განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2018
საქმის ნომერი
080100118002352514
დავის ტიპი
276 7 , 276 3 , 276 1
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/212-18 (№076160417003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

16.05.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ვ--–---ი კ--------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ნ--- ა-----ე

მამის სახელი: ტ---------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ოზურგეთის რაიონი სოფელი შ-----------

 

ადვოკატი: თ------ ჟ-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილები.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ--- ა-----ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 16 აპრილს დაახლოებით 17:30 საათზე, სამტრედიის რაიონში არსებული ავტომაგისტრალის 256-ე კმ/ზე, ნ--- ა-----ე მართავდა „მერსედეს ბენცი"-ს მოდელის სანომერე ნიშნით I-------- ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34,3(გ) მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ფ-------- დ-------ის მართვაში არსებულ „ტოიოტა კამრის" მოდელის სანომრე ნიშნით U-------- ავტომობილს. შეჯახებამ გამოიწვია ნ--- ა-----ის მგზავრების ტ-------- ა-----ის და ლ---- ა-----ის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო მგზავრებმა რ--------- ლ----ემ და ი-–-- ა-----ემ მიიღეს შესაბამისად ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებები. გარდა აღნიშნულისა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამ გამოიწვია ფ-------- დ-------ის მგზავრის - ა-–- ა-----ის სიცოცხლის მოსპობა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 26 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ--- ა-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ნ--- ა-----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ნ--- ა-----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის სქემით, შემთხვევის ადგილის ფოტოტაბულით, ავტოტექნიკურ-ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 19 მაისის №310/ა,44/ატრ დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №003325017, N003378417, N002145417, N002145717 და N002146117 დასკვნებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ფ-------- დ-------ის და აზა ქ---–------ს, დაზარალებულ რ--------- ლ----ის ჩვენებებით, მოწმეების რ--------ი გ-----ს, ი----- ჯ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნ--- ა-----ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ნ--- ა-----ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით”.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში, ის აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ინკრიმინირებულ დანაშაულს, რომლის შედეგად დიდი ზიანი განიცადა თავად ბრალდებულმა - დაკარგა მამა და ჩვილი ბავშვი, ხოლო ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ბრალდებულის ჩათვლით მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულს კმაყოფაზე დარჩა მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე. ასევე, მხედველობაშია მისაღები დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი: ნ--- ა-----ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას მოჰყვა უმძიმესი შედეგი როგორც თვით ბრალდებულის ოჯახის დაღუპული ორი წევრის სახით, ისე შემხვედრ ავტომანქანაში მყოფი გარდაცვლილი ქალბატონის სახით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ-------- დ-------ე არ დაეთანხმა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას იმ მოტივით, რომ მისგან მორალური მხარდაჭერა ვერ იგრძნო.

 

ნ--- ა-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქმის განხილვისას მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ადგილი არ ჰქონია დანაშაულზე წასწრების ფაქტსაც და მიიჩნევს, რომ ნ--- ა-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- ა-----ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული (6-დან 10 წლამდე თ/ა უდაბლესი სასჯელი 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ერთი მესამედი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითი მსჯავრით შეცვლა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დამდგარი უმძიმესი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის პრევენციული მიზნის განხორციელებას, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა ვერ იქნა გაზიარებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ--- ა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ნ--- ა-----ე დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

ნ--- ა-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.

ნ--- ა-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ნ--- ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ლ------- ხ--------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ოზურგეთის რაიონი სოფელი შ------ში (საკადასტრო კოდი 2-----------, ფართი 9001 კვ.მ.) - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

ნ--- ა-----ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ--- ა-----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- შემთხვევის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის 05 ცალი ნამსხვრევი დალუქული 01 პაკეტად - რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - განადგურდეს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით I-------- და ,,ტოიოტა კამრის“ მოდელის სანომრე ნიშნით U-------- - რომელიც განთავსებულია შპს ,,იმპერია 2009“ -ს სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე