გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
411210017002107241
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 411210017002107241

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.05.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო ქოჩორაშვილი, ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე შპს ,,მისო ევ--------------ი",მოსარჩელის წარმომადგენელი გ-----------------–---–-

მოპასუხეები ია---- გო--------ი , ბე–-- გე-–-–--ლი,მოპასუხეების წარმომადგენელი გ---–--------–-–---–-

დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოპასუხეებს ია---- გო--------ს და ბე–-- გე-–-–--ლს მოსარჩელე შპს მისო ”ევ--------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 640 აშშ დოლარის და სარგებელის - 181.33 აშშ დოლარის გადახდა ;

 

2. მოპასუხეებს ია---- გო--------ს და ბე–-- გე-–-–--ლს შპს მისო ”ევ--------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი თანხის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები

2016 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ევ-------------- +’’-ს და ია---- გო--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №რლე 16005---, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხე ია---- გო--------ის კუთვნილი ავტომობილი- ტოიოტა-ვოქსი. სესხი ასევე დამატებით უზრუნველყოფილი იქნა ბე–-- გე-–-–--ლის სოლიდარული თავდებობით-2200 აშშ დოლარის ფარგლებში .

მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 05 აპრილს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 2080 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც მოხდა შემდეგნაირად: 88 ლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; 486 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი და 1560 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა

ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეებს შპს ,,ევ--------------''-ის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება-სესხის ძირითადი თანხა - 2200 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება- სესხის ძირითადი თანხა- 640 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად, ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5% -ის ოდენობით , ამიტომ ავტომანქანის რეალიზაციიდან (05.04.2017) ხელშეკრულების ვადის გასვლის დღემდე გასულია 5 თვე და 20 დღე, ამიტომ დარიცხული სარგებელი შეადგენს 181.33 აშშ დოლარს .

2017 წლის 01 სექტემბერს სესხის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ დამატებითი ვადა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ევ--------------’’-ს და ია---- გო--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №რლე 16005---, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.2. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხე ია---- გო--------ის კუთვნილი ავტომობილი- ტოიოტა-ვოქსი.

 

3.1.3. 2016 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ევ-------------- ''-ს და ბე–-- გე-–-–--ლს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 2200 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.4. მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 05 აპრილს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 2080 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც მოხდა შემდეგნაირად:

1. 88 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი

2. 486 აშშ დოლარი- სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი

3. 1560 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა

 

3.1.4. ავტომობილის- ,,ტოიოტა-ვოქსი“ს საბაზრო ღირებულება 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 2100 აშშ დოლარს, ხოლო ლიკვიდური ღირებულებაა 1600 აშშ დოლარს.

 

3.1.4. სესხის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ დამატებითი ვადა, თუმცა მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები,- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება,-სესხის გადაცემის ხელშეკრულება

- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში - წერილობითი შეტყობინებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 411-ე, 394-ე, 891-ე, 898-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე და 625-ე მუხლების თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ევ--------------’’-ს და ია---- გო--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №რლე 16005---, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხე ია---- გო--------ის კუთვნილი ავტომობილი- ტოიოტა-ვოქსი.

 

ამდენად, მხარეებს შპს ,,ევ--------------''-ს და გო--------ს შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ევ--------------''-ს წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, და თანხა არ გადაიხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რის გამოც 2017 წლის 05 აპრილს მოხდა გირავნობის საგნის რეალიზაცია, რითაც ვალდებულება დაიფარა ნაწილობრივ. გირავნობის საგნის რეალიზაციის დღეს მოპასუხეებს შპს ,,ევ--------------''-ის მიმართ ერიცხებოდათ დავალიანება-სესხის ძირითადი თანხა - 2200 აშშ დოლარი, ხოლო ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ დარჩა დავალიანება- სესხის ძირითადი თანხა- 640 აშშ დოლარი და 2017 წლის 05 აპრილიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე ( 5 თვე და 20 დღე) სარგებელი 181.33 აშშ დოლარი .

 

ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა სარგებლის გადახდა გაითვალისწინებს ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით, თანხის სრულად დაბრუნებამდე. ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება და სესხის ძირი თანხის სრულად დაბრუნება, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ დავალიანების თანხის - სესხის ძირი თანხის 640 აშშ დოლარის და ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარიცხული სარგებლის-181.33 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ევ-------------- ''-ს და ბე–-- გე-–-–--ლს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, იმგვარად, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ევ--------------’’-ს და ია---- გო--------ს შორის დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის №რლე 16005--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მიმართ უზრუნველყოს ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 2200 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება- სესხის ძირითადი თანხა- 640 აშშ დოლარი და სარგებელი- 181.33 აშშ დოლარი , შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ევ-------------- ''-ის მოთხოვნა მოპასუხეების , როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსს კოდექსის 53 მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსს კოდექსის 41-ე მუხლით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება - გადასახდელი თანხით, ხოლო ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს; განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასია 1971,19 ლარი, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 100 ლარი, ამიტომ მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო სახ. ბაჟი 50 ლარი მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ, რადგან მოსარჩელეს არც სარჩელით და არც საქმის განხილვის დროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ მოუთხოვია

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს მისო ”ევ--------------”-ის სარჩელი მოპასუხეების ია---- გო--------ის და ბე–-- გე-–-–--ლის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ , დაკმაყოფილდეს ;

 

1.1. მოპასუხეებს ია---- გო--------ს და ბე–-- გე-–-–--ლს მოსარჩელე შპს მისო ”ევ--------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის- 640 აშშ დოლარის და სარგებლის - 181.3 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხეებს ია---- გო--------ს და ბე–-- გე-–-–--ლს მოსარჩელე შპს მისო ”ევ--------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი თანხის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

3. შპს მისო ”ევ--------------”-ს დაუბრუნდეს მის მიერ 25/09/2017 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 50 ლარი (საგადასახადო დავალება #1506340887, სახაზინო კოდი 300573150) ;

 

5. მოსარჩელეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი