გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-705-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე - ე-–--------–---ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ხ------------------–--ე
მოპასუხე -რ--------------------ი
მოპასუხის წარმომადგენელი- მ----------ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე რ--------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2007 წლის 02 აგვისტოს დაბადებული რ----–--------------ს (პ/ნ 3----------) და 2008 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ს----–---------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 300-300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 02 მარტიდან მათ სრულწლოვანებამდე;
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2005 წლიდან 2014 წლამდე მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი- 2007 წლის 2 აგვისტოს დაბადებული რ----–-------------- და 2008 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ს----–---------------. მოპასუხე არ აქცევს შვილებს ყურადღებას, არ ეხმარება მათ მატერიალურად, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 3000-5000 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–--------–---ი ითხოვს, რომ მოპასუხე რ--------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2007 წლის 02 აგვისტოს დაბადებული რ----–--------------ს (პ/ნ 3----------) და 2008 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ს----–---------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 300-300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 02 მარტიდან მათ სრულწლოვანებამდე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რ--------------------ის წარმომადგენელმა 2018 წლის 15 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რის გამოც იგი თანახმაა თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე-–--------–---ს და რ--------------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2007 წლის 2 აგვისტოს დაბადებული რ----–-------------- და 2008 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ს----–---------------
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-16)
3.1.2. რ--------------------ი არ ზრუნავს შვილებზე და არ ეხმარება მათ მატერიალურად.
მტკიცებულება: მხარის ახსნა- განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ--------------------ს სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, იგი პერიოდულად მუშაობს ავტომობილების შემკეთებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს აკისრია ვალდებულება დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი სასარჩელო მოთხოვნა. ე-–--------–---ის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოპასუხე რ--------------------ს გააჩნია სტაბილური შემოსავალი, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 3000-5000 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანდებამდე;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია
მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან - ე-–--------–---თან, რომელსაც არანაირი მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია, რაც შეეხება მოპასუხეს მისი სამსახური არასტაბილურია, თუმცა მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და თანხმობას აცხადებს შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 50-50 ლარის ოდენობით. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 300-300 ლარის ოდენობით, არაგონივრული თანხაა და მის სრულად დაკისრებასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2007 წლის 02 აგვისტოს დაბადებული რ----–--------------ს (პ/ნ 3----------) და 2008 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ს----–---------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 02 მარტიდან მათ სრულწლოვანებამდე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2018 წლის 02 მარტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე-–--------–---ის სარჩელი მოპასუხე რ--------------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე რ--------------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების- 2007 წლის 02 აგვისტოს დაბადებული რ----–--------------ს (პ/ნ 3----------) და 2008 წლის 23 დეკემბერს დაბადებული ს----–---------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 02 მარტიდან მათ სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე რ--------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი