გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/89-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური
განმცხადებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
წარმომადგენელი - ს-----------–-------
დაინტერესებული პირი - გ---------------–---–--
წარმომადგენელი - რ----------–---–----
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
წარმომადგენელი -(არ გამოცხადდა)
მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა
1.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, ყაზბეგის რაიონი დაბა სტეფანწიმნდაში მდებარე მოქალაქე გუ-------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №74.01.15.0--- (ნაკვეთის წინა ნომერი 74.01.04.0--) საექსპროპრიაციო ფართობის 600.0----.მ-ზე.
დავის მოკლე შინაარსი; განმცხადებელი განმარტავს შემდეგს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტამობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის ზღვარი) საავტომობილო კმ132-კმ135 მონაკვეთის ალტერნატიული მიმართულების საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა (საქართველოს სამხედრო გზა) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ რეგიონის ყველა ქვეყნისათვის. სატრანსპორტო გზა გამოიყენება როგორც ტრანზიტული ტვირთების გადატანის, ასევე, მგზავრთა გადაყვანის და ტურისტული ნაკადების გატარებისათვის.
პროექტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადის კავკასიონის ქედზე და აკავშირებს დედაქალაქ თბილისს გუდაურის სათხილამურო კურორტთან, ყაზბეგის რაიონთან და რუსეთის ფედერაციასთან. საერთო საგზაო მოძრაობის გარდა, ამ მაგისტრალით სარგებლობენ თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ტრანზიტით მიმავალი სატვირთო მანქანები, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში. რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 3 კმ მანძილზე არის დევდორაკის მონაკვეთი, სადაც ბოლო წლებში გახშირდა ყინულის ჩამოზვავება დევდორაკის მყინვარიდან, ყაზბეგის ჩრდილოეთ ფერდობებზე.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 შორის მოქცეულ მონაკვეთზე ალტერნატიული გზის პროექტის განხორციელების თაობაზე. მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია საავტომობილო გვირაბის მოწყობა პორტალებთან მისასვლელი ახალი გზებით.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოქალაქე გუ-------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებულ ყაზბეგის რაიონის, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიან 60----.მ (ს/კ 74.01.15.003; ნაკვეთის წინა ნომერი 74.01.04.0--) მიწის ფართობის (შემდგომში - საექსპროპრიაციო ქონება) გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას.
მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთი ვერბალური მოლაპარაკების წარმოებისა, მოქალაქე გ---------------–---–---------------------) ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. შეთანხმება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.
აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მოქალაქეს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, განუმარტა განსახლების გეგმის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები. მიუხედავად აღნიშნულისა დეპარტამენტმა მოქალაქისაგან თანხმობა ვერ მიიღო.
ვინაიდანაც ნებაყოფლობით თანხმობის მისაღწევად ამოიწურა მედიაციის ყველა რესურსი, დეპარტამენტმა დაიწყო ზემოთხსენებული კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები.
საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპოპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 19 მარტის N------- ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპოპრიაციის გარდუვალობა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელის მიერ დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, გაზეთში ”საქართველოს რესპუბლიკა” გამოქვეყნდა განცხადება ექსპროპრიაციის შესახებ და ასევე მესაკუთრისთვის გაიგზავნა შესაბამისი ინფორმაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე– 2 პუნქტის და ამავე კანონის მე–5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი მხარე მოითხოვს: 1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება - ყაზბეგის რაიონი, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე მოქალაქე გუ-------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 74.01.15.0--- (ნაკვეთის წინა ნომერი 74.01.04.0--) საექსპროპრიაციო ფართობის 60----.მ-ზე. 2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (სპეციალური ნორმის - ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მე-4 პუნქტის შესაბამისად).
2.დაინტერესებული პირის პოზიცია:
2.1. დაინტერესებული პირი გ---------------–---–-- წარმომადგენელი არ ეთანხმება განცხადებას და განმარტა რომ ამ ეტაპზე არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე გ---------------–---–-- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის მინიჭება. (იხ. 2018 წლის 23 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. მესამე პირების პოზიცია.
3.1. მესამე პირი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრიოს წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2016 წლის 08 მაისის და 23 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები.
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს საავტ0მობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის ზღვარი) საავტომობილო კმ132-კმ135 მონაკვეთის ალტერნატიული მიმართულების საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. განცხადება.
4.1.2. დადგენილია, რომ გ---------------–---–-- გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების საკომპენსაციო თანხამ ჯამში შეადგინა -12 000 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ. მიწის ნაკვეთის დახასიათება.
4.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა გ---------------–---–-, რომლითაც ეცნობა, რომ მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთის ალტერნატიული მიმართულების მონაკვეთზე დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა გ---------------–---–-- საკუთრებაში არსებული 60----. მეტრი (ს/კ 74.01.15.003) მიწის ნაკვეთი.
საკომპენსაციო ღირებულების თანხა ჯამში შეადგენს: მიწის ღირებულება - 12 000 (თორმეტი ათას) ლარს. გ---------------–---–- ეთხოვა 5 დღის ვადაში წერილობით აცნობოს გზების დეპარტამენტს მისი პოზიცია შეთავაზებული თანხის მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან განემარტა, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დეპარტამენტი მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №2-12/11342 წერილი.
4.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს წერილობით მიმართა გუ-------------–---–-- და 2017 წლის 16 ოქტომბრის მიწერილობაზე განაცხადა, რომ გამართლებული იქნებოდა თუკი საკითხის გადაწყვეტისას მოხდებოდა ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 31 ოქტომბრის წერილი.
4.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბრის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა გ---------------–---–- და გაუგზავნა ამონარიდი (დასკვნა) განსახლების სამოქმედო გეგმიდან, სადაც გაანგარიშებულია სტეფანწმინდის რაიონის, სოფელ გველეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ავტომაგისტრალის მიმდებარედ განთავსებული მიწის ნაკვეთების 1 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N2-12/13149 წერილი.
4.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის პროექტის მენეჯერმა შო------–------ გ---------------–---–- აცნობა, რომ მისი მიწის ნაკვეთი ექცევა მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში. მასვე შეახსენა პროექტის მნიშვნელობა და მიწის ნაკვეთის ღირებულება, თუმცა გუ-------------–---–-- არ განაცხადა თანხმობა შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმოს ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.01.2018წ სატელეფონო საუბრის ოქმი.
4.1.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტის N------- ბრძანებით მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე ალტერნატიული მიმართულების საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპოპრიაციის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 19 მარტის N------- ბრძანება.
4.1.9. დადგენილია მიწის ნაკვეთი მდებარე ყაზბეგის რაიონი, დაბა სტეფანწმინდა, დაზუსტებული ფართობი 600,0----.მ (ს/კ 74.01.15.003; ნაკვეთის წინა ნომერი 74.01.04.0--) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გუ-------------–---–-------------------- სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი. საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’
7.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.
მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.
საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.
7.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.
ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
7.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.
ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
7.5. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
7.6. დადგენილია და უდავო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 შორის მოქცეულ მონაკვეთზე ალტერნატიული გზის პროექტის განხორციელების თაობაზე. მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია საავტომობილო გვირაბის მოწყობა პორტალებთან მისასვლელი ახალი გზებით.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული გ---------------–---–-- კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა გ---------------–---–----, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.
სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ მცხეთა- სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - გუ-------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №74.01.15.0--- პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 600.0----.მ-ზე.
7.7. სასამართლო განმარტავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლიм აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირები, ქონების მესაკუთრეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯებისაგან. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის `უ~ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, ყაზბეგის რაიონი დაბა სტეფანწიმნდაში მდებარე მოქალაქე გუ-------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №74.01.15.0--- (ნაკვეთის წინა ნომერი 74.01.04.0--) საექსპროპრიაციო ფართობის 600.0----.მ-ზე.
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე