გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002386699
საქმე № 3/72-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ნ---- ი-----ი
წარმომადგენლები: ნ--- ი-----ი და ზ---- მ-----–---–-
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: თ----- ა---–-------
მესამე პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: გ------- მ------–---–-
მესამე პირები: მ-----–- ლ------ე, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ები
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ების სახელზე № 6--5--1--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის № 882016062639-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საერთო სარგებლობის საუბნო გზისა და მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში.
სარჩელის თანახმად, ერთი მხრივ, მოსარჩელე ნ---- ი-----სა (პირ. № 5----------), და, მეორე მხრივ, მესამე პირებს - მ-----–- ლ------ეს (პირ. № 5----------), თ----- (პირ. № 5----------), ნ----- (პირ. № 5----------), ნ--- (პირ. № 5----------) ა------–---–ებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში, ერთმანეთის მეზობლად, საკუთრებაში გააჩნიათ სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები; მესამე პირებმა უძრავი ქონების საზღვრებისა და ფართის დაზუსტებისა და ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის მიზნით რეესტრის სამსახურში 2016 წელს წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით მესამე პირების საკუთრებაში მოექცა როგორც მიწის გარკვეული მონაკვეთი, რაც ოდითგან იყო საერთო სარგებლობის საუბნო გზა, ასევე მოსარჩელის კუთვნილი მიწის მცირე ფართიც. ა------–---–ებმა ადრე მოახდინეს საერთო სარგებლობის გზის ფაქტობრივი დაკავება, რის გამოც სოფლის მოსახლეობამ და თვით ნ---- ი-----მაც იძულებით დაიწყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ფართის გზად გამოყენება.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია
მოპასუხემ და მესამე პირებმა - მ-----–- ლ------ემ, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ საზღვრების დაზუსტება სრულად შეესაბამება ამ პირთა საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას; სადავო მონაკვეთის რეგისტრაციით მესამე პირების საკუთრებაში საერთო სარგებლობის გზა არ მოქცეულა, საუბნო გზა გადის ნ---- ი-----სა და მათ შორის ისე, რომ მესამე პირების რეგისტრაცია ვინმეს ხელს არ უშლის.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ ა------–---–ებმა რეგისტრაციის სადავო მონაკვეთში მართლაც მოახდენს საერთო სარგებლობის საუბნო გზის რეგისტრაცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გორის რაიონის სოფელ რ---ს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ--- ყ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხება შვილი - ნ-----–- ყ------–---–ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 40 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,12 ჰა მიწა; 1996-2004 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ--- ყ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: თ----- ბ--–--–---–ი და შვილები - ნ-----–- ყ------–---–ი და ნ---- ი-----ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 საცხოვრებელი სახლი; 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ--- ყ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შვილები - ნ-----–- ყ------–---–ი და ნ---- ი-----ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 საცხოვრებელი სახლი; სოფელ რ---ს 1992-1998 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში ნ--- ყ------–---–ს ერიცხება 0,12 ჰა მიწა.
მტკიცებულება: გორის არქივის 2017 წლის 29 დეკემბრის № AA2017043778-05 საარქივო ცნობა.
3.2.2. ნ---- ი-----ის კომლის წევრის - ნ-----–- ყ------–---–ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--2-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში (ნაკვეთი დ-----–--–--–-) მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2124 მ2 მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული ორთოფოტო (ყვითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა.
3.2.3. გორის რაიონის სოფელ რ---ს 1986-2003 წლების საკომლო წიგნში ჩანაწერი გ-- ა------–---–ის კომლის შესახებ არ აღმოჩნდა; გორის რაიონის სოფელ რ---ს 2004-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ-- ა------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ-----–- ლ------ე (მეუღლე) და შვილები - ნ---, ნ-----, თ----- ა------–---–ები; კომლის პირადი საკუთრების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა; სოფელ რ---ს 1992-1998 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში გ-- ა------–---–ს ერიცხება 0,50 ჰა მიწა.
მტკიცებულება: გორის არქივის 2016 წლის 26 იანვრის № AA2016003510-03 საარქივო ცნობა.
3.2.4. გ--, მ---, ნ----- და თ----- ა------–---–ების სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--2-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში (ნაკვეთი დ-----–--–--–-) მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5445 მ2 მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული ორთოფოტო (ყვითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.5. სისტემური რეგისტრაციების მიხედვით, ნ---- ი-----ისა და ა------–---–ების მიწის ნაკვეთებს შორის (ა------–---–ების მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით, ხოლო ნ---- ი-----ის მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით), ასევე ამ ნაკვეთების სამხრეთით გადის საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზები.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული ორთოფოტო (ყვითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები), მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები.
3.2.6. ა------–---–ების განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3228 მ2 მიწა № 6--5--1--2-- საკადასტრო კოდით 2016 წლის 11 თებერვალს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ----- და ნ--- ა------–---–ების სახელზე; ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა საკადასტრო კოდი № 6--1--1--2-- (მათზე სისტემური რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთი), რა დროსაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სისტემური რეგისტრაციისაგან განსხვავებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი - ნაკვეთის ფართობი შემცირებულია, სამხრეთით სცდება საკუთრების საზღვრებს.
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ამ ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა გ-- ა------–---–ის კომლის სახელზე სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის № 882016062639-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული ორთოფოტო (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები).
3.2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტოს მიხედვით, ა------–---–ის საკუთრების (წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები) რეგისტრაციისას მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციის მიხედვით (ყვითელი ფერის აღნიშვნები) კერძო საკუთრებაში არმყოფი, საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზის დიდი ნაწილი როგორც მათგან აღმოსავლეთით, ასევე სამხრეთით.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახსნა-განმარტება.
3.2.8. ნ---- ი-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციით (№ 6--1--1--2-- საკადასტრო კოდით) არსებული მონაცემების დაზუსტება და ელექტრონულ ფორმატში საკუთრების რეგიტრაცია; მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ორთოფოტოზე ლურჯი ფერის აღნიშვნა) არსებითად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, თუმცა სამხრეთით მცირედით სცდება მის ფარგლებს, რის გამოც ზედდება ხდება ა------–---–ების ამჟამად რეგისტრირებულ მონაცემებთან, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა;
იმ შემთხვევაში, თუკი ეს ნახაზი ზუსტად დაემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, მაშინ ა------–---–ების ამჟამად რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება არ მოხდება.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მარტის № 882018023128019 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო, მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ა------–---–ების სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციით კერძო საკუთრებაში არმყოფი, მათი და ნ---- ი-----ის სამხრეთით მდებარე საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის. №206 ბრძანებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ა------–---–ების სახელზე 2016 წლის 11 თებერვალს განხორციელებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა თუ არა საერთო სარგებლობის გზა, ასევე ეზღუდება თუ არა რაიმე ფორმით უფლებები ნ---- ი-----ს ამ რეგისტრაციით.
სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და მესამე პირებს ერთმანეთის მეზობლად საკუთრებაში გააჩნიათ სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები; მათ შორის და მათი ნაკვეთების სამხრეთით არსებობს საერთო სარგებლობის გზები, რომლითაც დღემდე სარგებლობენ. ა------–---–ებმა კი უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით კი მოსარჩელეს შეეზღუდა საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზის გამოყენების შესაძლებლობა.
ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.
მოპასუხისა და ა------–---–ების მითითებით, სისტემური რეგისტრაციები უზუსტოა და კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს აუცილებელ დაზუსტებას, რის გამოც ეს მონაცემები არ უნდა იქნეს გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელესა და მესამე პირებს ერთმანეთის მეზობლად მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური რეგისტრაციით საკუთრებაში გააჩნიათ სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები;
სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მხარეთა პოზიცია, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები არ წარმოადგენს გასაზიარებელ ჩანაწერებს, რადგან ამ რეგისტრაციით დგინდება, რომ მხარეებს საკუთრებაში გადაეცათ კონკრეტული ოდენობის, კონკრეტულ ადგილზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, შესაბამისი კონფიგურაციებითა და პარამეტრებით.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად, ამ ბრძანებულების 5-7 პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს და მიწის მფლობელთათვის ხორციელდებოდა უსასყიდლოდ; მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ზონის რეგისტრატორებს შეეძლოთ, ესარგებლათ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოეყენებინათ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებდა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელი იყო მისი შემსრულებელი, ხოლო მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;
ამგვარი ჩანაწერი (რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ) არც მოსარჩელის და არც მესამე პირების სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო ჩანაწერებს თან არ ახლავს, რაც მათში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე მიუთითებს.
იმავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
ამ პუნქტში მითითებული აუცილებელი დაზუსტება გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე მონაცემების დაზუსტების და არა მიწაზე საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის თვალსაზრისით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციებით დასტურდება, რომ რეგისტრატორის მიერ მოსარჩელისა და მესამე პირების სახელზე განხორციელდა ერთმანეთის მეზობლად მდებარე ნაკვეთების აღრიცხვა;
რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია; დაინტერესებული მხარე კი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისტემური რეგისტრაციების განხორციელებისას წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის საკუთრებების რეგისტრაციისათვის (იხ. სარჩელზე თანდართული სისტემური რეგისტრაციები).
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.).
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
მითითებული კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.
სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიწა შეიძლება, არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).
სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მხარეთა სახელზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. ხსენებული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა მხარეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში.
სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა (იხ. სუს იგივე განჩინება).
გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.
ნ---- ი-----ის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისათვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული საკუთრების ადგილმდებარეობა და საზღვრები ძირითად ნაწილში ემთხვევა სისტემური რეგისტრაციით მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბერს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტო).
მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი მხოლოდ ეს მტკიცებულება (სისტემური რეგისტრაციები).
დადგენილია, რომ მხარეები (ასევე სხვა პირები) ნ---- ი-----ის ტერიტორიის ნაწილს გამოიყნებდნენ საერთო სარგებლობის გზად, თუმცა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სადავოა თვით რეგისტრაციის კანონიერება და არა ფაქტობრივი მიჯნების შესაბამისობა რეგისტრირებულ მონაცემებთან, სადავოა იურიდიული თვალსაზრისით იქ საერთო სარგებლობის გზის არსებობა-არარსებობა.
სასამართლო ამ გარემოებებს ყურადღებას აქცევს იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს სწორედ მათ საკუთრებებთან არსებული საზღვრების რეგისტრაციის სიზუსტის კანონიერება.
დადგენილია და სადავო არაა, რომ საჯარო რეესტრში ა------–---–ების სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით, და მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას არ ეყრდნობოდა.
მართალია, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ამ ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა გ-- ა------–---–ის კომლის სახელზე სისტემური რეგისტრაციით № 6--1--1--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მაგრამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა------–---–ების მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება მათ სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემებისაგან - მათი ნაკვეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსვლეთ მხარეს შექმნილია ოთხკუთხედის ფორმის ტერიტორია, რაც არსებითად განსხვავდება სისტემურ რეგისტრაციის მონაცემებისგან და ა------–---–ების საკუთრებად აქცევს საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) განჩინება); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემებს და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია;
ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და უფრო ზუსტი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, სხვა პირების დაზუსტებული რეგისტრაცია მთლიანად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდნარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა------–---–ებისა და ნ---- ი-----ის ნაკვეთების უკიდურეს სამხრეთით არსებობდა საერთო სარგებლობის გზა, რომლის ნაწილიც დაზუსტებული რეგისტრაციით მოექცა ა------–---–ების პირად, კერძო საკუთრებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია და დაედგინა საქმის გარემოებები, თუნდაც სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან შედარების გზით, და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი (საერთო სარგებლობის გზის ნაწილში), რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ”საქართველოს კანონს სასამართლოს მიერ მითითებულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი ამ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი არა იმის გამო, რომ ეს მონაკვეთი ან მისი ნაწილი ნ---- ი-----ის საკუთრებაა, როგორც ეს წარდგენილი ჰქონდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით, არამედ იმის გამო, რომ წარმოადგენს საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული აქტის კანონიერება; შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობად უნდა განისაზღვროს 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილია 700 ლარი, რაც დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი სრულად მოპასუხისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ების სახელზე № 6--5--1--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის № 882016062639-03 გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში.
2. ნ--- ი-----ის მიერ 2018 წლის 21 მარტს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ნ---- ი-----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის - 700 ლარის ანგარიშში, სულ - 800 (რვაასი) ლარი.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი