გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1058-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ნინო ონიანი
სხდომის მდივანი: გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე- მა-----------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი- გი-----------------–-–---–ი
მოპასუხე- მა--------------–ი
მოპასუხის წარმომადგენელი - ეკ------------–---–--ე, გი---------------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე მა--------------–ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა შვილებზე: 20----–-–----------ს დაბადებულ ზუ------------–-ს და 20---–-–---------------ს დაბადებული ან-----------------–-ს მიმართ თითოეულზე 300-300 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ მა-----------–---–ი (პ/ნ 3----------) და მა--------------–ი (პ/ნ 3----------) განქორწინებულები არიან, 2018 წლის 2------------ნ. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ზუ------------–- - დაბადებული 20----–-–----------ს და ან-----------------–-, დაბადებული 20----–-–---------------ს. იმის გამო, რომ მოპასუხე არ ზრუნავს თავის არასრულწლოვან შვილებზე არც მატერიალურად და არც სხვა სახით, მოსარჩელემ გადაწყვიტა მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს, იგი დასაქმებულია ტურისტების გადაყვანა-მომსახურებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მისი შემოსავალი ყოველდღიურად შეადგენს 150 ლარს. შესაბამისად, მას აქვს შესაძლებლობა იზრუნოს შვილებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა--------------–მა და მისმა წარმომადგენლებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოპასუხე განქორწინების შემდგომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება მიექცია შვილებისთვის და ეზრუნა მათზე. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მა--------------–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას და ის ფაქტი, რომ იგი დასაქმებულია და აქვს ყოველდღიური შემოსავალი 150 ლარის ოდენობით, არ შეესაბამება სიმართლეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები 2018 წლის 2------------ნ არიან განქორწინებულები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განქორწინების მოწმობა
3.1.2 ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ზუ------------–- - დაბადებული 20----–-–----------ს და ან-----------------–-, დაბადებული 20----–-–---------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ზუ------------–-ს დაბადების მოწმობა;
-ან------------------–-ს დაბადების მოწმობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულის მიმართ 150-150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. ბავშვის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.
ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან. სასამართლოს აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალიწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.
მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა როგორიცაა ჰონორარი, წილი სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტში და ა.შ. ასევე მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. (ამონარიდი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებიდან №2ბ/6235-14).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი ორივე ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 300-300 ლარის ოდენობით, არის ძალიან მაღალი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოპოვება არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 150-150 ლარის თითოეული არასრულწლოვნისთვის, არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150-150 ლარის გადახდა მათი არასრულწლოვანი შვილების - 20---–-–----------ს დაბადებული ზუ------------–-ს და 20----–-–---------------ს დაბადებული ან-----------------–-ს (პ/ნ 0----------) მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018წლის 04 აპრილიდან მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 108 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-----------–---–ის სარჩელი მოპასუხე მა--------------–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე მა--------------–ს (პ/ნ 3----------) თავისი არასრულწლოვანი შვილის- ზუ-------------–-ს (დაბადებული - 1---ნ--.ბ----წელს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში - 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 04.04.2018 წლიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე მა--------------–ს (პ/ნ 3----------) თავისი არასრულწლოვანი შვილის- ან-----------------–-ს (დაბადებული - 2--.1---2----–--–-- პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 04.04.2018 წლიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე მა--------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 108 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ონიანი