ლარი. აღნიშნული თანხიდან ბანკმა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა 2,13 (2ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი. მოპასუხეს დასაბრუნებელი დარჩა 537,87 (ხუთასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარი, რომლის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაეგზავნა N04-06-07/1990 შეტყობინება, ზედმეტად აღებული საპენსიო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ. ბაღდათის რაიონულ განყოფილებას მოპასუხე გ--- გე-–-–---–მა 2017 წლის 10 ნოემბერს N2553 განცხადებით მომართა სადაც მან აღიარა, რომ გააჩნია ფულადი დავალიანება 537,87 (ხუთასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარი, და აიღო პასუხისმგებლობა დაეფარა თანხა ნაწილ-ნაწილ, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 70 (სამოცდაათი) ლარის ჩარიცხვის გზით ყოველი თვის 10(ათი) რიცხვამდე. აგრეთვე აიღო ვალდებულება თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადახდიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ) სამუშაო დღეში წარმოდგენის თაობაზე. მოპასუხე გ--- გე-–-–---–ის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული იქნა 70 (სამოცდაათი) ლარი, ასევე იქნა დაბრუნებული მის მიერ 2018 წლის 05 იანვარს 70 (სამოცდაათი) ლარი. თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარმოადგინა განყოფილებაში. მას შემდეგ მის მიერ აღებული ვალდებულება თანხის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე აღარ იქნა შესრულებული. სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში მის მიერ დაბრუნებული იქნა 140 (ასორმოცი) ლარი, დასაბრუნებელი დარჩა 397,87 (სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი).
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ--- გე-–-–---–ს სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა ფოსტის საშუალებით და ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს ნ----- თო--------ს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ათი დღის ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე გ--- გე-–-–---–ის ბებია ე-–--- გე-–-–---–ი ღებულობდა საპენსიო პაკეტს. ე-–--- გე-–-–---–ს 2017 წლის 02 ოქტომბრის #2017/1 გადაწყვეტილებით შეწყდა საპენსიო პაკეტის დარიცხვა გარდაცვალების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი),3.1.2. გ--- გე-–-–---–მა 2017 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონულ განყოფილებას და აღიარა დავალიანება, ასევე ითხოვა ზედმეტად აღებული თანხის 2018 წლის 01 ივლისამდე ანაზღაურების უფლება, ნაწილ-ნაწილ, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 70 ლარის ჩარიცხვის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. გ--- გე-–-–---–მა 2017 წლის ნოემბრის თვეში და 2018 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა 140 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ოქტომბრის №04-06-07/1990 წერილით გ--- გე-–-–---–ს ეცნობა, რომ 2017 წლის 26 ნოემბრამდე აღედგინა არასწორად მიღებული თანხის მითითებულ რეკვიზიტებზე ჩარიცხვა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ბაღდათის რაიონულ განყოფილებაში წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 03 დეკემბრის 20 აგვისტოს №04-06-07/1990 წერილი (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეწყდება: პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
დადგენილია, რომ მოპასუხე გ--- გე-–-–---–ის ბებია ე-–--- გე-–-–---–ი ღებულობდა საპენსიო პაკეტს, ე-–--- გე-–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის ივნისში, რომლის შემდგომაც მოპასუხემ კვლავ აიღო გარდაცვლილის პენსიის თანხა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, თუ მხარის მიერ მოხდა ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული აღიარება მიიჩნიოს საკმარის მტკიცებულებად და იგი საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს გ--- გე-–-–---–მა განცხადებით მომართა ბაღდათის რაიონულ განყოფილებას და აღიარა დავალიანება, ასევე ივალდებულა თანხის 2018 წლის 01 ივლისამდე ანაზღაურება, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გ--- გე-–-–---–ს უნდა დაეკისროს 397,87 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხე გ--- გე-–-–---–ს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების უფროსის ე---–---- ლო----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ--- გე-–-–---–ს დაეკისროს უკანონოდ მიღებული საპენსიო თანხის - 397,87 (სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თანხის შეტანა მოხდეს შემდეგ ანგარიშებზე: ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE 2-------------------, სახელმწიფო შემოსულობების სახაზინო კოდი - 302003460;
3. მოპასუხე გ--- გე-–-–---–ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე