განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-160-18
(№021180218003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი მაგული კორძაია,ბრალდებული: თ------–-----------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი კ--–----ო, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გარდაბანი, ე------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
თარჯიმანი - აიგიუნ სიხარულიძე
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 თებერვალს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. გარდაბანში, გ-----------------ში, ე---–------------ას თურქეთში სამუშაოდ წასვლასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, თ------–-----------მა მეუღლეს - ე---–------------ას თავის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულმა თ------–-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 20 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა, თ------–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ე---–------------ას გამოკითხვის ოქმს, ბრალდებულ თ------–-----------ის აღიარებით ჩვენებას, მოწმე შ----------------ას გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თ------–-----------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის დროს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეისათვის მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დაზარალებულის პოზიციას, მის წარსულს და მიაჩნია, რომ თ------–-----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
თ------–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს თ------–-----------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.06.2017 წლის №1/278-17 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 03(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.06.2017 წლის №1/278-17 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ------–-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. თ------–-----------ი აყვანილი იქნეს პატიმრობაში სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თ------–-----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის დადგენის დღიდან - 2018 წლის 17 მაისიდან. მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით.
4. თ------–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი