განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
190100117002139128
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/526-17

(№021280917002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მაისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი: ქეთევან სონიძე, ხატია ხაჩიძე,ბრალდებული: რ--------------ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლევი, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–----------–---

 

ადვოკატი: თეიმურაზ მაგრაქველიძე,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით რ--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

2017 წლის 27 სექტემბერს, ღამის დაახლოებით 23:00 საათზე, გ----------------------------–---------–--–ი, ურთიერშელაპარაკებისას, რ----–----------მა ხ----–---------ს თავისა და წინამხრის არეში, ჩანგლის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

ბრალდებულმა რ--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულ ხ----–---------თან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და მომხდარი კონფლიქტი მის ძაღლს უკავშირდება. შემთხვევის დღეს დაზარალებულმა უთხრა, რომ ძაღლმა უკბინა თანასოფლელს და ის ამას განზრახ აკეთებდა, შემდეგ ყელში მოუჭირა ხელი, ვითარებაში გასარკვევად მანქანაში ჩასხდნენ, დაზარალებულმა შეაგინა და საპასუხოდ მან რამდენჯერმე დაარტყა, თუმცა ჩანგალი არ გამოუყენებია. შემთხვევის ადგილზე ბევრი რკინის ნაჭერი ეყარა და შესაძლებელია დაზიანება ასე მიიღო. მომხდარი კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები არიან, არ უკავშირდება მათ პოლიტიკურ ინტერესებს. დაზარალებულისთვის არ დაუცინია და მის მეტყველებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

 

დაზარალებულმა ხ----–---------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს საღამოს საათებში მივიდა ს------–---------–ოში მდებარე ქართული ოცნების ოფისთან, პირადი საქმე ჰქონდა მიწასთან დაკავშირებით. იმავე შენობაში არის ჩაიხანა, სადაც შეხვდა რ--------------ს. საუბრის პრობლემა აქვს და შეატყო, რომ რ----ი დასცინოდა და მივიდა მასთან, შემდეგ რ--------------მა უთხრა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო და გარეთ გამოვიდა. ბრალდებული გამოყვა და უთხრა ვილაპარაკოთო. რადგან იგი ჩაიხანაში ლუდს მიირთმევდა და ნასვამი იყო, მან უთხრა, რომ სხვა დროს შეეძლოთ ლაპარაკი და მანქანაში ჩაჯდა, რ----მა თავი არ დაანება და ისიც უკანა სავარძელზე დაჯდა, შემდეგ გადმოვიდა, წინა კარი გააღო და სახეში, თავში და მკლავში ჩანგალი ჩაარტყა. მან ფეხი ჰკრა რ----ს და რომ გადმოვიდა ხელი დაარტყა. მანქანაში ჯდომისას ღვედი ეკეთა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მხოლოდ ხელებს იფარებდა სახეზე. რ--------------ს მათი ჩხუბი არ დაუნახავს. ითხოვს ბრალდებულის დასჯას, მომხდარ კონფლიქტს არ უკავშირებს პოლიტიკურ ინტერესებს.

 

მოწმე რ--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ს------–---------–ოში დ--------–--------თან ერთად და მასთან პირად საქმეზე შესახვედრად მივიდა ხ----–---------ი. შეხვედრის შემდეგ სახლში წაყვანა შესთავაზა და უთხრა, რომ მანქანასთან დალოდებოდა. როდესაც შენობიდან გამოვიდნენ, რ--------------იც მათთან ერთად გამოვიდა, მის მანქანაში უკანა სავარძელზე დაჯდა და უთხრა ხ----–---------ს, რომ მასთან საუბარი სურდა. იგი ამ დროს ოფისში დაბრუნდა, რადგან მ/ტელეფონი დარჩა და სანამ შევიდოდა ხ----–ის ყვირილი გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა. დაარტყა თუ არა რ----მა ხ----–---------ს მას არ დაუნახავს, მხოლოდ ის შენიშნა, რომ ორივე მანქანიდან გადმოსულები ხელებს იქნევდნენ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ--------–---------მა, მანვე დამატებით განმარტა, რომ შემთხვევისას რ--------------ს საშველად დაუძახეს, ხოლო ხ----–---------ს სახეზე სისხლი მოსდიოდა. როგორც ხ----–ი ამბობდა დაზიანებები რ----მა მიაყენა, ხელში რაღაც ქონდა და ისე დაარტყა, რას უკავშირდება მათი კონფლიქტი მისთვის უცნობია. დაზარალებული ითხოვდა დახმარებას და წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმე ჟ-------–---------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და მისივე განმარტებით დაზიანებები მიაყენეს ჩანგლით.

 

ექსპერტი ი-------------იას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 14 ნოემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ხ----–---------ის სისხლი მიეკუთვნება 0αβ I ჯგუფს და MN ტიპს. რ--------------ის სისხლი მიეკუთვნება 0αβ I ჯგუფს და N ტიპს. ხ----–---------ის ქურთუკზე, პერანგზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ I ჯგუფს და MN ტიპს. რ--------------ის ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ I ჯგუფს და MN ტიპს. შარვალზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. ხ----–---------ის სისხლი და რ--------------ის ქურთუკზე და ხ----–---------ის ქურთუკზე, პერანგზე და მაისურზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0αβ I ჯგუფს და MN ტიპს.

 

მოწმე ლ-–------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 29 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ირკვევა, რომ ხ----–---------ის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმდების შედეგად. ხ----–---------ის მაისურის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება. რ--------------ის შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. რ--------------ის ქურთუკის და ქამრის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანებები გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა, არ აღინიშნება. ამასთან, ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი იყო გამოსაკვლევი ობიექტები ორი პარკით დალუქულ მდგომარეობაში. ჩანგალი არის მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი, თუმცა არ არის მჭრელი.

 

მოწმე ა-–-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 28 სექტემბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში რ--------------თან ერთად. მან მიუთითა შემთხვევის ადგილზე და მისი სახლიდან ამოიღეს სისხლიანი ტანისამოსი. ჩანგალი ან მსგავსი საგანი ვერ მოიძებნა.

მოწმეებმა ი-----–------------ემ და გ-------–---------ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა. მოწმე ა---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობდა თარჯიმნად და ადასტურებს საპროცესო მოქმედებების დროს განხორციელებული თარგმნის სისწორეს. იგი დახმარებას უწევდა ბრალდებულს ასევე დაკავებისა და დაკითხვის დროს და სიტყვა-სიტყვით თარგმნიდა პროცესს.

 

ქმედება, რომელმაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:

 

მოწმე მ--------–----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 29 სექტემბრის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხ----–---------ს აღენიშნებოდა ჭრილობები მარცხენა მხარისა და კეფის მიდამოში, ნაჩხვლეტი ჭრილობები სახისა და მარცხენა ყურის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო ბარათში მითითებულ თარიღს. სახისა და მარცხენა ყურის მიდამოებში არსებული დაზიანებები მიყენებულია მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ჭრილობები ზომით იყო დაახლოებით 0,3 დმ, ამასთან განისაზღვრა მხოლოდ სახისა და მარცხენა ყურის მიდამოში არსებული დაზიანებები, ხოლო უფრო დიდი ზომის დაზიანებებზე თუ რა საგნით იყო ისინი მიყენებული ვერ დადგინდა. დაზიანებები ერთობლიობაში იყო მსუბუქი ხარისხის, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირმა სხვა ადამიანის ზემოქმედებით მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

ბრალდების მხარემ რ--------------სა და ხ----–---------ს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებული, რომელმაც სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცა ამომწურავი ჩვენება. საქმის განხილვის დროს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება არ დადასტურდა და სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ--------------მა მას მიაყენა დაზიანებები სახის, მხრისა და კეფის არეში, რაც ასევე ასახულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თავის მხრივს თანმიმდევრული და ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებებია ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ რ--------------ის ტანისამოსზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი ემთხვევა ხ----–---------ის სისხლის ჯგუფს, ხოლო ხ----–---------ის ტანისამოსზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ხ----–---------ისათვის სახისა და მარცხენა ყურზე არსებული დაზიანებების მექანიზმით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებულ ხ----–---------ის, ასევე მოწმეების რასიმ გორჩუევის, დ--------–---------ის ჩვენებებით დგინდება, რომ ბრალდებულ რ--------------სა და ხ----–---------ს შორის ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას, მართალია რასიმ გორჩუევი უშუალოდ დარტყმის ფაქტს არ შესწრებია იმ მიზეზით, რომ იგი ოფისში დაბრუნდა, თუმცა მან თავისავე მანქანაში დატოვა ხ----–---------ი და რ--------------ი და ოფისში შესვლამდე ხ----–---------ის ყვირილი გაიგო, უკან მიბრუნებულმა კი ნახა, რომ მას სახე სისხლიანი ჰქონდა და შველას ითხოვდა. ბრალდებულისა და დაზარალებულის შეხვედრა დაადასტურა ასევე დ--------–---------მა და ორივე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ხ----–---------სა და რ--------------ს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს სხვა ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

რ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელია გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განზრახი დანაშაულის ჩადენა..

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

რ--------------ის მიმართ სასჯელი - ჯარიმა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ არ დაურღვევია მისი გამოყენების პირობა, არის ოჯახის მარჩენალი, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე და დანაშაულის გარემოებები არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან სრული იზოლაციის აუცილებლობას და მიაჩნია, რომ რ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, ხოლო ვინაიდან ბრალდებულს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული დაზარალებულის და ბრალდებულის სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, დაზარალებულ ხ----–---------ისა და რ--------------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეთ მათვე, ხოლო საქმეზე დართული რ--------------ის პასპორტი, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (1 წელი თავისუფლების აღკვეთა) ნაწილობრივ დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, რ--------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით და თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში, რ--------------ს მოხდილად ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 3 (სამი) თვე და 12 (თორმეტი) დღე - 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 9 იანვრის ჩათვლით.

 

რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული დაზარალებულის და ბრალდებულის სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, დაზარალებულ ხ----–---------ისა და რ--------------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეთ მათვე, ხოლო საქმეზე დართული რ--------------ის პასპორტი, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე