გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210116001395847
N2/1119
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი 2018წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ჯ-----ი“;
წარმომადგენელი – დავით მალანია;
მოპასუხე - თა------ ჯღ------ა;
დავის საგანი – თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თა------ ჯღ------ას შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სასესხო დავალიანების 1042 ლარის გადახდა;
1.2. თა------ ჯღ------ას შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 525 ლარზე, ორი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, თვეში 93.13 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 19 დეკემბერს ლამარა ხაჟომიამ განცხადებით მიმართა შპს „ჯ-----ის“ და მოითხოვა სესხი 550 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 17,74%, ვადა – 2016 წლის 28 თებერვლამდე, ყოველდღიურად 11 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა თა------ ჯღ------ამ. ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე. მოპასუხემ შეიტანა პროტესტი, რის გამოც ბრძანება არ გამოიცა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, პროცენტთან და პირგასამტეხლოსთან მიმართებაში კი მოითხოვა მისი შემცირება. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ სესხის ძირითადი თანხა გადასახდელი აქვს, თუმცა არ გააჩნია არანაირი ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს ვალი, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2015 წლის 19 დეკემბერს ლამარა ხაჟომიამ განცხადებით მიმართა შპს „ჯ-----ის“ და მოითხოვა სესხი 550 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 17,74%, ვადა 71 დღე, 2015 წლის 19 დეკემბრიდან 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღიურად 11 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით და ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა თა------ ჯღ------ამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სარჩელი და შესაგებელი);
– განაცხადი სესხზე (იხ.ს.ფ. 16);
– სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17–19);
–სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 20);
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, მოპასუხის მიმართ. თა------ ჯღ------ამ შესთავაზა მორიგება ძირი თანხის და გამარტივებული წარმოების საფასურის 50 ლარის გადახდის პრობით, გრაფიკის შესაბამისად, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. 2016 წლის 8 ივნისს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება მორიგების შესახებ (იხ. ს.ფ.22–23);
– გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 24);
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1042 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 525 ლარი, პროცენტი – 231 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე – 176 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო 110 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ.31);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე, 625–ე, 417–ე, 418–ე, 420–ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის, 625–ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 19 დეკემბერს ლამარა ხაჟომიამ განცხადებით მიმართა შპს „ჯ-----ის“ და მოითხოვა სესხი 550 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 17,74%, ვადა 71 დღე, 2015 წლის 19 დეკემბრიდან 2016 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღიურად 11 ლარის გადახდის პირობით. მოვალეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა 550 ლარი და პროცენტი არ დაუფარავთ, ამასთან სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამასთან, არ არის სადავო, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული სარგებლის 231 ლარის დაკისირების ნაწილში ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 50 ლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელე სესხს გასცემდა იგივე საპროცენტო განაკვეთით (თვეში 17.74%), რაც წლიურად შეადგენს 212,88%. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს თვეში 9.16 ლარის გადახდა (წლიური 20%), რაც ორ თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 18.32 ლარს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა თა------ ჯღ------ამ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 150 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 40 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა, დავის საგნის დაკმაყოფილებული ნაწილის (824.32 ლარი) 4% –32.97 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი.
ამასთან, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდე სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, მოპასუხის სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (მოთხოვნის 63.68%), ასევე უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 50 ლარის 63.68%, რაც შეადგენს 31.84 ლარს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, 24.36%, ანუ 12.18 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 5.98 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისს განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თა------ ჯღ------ას აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. თა------ ჯღ------ას შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სასესხო დავალიანების 806 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 525 ლარი, პროცენტი – 231 ლარი, ჯარიმა 50 ლარი.
1.2. თა------ ჯღ------ას შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 525 ლარზე, ორი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, 18.32 ლარის ოდენობით.
2. თა------ ჯღ------ას შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 12.18 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა – 32.97 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 5.98 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 13 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ნაწილი - 81.84 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TRESGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TBCBGE22, საბიუჯეტო შემოსავლის ერთიანი ანაგარიში 300183150;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თა------ ჯღ------ას აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე