განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-299-18
(№078070816002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი,ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი ანა გურიელი,ბრალდებული: გ--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ: გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩ----–--ი.
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 07 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრზე, ქ. თბილისის მხრიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობდა ,,ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - Q--------, რომელსაც მართავდა გ--------------–---–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და წრიულზე შესვლისას შეეჯახა ქვეით ჰ------------------ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჰ------------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს (07.08.2016), დაზარალებულის - ჰ------------------ის ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას და ფოტოსურათებს (07.08.2016), ჰ------------------ის მკურნალობის დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის N000504217 დასკვნას (29.01.2017), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1958/სტ დასკვნას (09.08.2016), სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N002755617 დასკვნას (18.05.2017), თავად გ--------------–---–ის ჩვენებას და სხვა მტკიცებულებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 11 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სუბიექტური მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია.
დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და მიზეზობრივი კავშირი - შედეგად გამოიწვია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ--------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები იმპერატიულად ადგენს, თუ რა შემთხვევებშია დაუშვებელი პირობითი მსჯავრის გამოყენება, კერძოდ: თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, ან თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. პირობითი მსჯავრის ეფექტურობასა და შემაკავებელ ხასიათზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის დებულებები: კერძოდ, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს პირობითი მსჯავრი და აღასრულოს განაჩენით დანიშნული სასჯელი. ასევე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.
იმის გათვალისწინებით, რომ გ--------------–---–ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------–---–ი, სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს(გადაუხდელია).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
გ--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.
2. გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი