გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
130210018002374534
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002374534

№2-405-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2 მაისი, 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

 

მოსარჩელე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----“

წარმომადგენელი ლარისა ჩადუნელი

მოპასუხე ხ-–------------–----–---------------

წარმომადგენლები მ------------------------------------–-ძე

დავის საგანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს გადახდევინება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ხ-–------------–----–---------------მ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----ს“ გადაუხადოს 12 755 ლარი და 70 თეთრი, საიდანაც 4062,58 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაა, 8693,12 ლარი - პირგასამტეხლო.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: 2015 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჩ----მ“ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოპასუხეს მიაწოდა უმწეოთა უფასო კვების მომსახურება;

მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მოპასუხემ კი სრულად არ აუნაზღაურა 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში გაწეული მომსახურება და გადაუხადა, შესაბამისად, 999 ლარით, 1023,29 ლარით, 999 ლარით და 1023.29 ლარით, სულ, 4062,58 ლარით ნაკლები თანხა;

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ასევე პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 79 897 ლარის 0,5% ოდენობით, თუმცა, მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ით განისაზღვროს;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაში გათვალისწინებული იყო დამატებითი ღირებულების გადასახადი, ,,ჩ----მ“ თანხის ანაზღაურება მოითხოვა დღგ-ს გათვალისწინებით, დღგ-ს გადამხდელად კი დარეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად, ანგარიშსწორებისას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მართლზომიერად დაუკავა ,,ჩ----ს“ დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხა.

გარდა ამისა, მოპასუხეს მიაჩნია, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2017 წლის 31 იანვრამდე, ამ თარიღის შემდეგ პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2015 წლის 30 დეკემბერს, ხ-–------------–----–-------- და შპს ,,ჩ----ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების N227 ხელშეკრულების საგანი იყო უმწეოთა უფასო კვების მომსახურების შესყიდვა 79 897 ლარად, მოქმედების ვადა - 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით (იხ.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ს.ფ.44-48; მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში შპს ,,ჩ----მ“ შეასრულა და ხ-–------------–----–-------- მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება (იხ. ,,ჩ----ს“ მიმართვები, მიღება-ჩაბარების აქტები ს.ფ. 51-62, მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.3. ხ-–------------–----–-------- შპს ,,ჩ----ს“, მოთხოვნილიდან, არ გადაუხადა - სექტემბერში - 999 ლარი, ოქტომბერში - 1023,29 ლარი, ნოემბერში - 999 ლარი და დეკემბერში - 1023,29 ლარი, მოპასუხის განმარტებით, ესენი არის დღგ-ს თანხები რაც არ გადუხადეს მოსარჩელეს იმ მიზეზით, რომ ის დღგ-ს გადამხდელი არ იყო (იხ.მხარეთა ახსნა-განმარტება);

3.1.4. შპს ,,ჩ----“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა, მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, 417-ე მუხლი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის:

361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;

316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----მ“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, მ----–----–--------– დაადასტურა მიღება-ჩაბარების აქტებით, რომ მიიღო: 2016 წლის სექტემბერში - 6 548,94 ლარის (იხ.ს.ფ.52-53), ოქტომბერში - 6767,23 ლარის (იხ.ს.ფ. 55-56), ნოემბერში - 6 548,94 ლარის (იხ.ს.ფ.58-59), დეკემბერში - 6767,23 ლარის (იხ.ს.ფ. 61-62) ღირებულების მომსახურება, მაგრამ მოპასუხემ გადაუხადა: სექტემბერში - 999 ლარით ნაკლები, ოქტომბერში - 1023,29 ლარით ნაკლები, ნოემბერში - 999 ლარით ნაკლები და დეკემბერში - 1023,29 ლარით ნაკლები თანხა;

მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და მის N2 დანართში ხარჯთაღრიცხვა 79 897 ლარი მითითებულია დღგ-ს გათვალისწინებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ,,ჩ----ს“ მიერ შესაძლებელია 79 897 ლარად დღგ-ს გათვალისწინებით;

ის გარემოებები, რომ შპს ,,ჩ----“ დღგ-ს გადამხდელი არ არის, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ჩ----ს“ მიერ შეთავაზებული თანხა საკმარისი იქნებოდა ტენდერში მითითებული მომსახურების გაწევისათვის, მოპასუხეს უფლებას არ აძლევს არ გადაუხადოს მეორე მხარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა სრულად, რადგან არცერთ პირობაში, შეთანხმებაში აღნიშნული არ ყოფილა, რომ ,,ჩ----ს“ დღგ უნდა გადაეხადა, მხარეები დათანხმდნენ შეთანხმებულ ფასად მომსახურებასა და მის ანაზღაურებაზე;

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.5 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა უნდა აითვალოს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან, რადგან მოპასუხემ ამ დღიდან დაარღვია ანაზღაურების ვალდებულება - არ გადაიხადა რა წინა თვის მომსახურების ღირებულება;

მოპასუხეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა ხელშეკრულების მოქმედების ვადის - 2017 წლის 31 იანვრის შემდეგ დაუშვებელია, მოსარჩელე კი მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას 2016 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე დღეების გათვალისწინებით;

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2016 წლის 1 ოქტომბრიდან საქმის აღძვრამდე - 2018 წლის 28 მარტამდე, რადგან სწორედ ასე ითვალისწინებს ხელშეკრულების 10.5 პუნქტი. ხელშეკრულებაში არ არის დათქმა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი მოქმედების ვადაში და ასეთ შეზღუდვას არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს;

პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მსჯელობისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონოდ იქნა მიჩნეული მ----–----–-------- მიერ ამ სარჩელში აღნიშნულის წინა თვეების ანაზღაურებაზე დღგ-ს თანხის გამოკლება, მოპასუხეს დაეკისრა 2016 წლის 17 აგვისტომდე გაწეული მომსახურების ანაზღაურება და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, 2016 წლის სექტემბრიდან მან გააგრძელა დღგ-ს თანხის გამოკლება, ამ მიზეზით საქმის აღძვრამდე, წინა დავაზე სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა ხ-–------------–----–------- გაეთვალისწინებინა აღნიშნული როგორც პრეიუდიცია, გადაეხადა მისთვის შემდეგი ოთხი თვის ანაზღაურება სრულად - 4062,58 ლარი და პირგასამტეხლო, რაზეც, 2018 წლის თებერვალში, უარი მიიღო (ს.ფ. 39-40);

ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე - 2018 წლის 28 მარტამდე არის 544 დღე, რაც უნდა გამრავლდეს ხელშეკრულების ღირებულების, 79897 ლარის 0,02%-ზე - 15,9794 ლარზე, რაც არის 8 692,79 ლარი, შესაბამისად, ამ ოდენობით პირგასამტეხლო უნდა გადახდეს მოპასუხეს და არა - 8693,12 ლარი - როგორც მოსარჩელე მოითხოვს;

მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 4 თვის - სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში გაწეული მომსახურების სრულად ანაზღაურებას - მიუთითებს, რომ მოსარჩელემ არასწორად დაუკავა სექტემბერში - 999 ლარი, ოქტომბერში - 1023, 29 ლარი, ნოემბერში - 999 ლარი და დეკემბერში - 1023,29 ლარი, სულ - 4062,58 ლარი. ამ თანხების ჯამი არის არა 4062,58 ლარი, არამედ - 4 044,58 ლარი, შესაბამისად, ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 382 (სამას ოთხმოცდაორი) ლარი და 12 (თორმეტი) თეთრი

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ხ-–------------–----–---------------ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----ს“ სასარგებლოდ გადახდეს 12 737 (თორმეტი ათას შვიდას ოცდაჩვიდმეტი) ლარი და 37 (ოცდაჩვიდმეტი) თეთრი, საიდანაც 4 044 (ოთხი ათას ორმოცდაოთხი) ლარი და 58 (ორმოცდათვრამეტი) თეთრი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 30 დეკემბრის N227 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა და 8 692 (რვა ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი და 79 (სამოცდაცხრამეტი) თეთრი - პირგასამტეხლო;

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ----ს“ სასარგებლოდ ხ-–------------–----–---------------ს გადახდეს 382 (სამას ოთხმოცდაორი) ლარი და 12 (თორმეტი) თეთრი - მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი