გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210116001386147
№2/1048-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ჯ-----ი“;
წარმომადგენელი – დავით მალანია;
მოპასუხე - ბა----- ე------;
მოპასუხე - გ--–- უჩ----–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბა----- ე------ს და გ--–- უჩ----–---–ს შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალიანების 1843 ლარის გადახდა;
1.2. ბა----- ე------ს და გ--–- უჩ----–---–ს შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1140 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, თვეში 190.03 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 29 სექტემბერს ბა----- ე------მ განცხადებით მიმართა შპს „ჯ-----ის“ და მოითხოვა სესხი 1140 ლარის ოდენობით, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა – 2015 წლის 4 ნოემბრამდე, ყოველდღიურად 38 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა გ--–- უჩ----–---–მა. ვინაიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები, მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე. მხარეებს შორის ვერ შედგა მორიგება, რის გამოც ბრძანება არ გამოიცა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ 2015 წლის 15 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება Nა57, რომლის თანახმადაც იმავე წლის 26 მარტს უნდა დაებრუნებინათ 750 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შესძლეს სესხის ბოლომდე გადახდა, დარჩენილი დავალიანების დასაფარად მოითხოვეს დამატებითი ვადა, რაზეც მიიღეს უარი, თუმცა შესთავაზეს ვალის ახალი სესხით დაფარვა. 2016 წლის 26 მარტს გააფორმეს ახალი სესხის ხელშეკრულება Nა161, რითაც გადაფარეს ძველი დავალიანება. ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, 350 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტით უნდა დაეფარა 1 მაისამდე, რაც ასევე ვერ შესძლეს. მოსარჩელეს კვლავ შესთავაზეს სესხის ეტაპობრივად დაფარვა, ან დავის სასამართლოს გზით გადაწყვეტა, თუმცა ბოლოს კვლავ შეთანხმდნენ ახალი სესხის აღებაზე, ძველი ვალდებულების გადასაფარად, ამჯერად მისი ოდენობა შეადგენდა 1140 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები თანახმა არიან დაფარონ თავდაპირველი დავალიანება 350 ლარი, მასზე დარიცხული სარგებელი 70 ლარი, პირგასამტეხლო 116 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 536 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2015 წლის 18 თებერვალს ბა----- ე------ს და შპს „ჯ-----ის“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 750 ლარს, თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა 71 დღე, 2015 წლის 18 თებერვლიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად 25 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით და ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა გ--–- უჩ----–---–მა. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 მარტს ბა----- ე------მ ვალის დაფარვის მიზნით გადაიხადა 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სარჩელი და შესაგებელი);
– სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 69-71);
–სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 68);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 67);
3.2.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 მარტს ბა----- ე------ს და შპს „ჯ-----ის“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 350 ლარს, თვიური სარგებელი განისაზღვრა 16.67%, ვადა 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურად 11.67 ლარის გადახდის პირობით. ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით და ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 20%. მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა გ--–- უჩ----–---–მა. ვინაიდან მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში დავალიანების დაფარვა, მათთან სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა 2015 წლის 29 აპრილს 360 ლარზე, პროცენტთან ერთად გადასახდელი იყო 432 ლარი; 2015 წლის 13 ივნისს 510 ლარზე, პროცენტთან ერთად გადასახდელი იყო 612 ლარი; 2015 წლის 19 ივლისს 660 ლარზე, პროცენტთან ერთად გადასახდელი იყო 792 ლარი; 2015 წლის 24 აგვისტოს 510 ლარზე, პროცენტთან ერთად გადასახდელი იყო 612 ლარი; 2015 წლის 29 სექტემბერს 1140 ლარზე, პროცენტთან ერთად გადასახდელი იყო 1368 ლარი; ყველა ხელშეკრულებაში თვიური სარგებელი განსაზღვრული იყო 16.67%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით და ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 20%.
მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ არცერთი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გარდა 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებისა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის რეალურად სესხის თანხა არ გადაუცია. ხელშეკრულებები ფორმდებოდა დაგროვილი დავალიანებების დაფარვის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
– სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 68-91);
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. იმის გამო, რომ მხარეები ვერ მორიგდნენ, 2016 წლის 22 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება მორიგების შესახებ, პროტესტი (იხ. ს.ფ.25-27);
– გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 28);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე, 625–ე, 417–ე, 418–ე, 420–ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხი რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. შესაბამისად, მხარეს ვალის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სუსგ №ას-1245-1168-2015, სუსგ №ას-361-343-2015).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს მართალია მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, მაგრამ რეალურად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 1140 ლარი მსესხებელს არ მიუღია. ყველა ახალი ხელშეკრულება მიზნად ისახავდა, უფრო ადრე დადებული ხელშეკრულებებით დაგროვილი დავალიანების დაფარვას. რეალურად კი სესხის სახით მოპასუხეებმა მხოლოდ 2015 წლის 18 თებერვალს მიიღეს თანხა – 750 ლარის ოდენობით, საიდანაც დაფარეს 400 ლარი, შესაბამისად გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 350 ლარი, რაც ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625–ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. როგორც უკვე აღნიშნა, რეალური ხელშეკრულება, რაც გულისხმობს მსესხებლისათვის თანხის გადაცემას, მხარეებს შორის გაფორმდა 2015 წლის 18 თებერვალს და ამ გარიგებით გათვალისწინებული იყო პროცენტი, თვეში 16.67%. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 26 მარტს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა დავალიანების 350 ლარის დაფარვის მიზნით, რომელიც ითვალისწინებდა იგივე საპროცენტო განაკვეთს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველი შემდგომი ხელშეკრულება, როცა აღარ ხდებოდა მსესხებლისათვის რეალურად თანხის გადაცემა, წარმოადგენს 2015 წლის 26 მარტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, შესაბამისად, ბოლო ანუ 2015 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების ვადის დასრულების (2015 წლის 4 ნოემბერი) ჩათვლით, სესხის ძირთად თანხაზე 350 ლარზე უნდა დაერიცხოს სარგებელი 16.67%, რაც 8 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 466.72 ლარს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთჯერადი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დარჩეს 70 ლარი, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლოს შემცირება უნდა მოხდეს სესხის ძირითადი თანხის (350 ლარი) 0.07%-მდე, რაც 224 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 54.88 ლარს, ჯამში 124.88 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელე სესხს გასცემდა იგივე საპროცენტო განაკვეთით (თვეში 16.67%), რაც წლიურად შეადგენს 200.04%. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, სამ თვეზე გაანგარიშებით, უნდა დაეკისროს 17.50 ლარის გადახდა (წლიური 20%).
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა თავდებმა გ--–- უჩ----–---–მა შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 150 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 50 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა, დავის საგნის დაკმაყოფილებული ნაწილის (941.60 ლარი) 4% –37.66 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი.
ამასთან, მოპასუხეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (მოთხოვნის 56.92%), მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 56.92 ლარი, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, 16.80%, ანუ 21.53 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, 21,55 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისს განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბა----- ე------ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 04.01.13.114, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბა----- ე------ს და გ--–- უჩ----–---–ს შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასესხო დავალიანების 941.60 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 350 ლარი, პროცენტი 466.72 ლარი, პირგასამტეხლო 124.88 ლარი.
1.2. ბა----- ე------ს და გ--–- უჩ----–---–ს შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 350 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებელის გადახდა, 17.50 ლარის ოდენობით.
2. ბა----- ე------ს და გ--–- უჩ----–---–ს შპს „ჯ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 21.53 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა – 37.66 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, საგარანტიო თანხა 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 21,55 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ნაწილი - 56.92 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბა----- ე------ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით საკადასტრო კოდით 04.01.13.114, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე