განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
160141318002348912
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002348912

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/87-18 8 მაისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031110318002)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ომარ მურადასილოვი

 

ბრალდებული: ნ----- მ---------ი

მამის სახელი: ალიარ

დაბადებული: 1----–-–---------–---

პასპორტის ნომერი:С--------

მოქალაქეობა: აზერბაიჯანის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: აზერბაიჯანი, ქ.ბაქო, კარა კარაევის გამზირი N78/34

 

თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ნ----- მ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნ----- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკუ საშუალება ,,ჰეროინს" საერთო წონით 1,6247 გრამი, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 11 მარტს 07:15 საათზე, ქ.მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ,,ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ნ----- მ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

უდავოდ ცნობილი 2018 წლის 11 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ ნ----- მ---------ს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ,,ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის წინა გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში, მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება ერთ წონაკად.

 

ასევე უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N513/სქ-661/ქრ დასკვნის თანახმად ნ----- მ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით -2.8 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა-1,6247 გრამი.

 

2018 წლის 11 მარტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N701429 დასკვნის თანახმად ნ----- მ---------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

მოწმე ელმარ ისმაილოვის ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ნ----- მ---------ს გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მითითებით ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ნაჭრის ქურთუკის გარეთა, წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში, მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება ერთ წონაკად.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ნ----- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 1.6247 გრამს.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ნ----- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ----- მ---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მოწმე დიტო გიგანის და ელმარ ისმაილოვის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 11 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმს, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N701429 დასკვნას, ქიმიური ექსპერტიზის N513/სქ-661/ქრ დასკვნას. სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ----- მ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნ----- მ---------მა შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ----- მ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.1. ნ----- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ნ----- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ნ----- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ნ----- მ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა.

საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი.“ თანახმად საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლისა ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ----- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) წლის ვადით.

 

ნ----- მ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 მარტიდან.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ნ----- მ---------ს 5 (ხუთი) წლით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;

 

ნ----- მ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე