განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002410652
საქმე N1-366/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.05.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ------------------ძე
ბრალდებული: კა-----------------ძე
მამის სახელი: ნო------
დაბადებული: 12.04.1--- წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ურ-----–-----------
ადვოკატი - ნო----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171160318004
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 16 მარტს, 09:00 საათიდან 09:15 საათამდე დროის შუალედში, ქ.ბათუმში, სუ-–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ასევე სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, კა-----------------ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი ლა-----------------ძის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს მარცხენა მხარის არეში ხელის დარტყმებით, თმების მოქაჩვითა და მანქანის კარის ჩარჩოზე თავის მირტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - ნა---------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა კა-----------------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 მარტს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ნა---------ეს.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------8, 23.03.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების /16.03.18წ, 13:43 სთ/ მიხედვით, ნა---------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში /ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში/, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობა ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ კა-----------------ძე და ნა---------ე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ნა---------ის, ლა-----------------ძის, სალომე ახალაიას, კა-----------------ძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დადგენილება - სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კა-----------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კა-----------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.6 ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, მაგრამ მიუთითებს დაზარალებულის მხრიდან მაპროვოცირებელ გარემოებაზე; გარკვეული უთანხმოების არსებობას ადასტურებს, განმარტავს, რომ მომავალში ასეთ ქმედებას მისი მხრიდან ადგილი აღარ ექნება; სასამართლო ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით თვლის, რომ ამ ეტაპზე მის მიმართ არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული იქნეს სასჯელის ისეთი სახე, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან; გასათვალისწინებელია, რომ მას ყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი და კერძო სახის საქმიანობით კმაყოფაზე ყავს ოჯახის წევრები; თუმცა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ყოფა ქცევის კონტროლი დაწესდეს, რათა ის გახდეს ბარლდებულისთვის პრევენვციული დანიშნულების, რომ მომავალში არ განმეორდეს მისი მხრიდან განზრახი ძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა;
5.7. ამდენად, კა-----------------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ კა-----------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და კა-----------------ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული კა-----------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ კა-----------------ძის მიმართ 2018 წლის 25 მარტის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - და-–------------ძეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N12/33727, დასტურის №ა-------).
მსჯავრდებულ კა-----------------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრდებულ კა-----------------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, კა-----------------ძეს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე