განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/78-2017
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---- გ------ის ძე ი---–---–ი. დაბადებული 1981 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე. პ/ნ 43001007245, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქარელის რაიონის დაბა აგარა, რუსთაველის ქ.#115-ში.
ადვოკატი - ია მეარაყიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
გ---- ი---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. კერძოდ, 2017 წლის 16-19 ივნისს, ქარელის რაიონის დაბა აგარაში, რუსთაველის ქ.N 115-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში გ---- ი---–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა მისი მეუღლის თამარ ბასილაძის მიმართ. აღნიშნულ დღეებში გ---- ი---–---–მა არაერთჯერ დაარტყა გაშლილი ხელი თამარ ბასილაძეს თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი გ---- ი---–---–ს ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდება გ---- ი---–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ ეყრდნობა დაზარალებულ თამარ ბასილაძის ჩვენებას, მოწმეების: ნათელა ი---–---–ის, ნინო მახარაშვილის, ანტონ გელაშვილის, გია გულიაშვილის, მიხეილ მულაძის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მერაბ ჭინჭარაულის ჩვენებას . ყველა აღნიშნული მტკიცებულება, საქმის სხვა ერთობლივ მასალებთან ერთად გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს გ---- ი---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რადგან აღნიშნული ბრალდების სამტკიცებლად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. კერძოდ,საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ---- ი---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
დაზარალებულმა თამარ ბასილაძემ და ბრალდებულის დედამ ნათელა ი---–---–მა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის ( მეუღლის, შვილის) საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ნინო მახარაშვილმა (ბრალდებულის ძმის მეუღლე) რომელიც კონფლიქტის დროს ცხოვრობდა გ---- ი---–---–ის სახლში, სასამართლოს მისცა არადამაჯერებელი ჩვენება, ბრალდებულ გ---- ი---–---–ის მიერ დაზარალებულ თამარ ბასილაძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მათ შორის პირადი მოტივით ნამდვილად არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია ხანგრძლივი დროის მანძილზე, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს. შემთხვევის დღეს თამარ ბასილაძისაგან შეიტყო რომ ბრალდებულმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამიტომ შეატყობინა ოჯახური ძალადობის შესახებ პოლიციას. ერთჯერ შეესწრო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც. პროკურორის კითხვაზე, დაზარალებულის მიერ პოლიციისათვის შეტყობინების წინ თუ ჰქონდა ადგილი მის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტს,-მოწმემ თავშეკავებულად უპასუხა: „ მთლად ეგრეც არ დამინახავს, არ მახსოვს“. საბოლოოდ, აღნიშნული კითხვის არაერთჯერ დასმის შემდეგ დაადასტურა ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა ვერ გაიხსენა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დრო. არც ის, თუ სხეულის რა ადგილზე დაარტყა ბრალდებულმა დაზარალებულს და არც ის, გაშლილი ხელი დაარტყა თუ მუშტი.
სასამართლო აანალიზებს რა მოწმე ნინო მახარაშვილის ჩვენებას უტყუარობის თვალსაზრისით, ვერ მიიჩნევს მას ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გ---- ი---–---–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. რამეთუ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება მოცემულ დანაშაულში გ---- ი---–---–ის სამხილებლად, საქმეში არ მოიპოვება.
მოწმეების, შს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლების: მიხეილ მულაძის და გია გულიაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც სახლიდან შემოესმათ ყვირილისა და გინების ხმა. ეზოდან გაიგონეს რომ გ---- ი---–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს თამარ ბასილაძეს. სახლში შესვლისას ისინი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებიან. თუმცა ბრალდებული კვლავ განაგრძობდა მის ლანძღვა-გინებას. მათვე მიიღეს მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე ანტონ გელაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას მოცემულ საქმეზე, გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, რომლებსაც მიეცათ წინადადება თავისუფალი თხრობით მიეწოდებინათ გამოძიებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია. მათვე გაეცნოთ გამოკითხვის ოქმები, რომლებზეც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ოქმის შედგანასთან დაკავშირებით მონაწილე პირების მხრიდან რაიმე შენიშვნა ან/და განცხადება არ წარდგენილა. შესაბამისად მოწმემ დაადასტურა ყველა იმ საპროცესო დოკუმენტის სისწორე, რომელთა შედგენაშიც მიიღო მონაწილეობა. მანვე აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა სხვა თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც თამარ ბასილაძე ტიროდა და მათი თანდასწრებით განმარტა, რომ 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში მეუღლის გ---- ი---–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. ხელი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს ბრალდებულის დედამ ნათელა ი---–---–მა და მოწმე ნინო მახარაშვილმა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 21 ივნისის N 003505917 დასკვნით დადგენილია, რომ თამარ ბასილაძეს 2017 წლის 19 ივნისს თავზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა არასწორკიდეებიანი, კანის დონის მაღლა მდებარე მკრთალი მორუხო-მოწითალო ნაჭდევი ზომით 0,4 X 0,4 სმ, რომლის ფუფხები კიდეებში მოცილების სტადიაში იყო. თამარ ბასილაძის განმარტებით აღნიშნული დაზიანება მან მიიღო შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, შემთხვევით.
სასამართლო-სამედიცონო ექსპერტმა, მერაბ ჭინჭარაულმა დაადასტურა ზემოთაღნიშნული დასკვნის სისწორე და აჩვენა, რომ დაზარალებულმა თამარ ბასილაძემ მას უთხრა რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა თავის არეში. შემოწმების დროს ანუ 2017 წლის 19 ივნისს თამარ ბასილაძეს თავის არეში რაიმე ობიექტური დაზიანება არ აღენიშნებოდა. მანვე განმარტა, რომ გაშლილი ხელით თავის არეში დარტყმის შემთხვევაში დაზარალებულს შესაძლებელია მიდგომოდა რაიმე დაზიანება, შესაძლებელია- არა. ეს დამოკიდებულია დარტყმის სიძლიერეზე და სხვა გარემოებებზე.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, ასევე დანაშაულის ჩადენის გონივრულ ეჭვს მიღმა
დადგენისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ბრალდებული გ---- ი---–---–ი გამართლებულად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში აწესებს მოთხოვნებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N2542/09,12/07/2013).
საქმეში განთავსებული ირიბი მტკიცებულებები, მოწმეების: ანტონ გელაშვილის, გია გულიაშვილის, მიხეილ მულაძის, მერაბ ჭინჭარაულის ჩვენებები, მათი სიმრავლის მიუხედავად (პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე) ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით არასკონსტიტუციურად არის ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართბით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ გ---- ი---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი აღნიშნულ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ---- ი---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
2. განემარტოს გამართლებულ გ---- ი---–---–ს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. გაუქმდეს გ---- ი---–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N 7ა) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი