გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
140310117002052222
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002052222

საქმე № 3/222-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: დ----- ბ-------–-

 

მოპასუხეები: ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ი, ზ------- ბ-----–---–ი, ა---------– ბ-----–---–ი, ლ--–- მ---ი, შპს ,,ა------”, შპს ,,ჯ--ი”, შპს ,,კ---", შპს ,,დ----", კ------- ყ-----–---–ი

წარმომადგენელი: გ------- ზ---------

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ის, ზ------- ბ-----–---–ის, ა---------– ბ-----–---–ის, ლ--–- მ---ის, შპს ,,ა------ს”, შპს ,,ჯ--ის”, შპს ,,კ---ს", შპს ,,დ----სა" და კ------- ყ-----–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ს (საიდენტ. № 2----------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; მისი საქმიანობის სახე იყო ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა სპეციალიზებულ მაღაზიებში; მან სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა 2015 წლის იანვარში, რა დროიდანაც მისი ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელა შპს ,,ა------მ" (საიდენტ. № 4--------), რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ვ---- ბ-----–---–ის ძმის - ზ------- ბ-----–---–ის (პირ. № 2----------) მეუღლე ლ--–- მ---ია (პირ. № 6----------). ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–მა დარჩენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები გადააწერა შპს ,,ა------ს", რომლის წარმომადგენლადაც საბაჟოზე ფიქსირდება ზ------- ბ-----–---–ი, რომელიც იმავდროულად არის შპს ,,თ----–-ს" (საიდენტ. № 4--------) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი; ამავე დროს, ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ს საქონელს იღებდა შპს ,,თ----–-საგან". ამ უკანასკნელს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს ,,ჯ--ი" (საიდენტ. № 4--------). თავის მხრივ, ამ უკანასკნელსაც გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ის სახელით სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტამდე ორი თვით ადრე ზ------- ბ-----–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მამამისის - ა---------– ბ-----–---–ის (პირ. № 2----------) სახელზე შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო შპს ,,ჯ--ის" სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ - ცოლის ლ--–- მ---ის სახელზე შეიძინა ავტომანქანა. ა---------– ბ-----–---–ს შემოსავალი არ უფიქსირდება, ხოლო ლ--–- მ---ის შემოსავალი შეადგენდა ყოველთვიურად საშუალოდ 250 ლარს.

 

შპს ,,კ---ს" (საიდენტ. № 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე კ------- ყ-----–---–ია (პირ. № 2----------); მისი საქმიანობის სახეც ტანსაცმლით საცალო ვაჭრობაა; მის წარმომადგენლად საბაჟოზე ფიქსირდება ზ------- ბ-----–---–ი; ეს უკანასკნელი იგივე საქმიანობას ახორციელებდა შპს ,,დ----ს" (საიდენტ. № 4--------) მეშვეობითაც, რომლის დამფუძნებლად 100%-იანი წილით და დირექტორად ფიქსირდება ზ------- ბ-----–---–ის დედა - მ-----–- შ-------ე (პირ. № 2----------) გარდაიცვალა 2016 წლის 18 იანვარს). ზ------- ბ-----–---–მა დედის გარდაცვალების შემდეგ თანასოფლელ კ------- ყ-----–---–ის სახელზე დაარეგისტრირა შპს ,,კ---", რომელსაც სასაქონლო ზედნადებით გადააწერა შპს ,,დ----ს" კუთვნილი საქონელი და საკონტროლო სალარო აპარატი.

 

შპს ,,კ---სა" და შპს ,,დ----ს" იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი და სახე ერთი და იგივეა; შპს ,,დ----ში" დასაქმებული ერთ-ერთი პირი საქმიანობას აგრძელებს შპს ,,კ---ში".

 

ყოველივე აღნიშნული, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებასა და ურთიერთ ცრუმაგიერობაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–თან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება და დღემდე იცავს ამ შეთანხმების პირობებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ვ---- ბ-----–---–ი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2010 წლის 6 იანვარს, მისი იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ----–-ა;

 

მტკიცებულება: 2014 წლის 8 მაისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 38).

 

3.2.2. შპს ,,ჯ--ი" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2013 წლის 8 თებერვალს, მისი იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ----–-ა; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ზ------- ბ-----–---–ია;

 

მტკიცებულება: 2015 წლის 23 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 34-35).

 

3.2.3. შპს ,ა------" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 22 ოქტომბერს, მისი იურიდიული მისამართი ბათუმი, გ-------–--------–---–ის ქ. № 36/14-ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ლ--–- მ---ია;

 

მტკიცებულება: 2016 წლის 24 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 32-33).

 

3.2.4. შპს ,,დ----" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 18 აგვისტოს, მისი იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ----–-ა; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე მ-----–- შ-------ეა;

 

მტკიცებულება: 2015 წლის 18 აგვისტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 164-165).

 

3.2.5. შპს ,,კ---" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 11 აპრილს, მისი იურიდიული მისამართი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ----–-ა; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე კ------- ყ-----–---–ია;

 

მტკიცებულება: 2016 წლის 11 აპრილის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 166-167).

 

3.2.6. ვ---- ბ-----–---–მა შპს ,,ა------ს" 2016 წლის თებერვალსა და მარტში მიყიდა 59 952 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ტანსაცმელი; სხვადასხვა კომპანიებმა 2016 წლის სექტემბერში, 2017 წლის თებერვალსა და მაისში შპს ,,ა------ს" მიყიდეს სხვადასხვა დასახლელებისა და ღირებულების საქონელი; ამ საქონლის ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირად რიგ შემთხვევებში ფიქსირდება ზ------- ბ-----–---–ი;

 

მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადებები (ს. ფ. 17-22).

 

3.2.7. შპს ,,დ----მ" შპს ,,კ---ს" 2016 წლის მაისში მიყიდა 25 654,50 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ტანსაცმელი და 300 ლარის ღირებულების საკონტროლო სალარო აპარატი;

 

მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადებები (ს. ფ. 168, 172).

 

3.2.8. ა---------– ბ-----–---–სა და სხვა პირს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა---------– ბ-----–---–ის სახელზე 2014 წლის 23 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რაც დატვირთულია იპოთეკით;

 

მტკიცებულება: ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, 2016 წლის 21 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 2017 წლის 24 ივლისის № 297663 მიმართვა (ს. ფ. 39-50).

 

3.2.9. ლ--–- მ---ზე 2015 წლის 19 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ავტომანქანა BMW;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" 2017 წლის 17 ივლისის № MIA 8 17 01703914 9. ფ. 51-52).

 

3.2.10. შპს ,,თ----–-ს" 2015 წლის 23 იანვარს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს ,,ჯ--ი";

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის № B15012310/3 გადაწყვეტილება.

 

3.2.11. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის განკარგულებით დადგინდა ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–თან საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

 

მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის განკარგულება № 2135 (ს. ფ. 197-198).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელების სხვა მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

დადგენილია, რომ ზ------- ბ-----–---–ი არის შპს ,,ჯ--ის" დირექტორი და 100 %-აინი წილის მფლობელი, ლ--–- მ---ი - შპს ,,ა------ს" დირექტორი და 100 %-აინი წილის მფლობელი, კ------- ყ-----–---–ი კი - შპს ,,კ---ს დირექტორი და 100 %-აინი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა მათ მიერ დაფუძნებული შპს-ებისგან გაუმიჯნაობას.

 

მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელების - ვ---- ბ-----–---–ის, შპს ,,ა------ს", შპს ,,ჯ--ის", შპს ,,კ---სა" და შპს ,,დ----ს" განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, არ არის განმსაზღვრელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, დამფუძნებელ პირთა ან დირექტორების შპს-ს ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის.

 

მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირთა მიერ შპს-ების დაფუძნება გამოყენებულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით, იმთავითვე არ ქმნის მოპასუხე ფიზიკური და იურიდიული პირების ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობის წინაპირობას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სრულიად სხვაა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობის ფორმები, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, და სხვაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით პირთა ცრუმაგიერად მიჩნევის საფუძვლები: პირველი შემთხვევა დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობებზე, ხოლო მეორე - საგადასახადო სამართალურთიერთობასთან.

 

გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას.

 

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას.

 

ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა.

 

არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება.

 

სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.

 

გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა, დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა; ამასთან, მოპასუხე ზ------- ბ-----–---–ის მამასა და მეუღლეზე ფიქსირდება უძრავი ქონება და ავტომანქანა.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით, გადასახადის გადამხდელების - ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ის, შპს ,,ჯ--ის", შპს ,,ა------ს", შპს ,,კ---სა" და შპს ,,დ----ს" ამ შპს-ების დამფუძნებელი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან და მით უფრო ა---------– ბ-----–---–ისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა არ დგინდება;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების უდიდესი და ძირითადი ნაწილი სარჩელში გადატანილია შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 6 ივლისის № 2158-21-05 და 2017 წლის 6 სექტემბრის № 110665-21-05 მიმართვებიდან (ს. ფ. 28-31, 160-163), რომლებიც, თავისი ფორმითა და შინაარსით, მხოლოდ მიმართვებია და არ წარმოადგენს მასში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებას.

 

მოპასუხედ მითითებულ ფიზიკურ პირთა შორის ნათესაური კავშირიც თვით ამ პირებმა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე.

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.10. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

როგორც აღინიშნა, სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა; ამასთან, მოპასუხე ზ------- ბ-----–---–ის მამასა და მეუღლეზე ფიქსირდება უძრავი ქონება და ავტომანქანა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ, ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის განკარგულებით დადგინდა ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–თან საგადასახადო შეთანხმების გაფორმება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ამ მოპასუხისაგან გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მტკიცების საფუძველს.

 

მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციებით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებებისა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავიდან აცილების მიზნით.

 

მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელ ქმედებებს, და თუ მყარად, უტყუარად არ იქნა დადასტურებული გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება, მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოკლებული იქნება როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო შპს ,,დ----ს" საბანკო ანგარიშს სს ,,თ----------ში".

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი ინდ. მეწარმე ვ---- ბ-----–---–ის, ზ------- ბ-----–---–ის, ა---------– ბ-----–---–ის, ლ--–- მ---ის, შპს ,,ა------ს”, შპს ,,ჯ--ის”, შპს ,,კ---ს", შპს ,,დ----სა" და კ------- ყ-----–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,დ----ს" საბანკო ანგარიშს სს ,,თ----------ში".

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქю № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი