გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.04.2018
საქმის ნომერი
071310018002271875
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 071310018002271875

საქმე №3/2-2018წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02.04.2018 წელი ქ. საგარეჯო

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი

სხდომის მდივანი ასმათი ელიზბარაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: თ------ ტ--------

მოპასუხე: ა-–---------- ნ-------–---–- (არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის უკან დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ა-–---------- ნ-------–---–-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის არასწორად მიღებული სახელმწიფო პენსიის - 180 ლარის გადახდის დაკისრება, სახელმწიფო ბიუჯეტის (ბანკის კოდი: TRESGE22; ანგარიშის GE24NB0330100200165022; საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო კოდი: 302003460) სასარგებლოდ.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

დ------- ტ------–---–- 15.08.2008 წლიდან იყო პენსიონერი (ასაკით) საქმის №12130. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო გასაცემლის მიმღები პირების გარდაცვალების სიების საფუძველზე, სმს საგარეჯოს რაიონული განყოფილებისთვის ცნობილი გახდა ბენეფიციარი დ------- ტ------–---–-ს გარდაცვალები ფაქტი. აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა 2017 წლის 02 აგვისტოს. გარდაცვალების რეგისტრაცია მოხდა 2017 წლის 04 ოქტომბერს. გარდაცვალების ფაქტის დაგვიანებით შეტყობინებამ გამოიწვია მოქალაქის ანგარიშზე 2017 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვის სახელმწიფო პენსიის 360 ლარის ზედმეტად/არასწორედ ჩარიცხვა. სს ,,ლ-------- ბ----“-დან გაცემული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბენეფიციარის პირადი ანგარიშიდან თანხის გამტან პირად დაფიქსირებულია ა-–---------- ნ-------–---–-, ხოლო მოთხოვნილი ოქტომბრის თვის თანხა 180 ლარი დაბრუნებულია სახელმწიფოს ანგარიშზე. თანხის მოთხოვნამდე ა-–---------- ნ-------–---–-- განყოფილებას მიმართა 11.10.2017წ. №3792 განცხადებით, ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების თაობაზე. მან ვალდებულება აიღო, რომ ყოველი თვის 27 რიცხვში მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხავდა 40 ლარს (სულ დავალიანება 180 ლარი), თუმცა ა-–---------- ნ-------–---–-- აღნიშნული ვალდებულება და პირობა არ შეასრულა. ამდენად, ა-–---------- ნ-------–---–- ვალდებულია დააბრუნოს გარდაცვლილი დ------- ტ------–---–-ს ანგარიშზე ზედმეტად მიღებული/ჩარიცხული სახელმწიფო პენსია - 180 ლარის ოდენობით.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა-–---------- ნ-------–--–-- პოზიცია:

 

2.2. ა-–---------- ნ-------–---–- წერილობით შესაგებლი არ წარმოუდგებია. ამასთან, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ა-–---------- ნ-------–---–-- დ------- ტ------–---–-ს პირადი ანგარიშიდან გაიტანა ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო პენსია - 180 (ასოთხმოცი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარის ახსნა-განმარტება;

- დ------- ტ------–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 02 აგვისტოს;

- გარდაცვალების რეგისტრაცია მოხდა 2017 წლის 04 ოქტომბერს;

- გარდაცვლილი ბენეფიციარის დ------- ტ------–---–-ს პირად ანგარიშზე ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის თანხის გამტანი პირად ფიქსირდება ა-–---------- ნ-------–---–-

 

3.1.2. სს ,,ლ-------- ბ----“-ს 2017 წლის 28 ნოემბრის №04/73306 წერილი საგარეჯოს სოციალური მომსახურების განყოფილების სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი 2017 წლის ნოემბრის თვის უკან დასაბრუნებელი თანხის შესახებ.

 

ა-–---------- ნ-------–---–- საგარეჯოს სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილებიდან 2017 წლის 01 დეკემბრის №04-10-08/1967 წერილით ეცნობა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის უკან დაბრუნების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №04/73306 წერილი;

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 01 დეკემბერის წერილი, რომელითაც ა-–---------- ნ-------–---–- ეცნობა ზედმეტად მიღებული/ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის და მიღებული თანხის (2017 წლის სექტემბრის თვის) - 180 ლარის დაბრუნების თაობაზე;

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 1 დეკემბრის №04-10-08/1967 წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სოციალური მომსახურების განყოფილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

– „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

– „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის 4 დადგენილება;

– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ დ------- ტ------–---–- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ასაკობრივი პენსია დაენიშნა 2008 წლის 15 აგვისტოდან.

 

6.2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველის ,,ვ“ ქვეპუნტქის მიხედვით, წარმოშობილი უფლება შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებით

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს:

 

1. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;

დ)უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;

ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ დ------- ტ------–---–- სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 02 აგვისტოდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, ა-–---------- ნ-------–---–-- 2017 წლის 11 ოქტომბრის N3792 განცხადებით აღარა ფულადი დავალიანების არსებობა.

 

ა-–---------- ნ-------–---–- სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სოციალური მომსახურების განყოფილების მიერ 2017 წლის 01 დეკემბრის №04-10-08/1967 წერილით იქნა გაფრთხილებული, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დაებრუნებინა უკანონოდ (არასწორედ) მიღებული პენსია სულ - 180 ლარის ოდენობით, მაგრამ მის მიერ მიღებული პენსია არ იქნა დაბრუნებული.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის სექტემბრის თვის პენსია, 180 ლარი სახით, დ------- ტ------–---–-ს სახელზე გაიცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ა-–---------- ნ-------–---–- ვალდებული იყო ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ.

 

ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო - 180 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სოციალური მომსახურების განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ა-–---------- ნ-------–---–- უნდა დაეკისროს მოსარჩელის, სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სოციალური მომსახურების განყოფილების სასარგებლოდ, 180 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ა-–---------- ნ-------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს სოციალური მომსახურების განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. დაევალოს ა-–---------- ნ-------–---–- (პ/ნ 3----------) ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი გასაცემლის - პენსიის - 180 (ას ოთხმოცი) ლარის უკან დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №4) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი