გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1127-15 (140210015001109344)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივნები: ქეთევან ცერცვაძე
ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ლ--–--------–-–---–ი
მოპასუხე - ვ---------------
წარმომადგენელი - ლ--–-----------–---–ი
დავის საგანი - მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ---------------ს (დაბადებული 1989 წლის 23 ივნისს, პირადი №-----------) ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა შვილის - ლ--------------ის (დაბადებული 2012 წლის 23 თებერვალს, პირადი №-----------) მიმართ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო, 2015 წლის 29 აპრილიდან მუშაობს არასრულწლოვანი ბავშვის, 2012 წლის 23 თებერვალს დაბადებული ლ--------------ის საქმეზე. ბავშვი ცხოვრობდა დედასთან ვ---------------სთან და მამინაცვალთან ა---------–----------თან ერთად მისამრთზე: ქ. თბილისი, შ--–------–-----ის მე-2 მ/რ, მე-3 კვარტალი, კ-----------, ბ-----, სანამ ბავშვზე არ განხორციელდა მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობა, რის შედეგადაც ლ--------------ე გამოყვანილ იქნა ბიოლოგიური ოჯახიდან და სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსდა. ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 29 აპრილის შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლთან, ლ--------------ესთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ბავშვი იქნებოდა. 2015 წლის 1 მაისს ვაკე-საბურთლოს რაიონული პროკურატურის დადგენილებით არასრულწლოვანი ლ--------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო მოძალადე მამინაცვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის განჩინებით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა და ორი წლის ვადით „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მოთავსდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ლ--------------ის საქმის შესწავლისას გაირკვა, რომ ვ--------------- ბავშვზე საჭირო ზედამხედველობასა და ყურადღებას არ ახორციელებდა, ამასთან, ბიოლოგიურ შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვი იყო დაშინებული, ტრამვირებული და დედის უყურადღებობით იყო გამოწვეული მომხდარი ფაქტი, რის გამოც თვლის, რომ უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება ბიოლოგიური შვილის - ლ--------------ის მიმართ, რადგან იგი თვითონაც ხშირად ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად 3 წლის შვილზე. ამასთან, მან ვერ შეძლო დაეცვა მცირეწლოვანი შვილი მოძალადე მამინაცვლისაგან, რომელსაც არაერთგზის ჰქონდა ბავშვთან ურთიერთობა, უფრო მეტიც ბავშვის დედა მეუღლეს ხელს აფარებდა, იგი უარყოფდა აღნიშნული შემზარავი ფაქტის არსებობას და ამბობდა, რომ ბავშვმა სათამაშო მოირტყა და სისხლის კოლტები გამონადენის სახით წარმოიშვა.
მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოპასუხე არ ასრულებს მშობლის მოვალეობებს არასრულწლოვანი შვილის მიმართ და მის წინაშე ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალსწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს ვ---------------ს ჩამოერთვას მშობლის უფლება-მოვალეობები ლ--------------ის მიმართ, რის შემდეგაც ლ--------------ის სამართლებრივი სტატუსი დადგინდება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს ლ--------------ე ცოტა ხნით მეუღლის დედასთან დატოვა, სახლში დაბრუნებულს ბავშვი შეუძლოდ დახვდა. დათვალიერების მომენტში ბავშვს სისხლიანი გამონადენი და ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ბავშვი შპს უნიმედი კახეთის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ლ--------------ის გასინჯვა მოხდა. ექიმის განმარტებით საშიში არაფერი იყო და იმავე საღამოს ბავშვის კლინიკიდან გაეწერა. №----- ცნობის თანახმად, ბავშვის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი კლინიკიდან გაწერის დროს, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა და ლ---- ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებდა. ამავე ცნობის მიხედვით, ბავშვის მდგომარეობა შეესაბამებოდა ბლაგვი საგნით მიყენებულ მექანიკურ დაზიანებას.
მოპასუხე უთითებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ 2015 წლის 29 აპრილს სოციალური მუშაკის ოჯახში ვიზიტის დროს ბავშვი უგულებელყოფილი იყო, ტიროდა და საკვებს ითხოვდა, რის შედეგადაც მასზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა. მოპასუხე განმარტავს, რომ სოციალური მუშაკი ოჯახში მისული იყო პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად, რა დროსაც მან ბავშვი დაათვალიერა და განაცხადა, რომ ლ---- ხელმეორედ გასასინჯად სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანა, რის შემდეგაც მოხდა მისი სასამართლოში წაყვანა, სადაც შემაკავებელი ორდერის დამტკიცება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა და ბავშვის ნახვის უფლება მოითხოვა, რაზეც 2015 წლის 7 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ--------------ე (პირადი №-----------) დაიბადა 2012 წლის 23 თებერვალს. დაბადების მოწმობაში დედად მითითებულია ვ--------------- (პირადი №-----------), ხოლო მამობა ბავშვის მიმართ დადგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №-----------.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ---------------სა და ა---------–---------- აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1 (ერთი) თვით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება №3/3118-15.
3.1.3. ლ--------------ის მიმართ მამინაცვლის - ა---------–--------ის მხრიდან განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რის შემდეგაც ბავშვს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დაზარალებულად ცნობის დადგენილება, დოკუმენტის №0006420932.
3.1.4. ლ--------------ე ჯანმრთლების მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2015 წლის 28 აპრილს მოათავსეს შპს უნიმედი კახეთის - ბავშვთა ახალ კლინიკაში. აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული №----- ცნობის თანახმად, ლ--------------ის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო გაუმჯობესებული, სისხლდენა საშოდან იყო უმნიშვნელო, ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვდა და სიცოცხლისათვის საშიში არ იყო. შორისის მიდამოში არსებული ალტერაცია შეესაბამებოდა ბლაგვი საგნით მიყენებულ მექანიკურ დაზიანებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №-----, გაცემის თარიღი 29.04.2015 წელი.
3.1.5. ლ--------------ე ჯანმრთლების მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2015 წლის 29 აპრილს მეორედ მოათავსეს შპს უნიმედი კახეთის - ბავშვთა ახალ კლინიკაში. აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული №----- ცნობის თანახმად, ლ--------------ეს გაუკეთდა ოპერაცია, კერძოდ, გაიკერა შორისის მიდამოში და საშოს თაღის მიმართულებით მარჯვნივ არსებული ნახეთქი ჭრილობები. ცნობის მიხედვით, საქალწულე აპკის მთლიანობა იყო დარღვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №-----, გაცემის თარიღი 04.05.2015 წელი.
3.1.6. 2015 წლის 30 აპრილს ა---------–---------- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ლ--------------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2015 წლის 7 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №003213515 დასკვნის თანახმად, ბრალდებული ა---------–--------ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დაავადებული იყო არადიფერინცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ა---------–--------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ორი წლის ვადით აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოთავსდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2015 წლის 7 სექტემბრის მიმართვა №13/03-56489.
3.1.7. ლ--------------ე 2015 წლის 29 აპრილიდან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების საოქმო გადაწყვეტილება №04-13-04/1149.
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გადაუდებელი რეაგირების ოქმის მიხედვით, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკმა ა------------–---მ ვიზიტი განახორციელა ლ--------------ის ბიოლოგიურ ოჯახში. რეაგირების ოქმის მიხედვით, ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა სამოთახიანი ბინა, რომელიც იყო მოუწესრიგებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრებს ეტყობოდათ, რომ ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები. ბავშვი იყო უგულებელყოფილი. ლ----ს დეტალურად დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს ჰქონდა სისხლიანი გამონადენი, საფენზე აღენიშნებოდა სისხლის კოლტები, ტიროდა და საკვებს ითხოვდა. დედა ლანძღავდა შვილს და ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა. სოციალურმა მუშაკმა დედას მოსთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ბავშვის ეს მდგომარეობა, მან კი განაცხადა, რომ მის შვილს არაფერი აწუხებდა და საშოდან გამონადენი სათამაშოს მირტყმით ან საფენის გამო ჰქონდა. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვის აღნიშნულ გარემოში გაჩერება სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი იქნებოდა, ამიტომ უფროსს სოციალურ მუშაკს ა------------–---მ ინფორმაცია მიაწოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაუდებელი რეაგირების ოქმი №1258.
3.2.2. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------–------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ციციშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობდა, სადაც სასწრაფომ და საპატრულო პოლიციამ ლ--------------ე მიიყვანა. სამედიცინო დახმარების ექიმის ზეპირსიტყვიერი შეფასებით ეჭვი არსებობდა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა განხორციელდა. მოწმის განმარტებით, არასრუწლოვანს საშვილოსნოდან სისხლდენა ეტყობოდა და მექანიკური დაზიანების კვალი აღმოაჩნდა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშს არ წარმოადგენდა. ამასთან, ბავშვი იმ დღეს ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებდა.
მოწმემ აღნიშნა, რომ ლ----ს დედა აგრესიულად იქცეოდა და ბავშვის სახლში წაყვანას ითხოვდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მას არაფერი ჭირდა. მოწმემ მიუთითა, რომ ბავშვს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა, კანი ძალიან გამომშრალი ჰქონდა და საკვები არასათანადოდ მიწოდებული, რაც ბავშვის ორგანიზმს ემჩნეოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე თ---------–------–---–ის ჩვენება.
3.2.3. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–---–მა განმარტა, რომ სამი წლის წინ ლ--------------ე იმ კლინიკაში მიიყვანეს სადაც მუშაობდა. არასრულწლოვანი გინეკოლოგიურ ოპერაციას საჭიროებდა, რის გამოც ბავშვთა გინეკოლოგის გამოძახება დაჭირდათ. მოწმემ აღნიშნა, რომ მოწვეულ გინეგოლოგს ასისტენტობას უწევდა, რომელმაც ლ--------------ეს დაზიანებული ჭრილობა შორისის მიდამოში გაუკერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე გ------------–---–ის ჩვენება.
3.2.4. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–----------–--ემ განმარტა, რომ ვ--------------- სანამ ა---------–--------ეზე გათხოვდებოდა მის მეზობლად ცხოვრობდა და ახლო მეზობლური ურთიერთობა ჰქონდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ----ს თუ რამე დაჭირდებოდა ხშირად ეხმარებოდა და ხედავდა, რომ ბავშვის აღზრდაში მამაც გვერდში ედგა. მოწმემ მიუთითა, რომ მართალია, მოპასუხე პატარა ბინაში ცხოვრობდა, თუმცა ყურადღებიანი დედა იყო და ბავშვი შეძლებისგვარად მოვლილი ჰყავდა. როდესაც ვ---- ა---------–---------- გაყვა მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდა, ვინაიდან საცხოვრებლად ბავშვთან ერთად თბილისში გადავიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე მ-----–----------–--ის ჩვენება.
3.2.5. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------–-----–---–მა განმარტა, რომ ვ--------------- მისი მეზობელია, რომელთანაც ახლო მეზობლური ურთიერთობა აქვს. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ---- ყურადღებიანი დედაა და შვილზე ყოველთვის კარგად ზრუნავდა, ხოლო ლ----ზე ვ----ს ან ოჯახის რომელიმე წევს ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოწმე მ----------–-----–---–ის ჩვენება.
სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-------–-------–---–მა განმარტა, რომ ვ--------------- სანამ გათხოვდებოდა კასპის რაიონის სოფელ ახალსოფელში მის მეზობლად ცხოვრობდა. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი ყურადღებიანი დედაა და ბავშვზე ყოველთვის ზრუნავდა, მზრუნველობას ლ----ს არც მამინაცვალი აკლებდა. მოწმის განმარტებით, ორ კვირაში ერთხელ ვ----ს ოჯახში სტუმრად მიდიოდა და ბავშვზე ძალადობის ფაქტი არასდროს დაუნახია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე შ--–-------–-------–---–ის ჩვენება.
3.2.6. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------------ემ განმარტა, რომ მის შვილს, ვ---------------ს ბავშვი ჩამოართვეს სოციალური მომსახურების საგენტოს თანამშრომლებმა. მოწმემ აღნიშნა, რომ ყველაფერი 2015 წლის აპრილის თვეში დაიწყო, როდესაც სიძემ დაურეკა და უთხრა, პოლიცია ძალადობას აბრალებდა. მეორე დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩავიდა, თუმცა ვ----ფერი გაარკვია. ამის შემდეგ შვილიშვილის სანახავად სააგენტოში მივიდა, თუმცა ბავშვის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა. მოგვიანებით ლ--------------ის ნახვისათვის განცხადება დაწერა, მაგრამ ბავშვის ნახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ყოველ კონტაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი - ქ-------------- ემალებოდა და სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა, მისთვის შვილიშვილი რომ არ ეჩვენებინა.
მოწმემ აღნიშნა, რომ ვ--------------- საკუთარ შვილს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა და ბავშვის მიმართ ძალადობა არასდროს განუხორციელებია, რაზეც მთელი სოფელი დაემოწმება. იგივე შეიძლება ითქვას ა---------–--------ეზე, თუმცა შემთხვევის დღეს რა მოხდა ამის თქმა ნამდვილად არ შეუძლია. მოწმის მტკიცებით, მისი შვილისთვის ბავშვის ჩამორთმევით სოციალური მომსახურების სააგენტოს ინტერესი იკვეთება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე ნ------------------ის ჩვენება.
3.2.7. ოჯახის ექიმის მ------------–---–ის ახსნა-განმარტების მიხედვით, ლ--------------ე 2014 წლის სექტემბრიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე მათ ამბულატორიაში აღრიცხავე იმყოფებოდა. ამ პერიოდში დედა და პაპა ბავშვს უვლიდნენ კარგად. ვ----ს დათქმულ დროს კონსულტაციაზე შვილი ყოველთვის მიყავდა და დანიშნულ მკურნალობას ზუსტად ასრულებდა. საკვებს მითითების მიხედვით აძლევდა. ლ---- ყოველთვის კარგად მოვლილი იყო და ფიზიკური მონაცემებით ასაკს არ ჩამორჩებოდა. ბინაზე მისვლის დროს ბავშვის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება და ანტისანიტარია არ გამოვლენილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოჯახის ექიმის მ------------–---–ის ახსნა-განმარტება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
იმისათვის, რომ ნათელი გახდეს ვის რისი დამტკიცება ევალება, საჭიროა პირველ რიგში იმაზე ყურადღების გამახვილება, რა იწვევს მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს - ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ამდენად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევისათვის საჭიროა მშობელი სისტემატურად თავს არიდებდეს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებდეს მშობლის უფლებებს.
რა შედის მშობლის მოვალეობებში იგი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილები და ვალდებულები არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, ამასთან დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის მოვალეობის ჩამორთმევას იწვევს მშობლის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობისათვის სისტემატურად თავი არიდება და საკუთარი უფლებების არაჯეროვანი გამოყენება.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ---------------სა და ა---------–---------- აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1 (ერთი) თვით განისაზღვრა. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ვ--------------- საკუთარ მოვალეობებს არაჯეროვნად იყენებდა და იგი საკუთარ შვილზე ძალადობოდა. მოპასუხე თავს არიდებდა ასევე სისტემატურად მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რაც მოწმის სახით დაკითხული თ---------–------–---–ის განმარტებით დადასტურდა, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სამედიცინო შემოწმების დროს ლ--------------ეს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა, კანი ძალიან გამომშრალი ჰქონდა და საკვებიც არასათანადოდ მიწოდებული, რაც ბავშვის ორგანიზმს ემჩნეოდა.
რაც შეეხება მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები აღწერენ მხოლოდ იმ დროინდელ ვითარებას, როდესაც ვ--------------- მამასთან ცხოვრობდა, ხოლო რა მდგომარეობა არსებობა მოპასუხის ა---------–--------ეზე გათხოვების შემდეგ ეს მათთვის უცნობია, ამასთან მათი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე საკუთარ მოვალეობებს ჯეროვნად ასრულებდა წინააღმდეგობაში მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებასთან, შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომელიც ვ---------------ს სადავოდ არ გაუხდია და მოწმე თ---------–------–---–ის ჩვნებასთან, რომელმაც ლ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღწერა, რომლის მიხედვითაც ბავშვს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ--------------- სისტემატურად თავს არიდებდა მშობლის მოვალეობების შესრულებას და მშობლის უფლებებს არაჯეროვნად იყენებდა, ხოლო ლ--------------ის დედასთან დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე ის გარემოება, რომ ლ----ს დედასთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მიმართ მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა და ბავშვს საქალწულე აპკი დაუზიანდა, ხოლო სისხლდენის გამო ოპერაცია დაჭირდა, რასაც დედა ყურადღებას არ აქცევდა სანამ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ჩაერია და ბავშვი სავადმყოფოში არ გადაიყვანა, საიდანაც ვ--------------- ბავშვის დაუყოვნებლივ გატანებას ითხოვდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა დაიცვას მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდავერი მოპყრობისგან.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
„სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი).
საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ ვ--------------- არის 2012 წლის 23 თებერვალს დაბადებული ლ--------------ის ბიოლოგიური დედა. ბავშვის მიმართ მამობა არ არის დადგენილი. ლ--------------ე მის მიმართ განხორციელებული ძალმომრეობითი ქმედების ჩადებამდე ცხოვრობდა დედასთან - ვ---------------სთან და მამინაცვალთან - ა---------–----------თან ერთად. ბავშვი სათანადო პირობებში არ იზრდებოდა, ამათან, მის მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 (2013წ) კომენტარის 61-ე პუნქტის თანახმად, „ბავშვზე მშობლებთან დაშორების ზეგავლენის სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დაშორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს ემუქრება უშუალო საფრთხე, ან როდესაც ეს სხვაგვარად აუცილებელია; დაშორება არ უნდა განხორციელდეს, თუ ნაკლებად მკაცრი ზომებით შესაძლებელია ბავშვის დაცვა. დაშორების განხორციელებამდე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს ან გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშორება აუცილებელია ბავშვის დასაცავად.“
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტრესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა არასრულწლოვანის ინტერესებს ენიჭება.
საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ---------------სა და ა---------–---------- აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1 (ერთი) თვით განისაზღვრა.
დადგენილია, რომ ვ--------------- საკუთარ მოვალეობებს არაჯეროვნად იყენებდა და იგი საკუთარ შვილზე ძალადობოდა. მოპასუხე სისტემატურად თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რაც მოწმის სახით დაკითხული თ---------–------–---–ის განმარტებით დადასტურდა, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სამედიცინო შემოწმების დროს ლ--------------ეს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა, კანი ძალიან გამომშრალი ჰქონდა და საკვებიც არასათანადოდ მიწოდებული, რაც ბავშვის ორგანიზმს ემჩნეოდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------ის დედასთან დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე ის გარემოება, რომ ლ----ს დედასთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მიმართ მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა და ბავშვს საქალწულე აპკი დაუზიანდა, ხოლო სისხლდენის გამო ოპერაცია დაჭირდა, რასაც დედა ყურადღებას არ აქცევდა სანამ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ჩაერია და ბავშვი სავადმყოფოში არ გადაიყვანა, საიდანაც ვ--------------- ბავშვის დაუყოვნებლივ გატანებას ითხოვდა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას საფუძვლად, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მშობლის უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში აღიარა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა ბიოლოგიური მშობლისაგან მისი მოცილება და ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ გადაცემა, თუკი ასეთი მოცილება, მისი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ არის გამოკვეთილი.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან ვ--------------- სისტემატიურად თავს არიდებდა ლ--------------ის მზრუნველობას, არ ინტერესდებოდა მისი ბედით, დედასთან ყოფნით ბავშვის სიცოცხელსესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აღნიშნული კი არღვევს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს, ბავშვის მიმართ უნდა მოხდეს შემდგომი სტაბილური მზრუნველობის ფორმის განსაზღვრა. ამით შესაძლებელი გახდება მცირეწლოვნის მუდმივი განთავსება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, უზრუნველყოფილი იქნება არასრულწლოვანთა შემდგომი განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ---------------ს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 23 თებერვალს დაბადებული ლ--------------ის მიმართ უნდა ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან, შესაბამისად, მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ვ---------------ს (დაბადებული 1989 წლის 23 ივნისს, პირადი №-----------) ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა შვილის - ლ--------------ის (დაბადებული 2012 წლის 23 თებერვალს, პირადი №-----------) მიმართ;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა N30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი