განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/669-17
(№012281117002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:
ბრალდებული გ-----------------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----–----ი,ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტები, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1 . სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 01 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ-----------------ის მიმართ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ-----------------ეს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 01 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
გ-----------------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 27 ნოემბერს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, გ-----------------ე 2017 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, მივიდა ქ.რუსთავში მ-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დედამისს, მ----------------ეს, არასრულწლოვანი შვილიშვილების 11 წლის ა-------ა და 12 წლის ნ--------------–---–ების, თანდასწრებით მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,ბრალდებულმა გ-----------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რაც აღნიშნა სხვა სასჯელმოხდილ პირებთან ერთად და დალია ალკოჰოლური სასმელი. მეორე დღეს აგარაკის გასაღების ასაღებად სურდა სახლში მისვლა, დაურეკა დედას და მან უთხრა, რომ აღარ იმყოფებოდა ძველ მისამართზე და არ სურდა მასთან შეხვედრა, ბოლოს მისამართი გაიხსენა და ტაქსით მივიდა, ხოლო სართული და სადარბაზო მეზობელს ჰკითხა. კარზე დააკაკუნა, თუმცა არავინ გაუღო, დედის ხმა გაიგონა, რომ წასულიყო და ისევ იქ დაელია სადაც იყო, ეჩხუბებოდა ნასვამი რატომ მივიდა. მან უთხრა, რომ ნუ გაუღებდა კარს და სოფელ კ--–----ის სახლის გასაღები ჩაეგდო ეზოში. ამ მომენტში ურდულის ხმა გაიგო, იფიქრა, რომ დედა კარს უღებდა, თუმცა კარი ჯაჭვით იყო შეღებული და არ ჩანდა ვინ იდგა მის უკან. მალევე მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და უთხრეს, რომ განყოფილებაში უნდა გაყოლოდა, მიზეზი არავის აუხსნია, ასევე ჩხრეკის შედეგად ნივთები არ დაუბრუნეს, განყოფილებაში დასცინოდნენ, ნაბახუსევი იყო და ერთი ჭიქა არაყი მათ დაალევინეს, მის შემდეგ შეამოწმეს ალკოტესტზე. დედისთვის არ დაურტყამს, და არც კარზე აბრახუნებდა. რამდენიმე წელია ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ამისთვის მისი ოჯახის წევრები მასთან ურთიერთობას ერიდებიან, დედამ უკვე მესამედ უჩივლა ამის გამო, რეალურად კი მკურნალობას და თანადგომას საჭიროებს. მოცემულ საქმეზე ასევე მიიჩნევს, რომ მისი დაკავება წინასწარ ჰქონდა დედას შეთანხმებული პოლიციის თანამშრომლებთან.
დაზარალებულმა მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი შვილი გ-----------------ე ალკოჰოლზე დამოკიდებულია, სასმელის საყიდლად ფულს მას სთხოვს, უარის გამო კი ძალიან ავიწროვებს. წლებია ასე გრძელდება, შიშის ქვეშ ცხოვრობს, არ აძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, მაღაზიაში აკითხავდა ხოლმე და შეურაცხყოფას აყენებდა. არ სურს მასთან ცხოვრება და ეშინია, რომ რამეს დაუშავებს. მასზე ძალადობისთვის იგი სასჯელს იხდიდა, დაწესებულებიდან წერილებს წერდა, ერთხელ დაემუქრა, რომ არ აპატიებდა ციხეში ჩასმას, ასევე დაჰპირდა, რომ სასმელს აღარ დალევდა. როდესაც გათავისუფლდა სახლში ელოდებოდნენ, თუმცა გ-------- დაურეკა და რადგან ისევ ნასვამი იყო, გაუბრაზდა, რომ ერთი დღე ვერ მოითმინა და მაინც დალია. მისი მისამართი გ-------- მაღაზიიდან გაიგო, გამყიდველმა დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ნასვამი იყო, სახლში მისვლისთანავე კარზე ძლიერად აბრახუნებდა, მას შეეშინდა და პოლიციას შეატყობინა, მანამდე შვილიშვილი მაღაზიაში იყო ჩასული და თავდაპირველად ეგონა, რომ ის დაბრუნდა, თუმცა როდესაც კარი გააღო გ------ი შერჩა და მისი ხელი მოხვდა, ისეთი განერვიულებული იყო, რომ არც იცის ეტკინა თუ არა, სახლში მისი შვილი და შვილიშვილები იყვნენ, ბავშვებსაც ეშინოდათ. დარტმის შემდეგ კიბეზე ჩავიდა და არ იცის შემდეგ რა მოხდა.
დაზარალებულს სსკ-ს 243-ე მუხლის საფუძველზე, ბრალდების მხარემ დამატებით დაუსვა კითხვა და იგი დაეთანხმა, რომ სახეში დარტყმის შედეგად მას ეტკინა, თუმცა აღელვების ფონზე ასევე განმარტა, რომ ჩვენების მიცემის დროსაც რომ დაარტყან, ვერაფერს იგრძნობს.
მოწმე ბ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ----------------ე შეამოწმა პირადად, მას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო სრულ დათვალიერებაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა. იგი უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა მიდამოში. დარტყმის კვალი რა სახით შეიძლება, რომ ადამიანს დაეტყოს არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. შემოწმების დროს სახის არეში მ----------------ეს აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო რადგან სიწითლე სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანებას, ასეთი აღნიშვნა დასკვნაში არ კეთდება.
დაზარალებულის ჩვენებასთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-----------------ის ქმედებით მ----------------ე ასევე აშკარაა განიცდის ტანჯვას, მისი დაკითხვა გაგრძელდა სტანდარტულზე მეტ ხანს და მთელი ამ ხნის მანძილზე ცრემლიანი ყვებოდა როგორ განიცდის შვილის საქციელს, მისი მითითება, რომ ნერვიულობის გამო არ ახსოვს ეტკინა თუ არა, სასამართლოს შეფასებით გამოწვეულია იმ მძიმე რეალობით, რომელიც დედა-შვილს შორის არსებული ურთიერთობის შედეგია, მისთვის უფრო მტკივნეულია შვილის დამოკიდებულება მის მიმართ, ვიდრე სახეში ხელის დარტყმა, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, როგორც ექსპერტმა განმარტა, მ----------------ეს აღენიშნებოდა სიწითლე, რაც მხოლოდ იმ მიზეზით არ იქნა ასახული დასკვნაში, რომ არ წარმოადგენს დაზიანების ხარისხს, სხდომაზე დაზარალებულის ჩვენების მიხედვით დადგინდა, რომ გ-----------------ემ, მას დაარტყა კარზე ბრახუნის დროს, მაშინ როდესაც გააღო იგი. ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ კარს უკან დედა იდგა, რომელიც მას, მისავე განმარტებით ეჩხუბებოდა და არ აძლევდა სახლის გასაღებს, ბრალდებულმა ასევე გაიგო კარის გაღების ხმა, რა დროსაც ხელი სახეში დაარტყა დაზარალებულს, რომელიც არ უარყოფს, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დაზარალებულის ჩვენების გარდა, გ-----------------ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი საქმეზე ასევე დასტურდება სხდომაზე დაკითხული შემდეგ მოწმეთა ჩვენებებით:
არასრულწლოვანმა მოწმე ა--------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს დასთან და ბებიასთან ერთად, დედა საზღვარგარეთ მუშაობს და პერიოდულად ჩამოდის მათთან. შემთხვევის დღეს მაღაზიაში იყო ჩასული, სახლში ამოვიდა და მალევე კარზე ბრახუნის ხმა გაისმა, ბებოს ეგონა, რომ ის დაბრუნდა მაღაზიიდან და კარი გააღო, კარზე გიგა აბრახუნებდა და ხელი ბებოს სახეში მოხვდა. მათ შეეშინდათ და ბებომ პოლიციაში დარეკა. გიგა ფეხებს ურტყამდა კარს და ბებოს აგინებდა, ეს სიტუაცია დახლოებით ნახევარ საათამდე გაგრძელდა. გიგა მაღაზიაში აკითხავდა ხოლმე ბებოს და ფულს სთხოვდა, რომ არ აძლევდა აგინებდა და ემუქრებოდა ხოლმე.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ--------------–---–მა, მან განმარტა, რომ როდესაც ბრახუნის და ყვირილის ხმაზე ოთახიდან გამოვიდა და ბინის სადარბაზოში იდგა, მაშინ დაინახა, რომ გ-------- დაარტყა ხელი ბებიას. ბრალდებული მათთან დაახლოებით 11 საათისთვის მივიდა, იგინებოდა და ბებიას კარის გაღებას სთხოვდა.
სსკ-ს 243-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა გამოკვლეული მოწმე ნ---------------ის გამოკითხვის ოქმი. ჩვენებაში ნ---------------ე განმარტავს, რომ ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში და პერიოდულად ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ბრალდებული გ-----------------ე მისი ძმაა. 2017 წლის 27 ნოემბერს 20 დღით ჩამოვიდა საქართველოში, ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა დედასთან და მის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქ.რუსთავში, მე-12 მ/რ 1/128-ში. მისი ძმა გ-----------------ე ცხოვრობს მის დაჩაზე დაბა კ--–----ში. ერთი წლის წინ მისი ძმა დაკავებული იყო დედამისის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, იცოდა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო დილით, ის, დედა და მისი შვილები ელოდებოდნენ. დილის 10:30 საათისთვის კარზე ატყდა ბრახუნი, როდესაც დედამისი გავიდა შემოსასვლელში კარის გასაღებად, დაიძახა „ვაიმე გ------ი მოვიდაო“, აღნიშნულზე ის და მისი შვილები გამოვიდნენ, სადაც დედამისი იყო და მაშინ გაიგეს როგორ აგინებდა გ------ი დედას, სთხოვდა მიეცა დაჩის გასაღები, გინებაზე ის და მისი შვილებიც ძალიან შეშინდნენ, დედამ დაიწყო ტირილი და ძალიან განერვიულდა, თავიდან არ აპირებდა კარის გაღებას, მაგრამ რადგან გ------ი არ დამშვიდდა, დედამისს შერცხვა მეზობლების და კარი გაუღო, ამ დროს იგი ზუსტად დედის გვერდით იდგა კართან. როდესაც გ-------- დაინახა დედამისი, ისე რომ არავის მისალმებია იგი, დედას შეაგინა და მუშტი გაარტყა სახეში, ეტყობოდა რომ იყო ნასვამი, როდესაც დააპირა კიდევ ხელის მოქნევა, დედამ მას ხელი უბიძგა, რომ სახლში არ შემოსულიყო და ერთად ორივემ მიკეტეს კარი და ჩაკეტეს, რადგან ძალიან შეეშინდათ. გ------ი რომ სახლში შემოსულიყო, დედამისს კვლავ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდგომ, გ------ი რამდენიმე წუთით კიდევ იდგა სახლის კართან და აგინებდა დედას, შემდეგ კი წავიდა. იმ დროს როდესაც გ-------- დედას სახეში მუშტი გაარტყა, ის და მისი შვილიც იქ იყვნენ და დაინახეს. მას და მის შვილებისთვის გ------ის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც დედისგან და შვილებისგან იცის, რადგან ერთი წლის წინანდელი ფაქტის დროს იგი არ იყო საქართველოში, გ------ი დედას ძალიან ანერვიულებდა და ტანჯავდა, მიდიოდა ნასვამი ამასთან სამსახურში და სხვების დასანახად ლანძღავდა, რის გამოც დედამისი ძალიან დამცირებული იყო, რაც ასევე მასთან საუბრის დროს უთქვია და უტირია, ასევე მისი შვილებიც ძალიან ნერვიულობენ.
2017 წლის 28 ნოემბრის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში, გამომძიებელ ა----------–--ემ შეადგინა აღნიშნული ოქმი, პატრულ-ინსპექტორ ლ-–----------–---–ის მონაწილეობით და ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებული იქნა გ-----------------ე, რა დროსაც ალკოტესტმა დააფიქსირა 2,398 პროცენტით თრობის ფაქტი. მოწმე ლ-–----------–---–ის განმარტებით, გ-----------------ე შემოწმებისას იქცეოდა არაადეკვატურად, ხმაურობდა, იგინებოდა. 2,398 პროცენტი სიმთვრალე ნორმაზე ათჯერ მეტია.
მოწმე ა----------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მისი განმარტებით, დაზარალებულის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, შეტყობინების თანახმად, დაზარალებული უთითებდა, რომ მისი შვილი რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე, კარზე აბრახუნებდა, ყვიროდა და სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნასვამი. ამ შეტყობინებიდან რამოდენიმე წუთში თავად მივიდა მ----------------ე განყოფილებაში, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა იმ პერიოდში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ თავად ბრალდებულიც მოვიდა პოლიციის შენობაში და ნასვამ მდგომარეობაში იყო.
2.2. ქმედების ჩადენა ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
არასრულწლოვანმა მოწმეებმა ა--------- ზ--------–---–მა და ნ---- ზ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ და დაინახეს გ-------- ბებოს ხელი როგორ დაარტყა, მოწმე ნ---------------ე გამოკითხვის ოქმში ასევე ადასტურებს ამ ფაქტს. რაც შეეხება დაზარალებულის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ვერ დააკონკრეტა შეესწრნენ თუ არა არასრულწლოვანი ბავშვები ძალადობას, ვინაიდან დარტყმის შემდეგ ის სახლში არ შესულა და წავიდა პოლიციის განყოფილებაში.
ამდენად, სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----------------ემ ქმედება ჩაიდინა არასრულწლოვნების თანდასწრებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 01 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით გ-----------------ე ნასამართლევია ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა შეფასდეს, როგორც არაერთგზის ჩადენილი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს. განზრახვა ხასიათდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფორმით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ-----------------ემ არასრულწლოვანი შვილიშვილების ა--------- და ნ-------------–---–ების თანდასწრებით, ერთხელ გაარტყა ხელი სახეში დედას მ----------------ეს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ----------------ის მიმართ ძალადობა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს შეფასებით ჩადენილია არაპირდაპირი განზრახვით. საქმის მასალების მიხედვით, სახლში მისულმა გ-----------------ემ დაიწყო გინება, აბრახუნებდა კარებზე და გაცნობიერებული ჰქონდა რა რომ კარს უკან მ----------------ე იდგა - კარის გაღებისთანავე ხელი დაარტყა მას სახეში.
რაც შეეხება წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პროცესში მათი უტყუარობის ხარისხს, დაცვის მხარის არგუმენტების საპასუხოდ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ-----------------ეს, რომელიც სახლში არ შეუშვეს და დაუკეტეს კარი, შეუძლებელია სცოდნოდა, რომ კარს მიღმა ბავშვები იდგნენ, ასევე ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა განიცადა თუ არა დაზარალებულმა მ----------------ემ ტკივილი, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საქმეზე მოწმედ დაიკითხა დაზარალებული - ბრალდებულის დედა, რომელმაც არ ისარგებლა უფლებით ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე და მისცა სასამართლოს ჩვენება. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ გ-----------------ემ კარზე ბრახუნისას ხელი მასაც მოარტყა და არ უარყვია, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი. როგორც დაზარალებული, ისე მოწმეები უთითებენ, რომ შემთხვევის დღეს გ-----------------ე სახლში აგრესიული მივიდა, ბრალდებული თავადაც აღნიშნავს და დაზარალებულმაც განმარტა, რომ იგი ალკოჰოლზე დამოკიდებულია და ასეთ დროს აგრესიული ხდება. მისვლისთანავე დედას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაზარალებულს არ სურდა მასთან შეხვედრა, არ უღებდა კარს, მისი ყვირილისაგან შეშინებულმა დარეკა პოლიციაში და როდესაც ბრალდებულმა ხელი დაარტყა, კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით, სახლიდან ფაქტობრივად გაიქცა, კარის გაღების შემდეგ ამჯობინა, რომ თავდაცვის მიზნით სახლიდან წასულიყო. უსაფუძვლოა ბრალდებულის განმარტება, რომ მას მხოლოდ სახლის გასაღები სურდა და მისი მოთხოვნის დროს დედას არ უყვიროდა, ვინაიდან შემთხვევის თვითმხილველმა არასრულწოვანმა მოწმეებმა განმარტეს, რომ იგი ყვიროდა და ბებიას აგინებდა. ბრალდებულის აგრესიულ მოქმედებას და დაზარალებულის წინააღმდეგობის გაწევას შედეგად მოყვა, რომ მან დაარტყა ხელი სახეში მ----------------ეს, ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეულ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლოს არ აქვს დაზარალებულისა და დაკითხული მოწმეების ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად აღწერენ მომხდარი ინცინდენტის დროს განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და „ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გ-----------------ეს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
გ-----------------ე წარსულში ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-----------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, სადაც სასჯელი სწორედ დედის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის მოიხადა. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და „ე“ ქ/პ-ით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ-----------------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ-----------------ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
3. გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე