გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 421210018002397123
N2/66-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.05.2018 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - ს.ს. ,, ლი-------------’’.
წარმომადგენელი - ლო---- თუ-----–--ლი.
მოპასუხე -კა-- ვა------–--ლი.
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
სხდომის სახე: ზეპირი განხილვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე კა-- ვა------–--ლს მოსარჩელე - ს.ს. ,, ლი-------------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 4170.49 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე - ს.ს. ,, ლი-------------’’ და მოპასუხე - კა-- ვა------–--ლს შორის 2015 წლის 04 ივნისს დაიდო N0002/2015/34087 სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა სესხი 2700 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 იანვრამდე. სარგებელი განისაზღვრა 45%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულება 2016 წლის 6 იანვრიდან, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. მოსარჩელემ 2017 წლის 10 ნოემბრიდან შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 4170.49 ლარს (ძირი : 1942.65 ლარი; პროცენტი: 1247.84 ლარი; ჯარიმა: 980 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში სცნო, მაგრამ არ სცნო პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე - ს.ს. ,, ლი-------------’’ და მოპასუხე - კა-- ვა------–--ლს შორის 2015 წლის 04 ივნისს დაიდო N0002/2015/34087 სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა სესხი 2700 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 იანვრამდე. სარგებელი განისაზღვრა 45%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის თანხა მიიღო მოპასუხემ.
სესხი სარგებლიანია. ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს (1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დარიცხვას.
3.2.მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 4170.49 ლარს (ძირი : 1942.65 ლარი; პროცენტი: 1247.84 ლარი; ჯარიმა: 980 ლარი).
3.3. მოპასუხე ინფორმირებულია დავალიანების შესახებ.
3.4. მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 06. 01. 2016 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი;
- სესხის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელ მოპასუხეს პირგასამტეხლო დარიცხული ჰქონდა 980 ლარის ოდენობით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 490 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე კა-- ვა------–--ლს (პ/ნ 4----------- დაეკისროს მოსარჩელე ს.ს. ,,ლი-------------’ -ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 3680.49 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა : 1942.65 ( ათას ცხრაას ორმოცდაორი ლარი და 49 თეთრი) ლარი; პროცენტი: 1247.84 ( ათას ორას ორმოცდაშვიდი ლარი და 84 თეთრი) ლარი; ჯარიმა: 490 ( ოთხას ოთხმოცდაათი ლარი) ლარი.
3. მოსარჩელე ს.ს. ,, ლი-------------’ -ის (ს/კ 2--------) უარი ეთქვას 490 ( ოთხას ოთხმოცდაათი ლარი) ლარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოპასუხის მიმართ, უსაფუძვლობის გამო.
4. . მოპასუხე კა-- ვა------–--ლს (პ/ნ 4----------- დაეკისროს მოსარჩელე ს.ს. ,,ლი-------------’ -ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 7.35 ლარის ანაზღაურება.
5. . მოსარჩელე ს.ს. ,, ლი-------------’ -ის (ს/კ 2--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7. 35 ლარი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.
6. მოსარჩელე ს.ს. ,, ლი-------------’ -ის (ს/კ 2--------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 47.85 ლარი დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან, ასევე დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 63.44 ლარი (საგადასახადო დავალება N5135414255, გადახდილი 2017 წლის 18 ოქტომბერს, სახაზინონ კოდი N300503150).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე