გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210016001355725
№2/846-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე, იგივე მოპასუხე: შპს ’’G--------T”;
წარმომადგენელი: ინგა გიორგაძე;
მოპასუხე, იგივე მოსარჩელე: მა----- ქა----–---–ი;
წარმომადგენელი: თენგიზ ასლანიკაშვილი;
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში: თანხის დაკისრება;
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მა----- ქა----–---–ს შპს ’’G--------T”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1100 აშშ დოლარის გადახდა (თავდაპირველი სარჩელი);
1.2. მოპასუხე შპს ’’G--------T”-ს მოსარჩელე მა----- ქა----–---–ის სასაგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 3300 ლარის გადახდა (შეგებებული სარჩელი);
მოსარჩელე შპს ’’G--------T”-ის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხემ 2013 წლის 12 დეკემბრის N2656 ხელშეკრულების საფუძველზე მისგან ისესხა 1600 აშშ დოლარი, თვეში სარგებლის 7%, ანუ 112 აშშ დოლარის გადახდის პირობით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 11 იანვარი. ამავე ხელშეკრულების 5.8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულებების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებოდა ორი თვით, ეს პირობა ვრცელდებოდა ყოველ მომდევნო ორ თვეზე. მოპასუხემ 2014 წლის 18 ოქტომბრამდე გადაიხადა ნასესხები თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, ძირი 1600 აშშ დოლარი კი აღარ გადაუხდია. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გაფორმებული ჰქონდა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა “VOLVO 89 2.9” სახელმწიფო ნომრით C-----, სარეგისტრაციო ნომერი C--------, საიდენტიფიკაციო ნომერი Y-----------7, რომელიც ვალდებულების შესრულების შემდეგ კვლავ უნდა აღრიცხულიყო მოპასუხის საკუთრებაში, მანამდე კი მას სამართავად ჰყავდა გადაცემული. ვინაიდან ავტომანქანამ ღირებულება დაკარგა, იგი ჩააბარეს ჯართში და ამ გზით დაიფარა დავალიანების ნაწილი - 500 აშშ დოლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა 1100 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მა----- ქა----–---–ის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეებს შორის 2012 წლის 04 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1454, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოპასუხემ გადაიფორმა მოსარჩელის ავტომანქანა “VOLVO 89 2.9” სახელმწიფო ნომრით C-----, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იყო 5500 აშშ დოლარი, მოპასუხემ კი ვიზუალურად შეაფასა 3000 აშშ დოლარად. 2013 წლის 12 დეკემბერს იგივე მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფაც მოხდა იგივე ავტომანქანით, მოპასუხემ იგი შეაფასა 2000 აშშ დოლარად. 2013 წლის 12 დეკემბერისათვის მითითებული ავტომანქანა არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს, იგი გადაფორმებული იყო შპს ’’G--------T”-ის სახელზე, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ დაეთანხმებოდა ავტომანქანა სესხის უზრუნველყოფის საგანი გამხდარიყო, სანამ იგი არ დაბრუნდებოდა მის საკუთრებაში. 2014 წლის 18 ოქტომბრამდე მოსარჩელემ გადაიხადა სესხის სარგებელი სრულად, ნოემბრის თვეში კი ვერ შეძლო თანხის დაფარვა. მოპასუხემ არ დააყოვნა და ავტომანქანა, რომლის რეალიზების გზითაც უნდა მომხდარიყო დავალიანების დაფარვა, ჩამოართვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იყო 5000 აშშ დოლარი, 2016 წლის 09 თებერვალს გაასხვისა 500 აშშ დოლარად, მანამდე კი გამოიყენა თავად. მისმა მარწმუნებელმა რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს, რომ თავად გაყიდდა ავტომანქანას და დაფარავდა ვალს, მაგრამ უარი მიიღო. ამდენად, მოპასუხის ქმედებით მას მიადგა ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მამაუკა ქა----–---–მა სარჩელი არ ცნო;
2.2. მოპასუხე შპს ’’G--------T”-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 12 დეკემბერს შპს ’’G--------T”-ს და მა----- ქა----–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N2656, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ გასცა სესხი 1600 აშშ დოლარის ოდენობით, ორი თვის ვადით, სარგებლის თვეში 7% დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველყოფის საშუალება იყო ავტომანქანა “VOLVO 89 2.9” სახელმწიფო ნომრით C-----, სარეგისტრაციო ნომერი C--------, საიდენტიფიკაციო ნომერი Y-----------7, იგი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს ’’G--------T”-ის სახელზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, თუმცა სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მა----- ქა----–---–ს. ხელშეკრულების 1.6. პუნქტით, თუ მსესხებელი სრულად არ შეასრულებდა ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათი შეუსრულებლობის თარიღიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ავტომანქანა რჩებოდა „გამსესხებლის“ საკუთრებაში და „მსესხებელს“ სხვა რაიმე უფლება ან პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა ავტომანქანაზე. ხელშეკრულების 1.8 პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ 4.1. პუნქტში მითითებული დროისათვის ავტომანქანის საბაზრო ღირებულება არ შეესაბამებოდა მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისათვის აუცილებელ ხარჯებს, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა მსესხებლის სხვა აქტივების ხარჯზე. სესხის გაცემის დროისათვის ავტომანქანა ვიზუალურად შეფასდა 2000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების 5.8 პუნქტით, მსესხებლის მიერ ვალდებულების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 2 თვით, აღნიშნული პირობა ვრცელდებოდა ყოველ ორთვიან პერიოდზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 32);
-სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 14);
3.2.2. დადგენილია, რომ მა----- ქა----–---–ი 2014 წლის 18 ოქტომბრამდე იხდიდა სესხით გათვალისწინებულ პროცენტს, ანუ თვეში 112 აშშ დოლარს, თუმცა სესხის ძირითადი თანხა 1600 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია გამსესხებლისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, სარჩელი და შესაგებელი);
3.2.3. დადგენილია, რომ შპს ’’G--------T”-მა ავტომანქანა “VOLVO 89 2.9” მა----- ქა----–---–იდან წამოიყვანა 2014 წლის დეკემბერში, 2016 წლის 9 თებერვალს სსიპ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის სამმართველოს ქუთაისის განყოფილებამ ავტომანქანა ჩამოწერა, მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 500 აშშ დოლარი კი გამოაკლდა სესხის ძირითად თანხას, შესაბამისად გადასახდელი დარჩა 1100 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 21);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 23);
3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ’’G--------T”-ის მტკიცებით, მის მიერ 2000 აშშ დოლარად შეფასებული ავტომანქანა, 2014 წლის დეკემბერში, ან იმ დროს, როცა იგი წამოიყვანა მა----- ქადეიშვილისაგან, იმ დონეზე იყო დაზიანებული, რომ მხოლოდ ჯართის სახით 500 აშშ დოლარად გაიყიდა, აღნიშნულის დადასტურების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები, მისივე თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ ავტომანქანა იპოვეს თითქმის გაძარცული. სასამართლო ვერ გაიზიარებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან არცერთი მტკიცებულება ავტომანქანის შეფასების შესახებ, არც წამოყვანის და არც შემდგომ პერიოდში, წარმოდგენილი არაა, გაურკვეველია, რა მიზეზით დაკარგა უზრუნველყოფის საშუალებამ ღირებულება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა იგი 2016 წლის 9 თებერვლამდე, ანუ ჩამოწერამდე შპს ’’G--------T”-ის მფლობელობაში იყო, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმის შესახებ, თუ ვის ჩააბარა მოსარჩელემ ჩამოწერილი ავტომანქანა ჯართის სახით და რა თანხა გადაუხადეს აღნიშნულის სანაცვლოდ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არც სარჩელის და არც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 12 დეკემბერს შპს ’’G--------T”-ს და მა----- ქა----–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N2656, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ გასცა სესხი 1600 აშშ დოლარის ოდენობით, ორი თვის ვადით, სარგებლის თვეში 7% დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველყოფის საშუალება იყო ავტომანქანა “VOLVO 89 2.9” სახელმწიფო ნომრით C-----, სარეგისტრაციო ნომერი C--------, საიდენტიფიკაციო ნომერი Y-----------7, იგი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს ’’G--------T”-ის სახელზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, თუმცა სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მა----- ქადეიშვილს.
მა----- ქადეიშვილი 2014 წლის 18 ოქტომბრამდე იხდიდა სესხით გათვალისწინებულ პროცენტს, ანუ თვეში 112 აშშ დოლარს, სესხის ძირითადი თანხა 1600 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნებია გამსესხებლისათვის.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებელი სრულად არ შეასრულებდა ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათი შეუსრულებლობის თარიღიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ავტომანქანა რჩებოდა „გამსესხებლის“ საკუთრებაში და „მსესხებელს“ სხვა რაიმე უფლება ან პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა ავტომანქანაზე (1.6. პუნქტით). ხელშეკრულების 1.8 პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ 4.1. პუნქტში მითითებული დროისათვის ავტომანქანის საბაზრო ღირებულება არ შეესაბამებოდა მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისათვის აუცილებელ ხარჯებს, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა მსესხებლის სხვა აქტივების ხარჯზე.
ვინაიდან, 2014 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ მა----- ქა----–---–ს აღარ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, იმავე წლის დეკემბრის თვეში გამსესხებელმა წამოიყვანა უზრუნველყოფის საშუალება ავტომანქანა, რისი სრული უფლებაც ჰქონდა ხელშეკრულების 1.6. პუნქტის მიხედვით. ამდენად, მსესხებელმა ამ პერიოდიდან დაკარგა ყველა უფლება ავტომანქანაზე და ასევე მას აღარ შეეძლო წამოეყენებინა რაიმე სახის პრეტენზია გამსესხებლის მიმართ. შესაბამისად, შეგებებულ სარჩელში განვითარებული მსჯელობა ავტომანქანის დაბალ ფასად გაყიდვის და მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია.
2016 წლის 9 თებერვალს სსიპ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის სამმართველოს ქუთაისის განყოფილებამ მა----- ქა----–---–ისათვის ჩამორთმეული ავტომანქანა ჩამოწერა, რაც ადასტურებს და ეს მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, რომ 2014 წლის დეკემბრიდან, მითითებულ პერიოდამდე მას ფლობდა შპს ’’G--------T“. სასამართლოსათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იყო ავტომანქანა 2014 წლის დეკემბერში, ანუ მისი მა----- ქა----–---–იდან წამოყვანის დროისათვის, რას შეადგენდა მისი საბაზრო ღირებულება და რატომ გაიყიდა ჩამოწერის შემდეგ ჯართის სახით 500 აშშ დოლარად, როცა 2013 წლის 12 დეკემბერს, ანუ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის თავად გამსესხებელს შეფასებული ჰქონდა 2000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების 1.8 პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ 4.1. პუნქტში მითითებული დროისათვის ავტომანქანის საბაზრო ღირებულება არ შეესაბამებოდა მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისათვის აუცილებელ ხარჯებს, გამსესხებელი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მსესხებლის სხვა აქტივების ხარჯზე.
შპს ’’G--------T“-ს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შესახებ 2014 წლის დეკემბერის თვეში, ასევე რეალიზატორის და მისგან მიღებული ანაზღაურების შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, როდის და ვისი ბრალეულობით დაკარგა უზრუნველყოფის საშუალებამ ღირებულება და რა ფასად იქნა იგი რეალიზებული ჯართის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ’’G--------T“-ის მოთხოვნა დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში არცერთი მხარის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ’’G--------T“-ის სარჩელი მა----- ქა----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მა----- ქა----–---–ის შეგებებული სარჩელი შპს ’’G--------T“-ის მიმართ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. მხარეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე