გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210118002254285
N2/24-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,N2-----------------–------–----------------–ო“
წარმომადგენლები: სა-–-------–-–---–ი, ლე---------–-–---–ი (არ გამოცხადნენ)
მოპასუხე - შპს ,,ტ.---“
წარმომადგენელი - თე-----–-----ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ტ.--“-თვის, მოსარჩელე შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრება 56 379 ლარის ოდენობით (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 26 ივნისს, ქ. დმ-----ს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა მოპასუხე შპს ,,ტ.--“-მ. მოპასუხეს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით დაევალა 3 224 554 ლარის ღირებულების სამუშაოების, კერძოდ, დმ------სა------–--ს საავტომობილო გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების შესრულება. შპს ,,ტ.--“-მ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მას სრულად აუნაზღაურდა სამუშაოს ღირებულება. ტენდერის ფარგლებში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხორციელდებოდა თანამშრომლობა. კერძოდ, 2012-2013-2014 წლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ზეპირი, თუ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, გზის მოასფალტების სამუშაოებსა და სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკით მომსახურებას. 2014 წლის აგვისტოს თვეში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სექტემბრის თვეში მოსარჩელე მოპასუხეს გაუწევდა საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოებს; აღნიშნული მომსახურება დასრულდა იმავე წლის სექტემბრის თვეში. მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამუშაოების დასრულებისთანავე. გაწეული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 56 379 ლარი. მოპასუხეს აღნიშნული დავალიანება არ გადაუხდია მოსარჩელისათვის (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეავსო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოსა“ და შპს ,,ტ.---“-ს შორის საქმიანი ურთიერთობები დაიწყო გაცილებით ადრე, 2012 წელს. მხარეთა შორის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შპს ,,ტ.---“-სთვის სამუშაოების შესრულების შესახებ. კერძოდ, ამ გარიგების თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაეგო ასფალტი დმ------სა------–--ს გზის მონაკვეთზე, 1მ2 2-ლარად. წინასწარ სამუშაოს მოცულობა განსაზღვრული არ ყოფილა. სამუშაოების შესრულების შემდეგ, ხდებოდა მათ მიერ მოასფალტებული გზის გაზომვა და ანაზღაურებაც ხდებოდა წლის ბოლოს, შედარების აქტის საფუძველზე. 2014 წლის ივლისამდე შესრულებული სამუშაოები მოპასუხის მიერ ანაზღაურდა. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, 2014 წლის აგვისტოდან - 2014 წლის სექტემბრამდე პერიოდში შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ მიერ მოასფალტებული იქნა 28189,5 მ2 გზის საფარი, რომლის ღირებულებაც მოპასუხეს არ გადაუხდია. ამის გამო, მოსარჩელემ შეწყვიტა სამუშაოების შესრულება 2014 წლის სექტემბერში და ობიექტის ჩაბარება მის მიერ არ მომხდარა; მასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, შპს ,,ტ.---“-მ იგივე სამუშაოების შესრულება სხვა პირს დაუკვეთა და ტენდერით გათვალისწინებული პირობები შეასრულა (იხ. 19.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:25:04-14:30:45).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის, ტენდერის ფარგლებში არაერთგზის განხორციელდა თანამშრომლობა კონკრეტული ხელშეკრულებების საფუძველზე, მაგრამ თანამშრომლობა არასოდეს განხორციელებულა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. 2014 წლის ივლისში მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოების გამო შეწყდა თანამშრომლობა და მას შემდეგ არანაირ შეთანხმებასა, თუ სამუშაოს შესრულებას ადგილი არ ჰქონია. სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაუდასტურებელია, მას არანაირი კანონიერი ძალა არ გააჩნია და მსგავსი მტკიცებულებით ვერ იქნება დადასტურებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და მისგან გამომდინარე ვალდებულების/სამუშაოს შესრულება. მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის არ ყოფილა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არ არსებობს არც შესრულება და არც შესრულების ანაზღაურების ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. როგორც მოსარჩელე მხარე უთითებს, სამუშაოების შესრულება დასრულდა 2014 წლის სექტემბერში, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 11 იანვარს, შესაბამისად, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 67-76).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,N2-----------------–------–----------------–ო“, შპს ,,,ტ.---“-ს 2012 წლიდან 2014 წლის ივლისამდე უწევდა მომსახურებას მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ შეასრულა დმ------სა------–--ს საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები; 2014 წლის აგვისტომდე შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოპასუხის მიერ ანაზღაურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 19.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:25:04)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, 19.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:31:04)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მხარე ითხოვს 2014 წლის აგვისტო - სექტემბერში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას 56379 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარე არ ადასტურებს შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ მიერ ამ პერიოდისათვის სამუშაოების შესრულების ფაქტს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის ივლისის თვეში და მას შემდეგ, არც ზეპირი და არც წერილობითი გარიგება სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ დადებულა.
სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2012 წლის 02 აგვისტოს, დმ-----ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ტ.--“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დმ-----ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა საგზაო-სარემონტო სამუშაოების შესრულება, მათ შორის დმ------სა------–--ს საავტომობილო გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების შესრულება, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 3 224 554 ლარს და ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად. შპს ,,ტ.--“-ს მიერ შესრულებული იქნა 2012 წლის 02 აგვისტოს N177 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მათ შორის თანამშრომლობა გრძელდებოდა წლების განმავლობაში. გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა, აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომელიც გაცემულია შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ მიერ, 2012 წლის 13 დეკემბრიდან - 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში და დადასტურებულია შპს ,,ტ.--“ მიერ. აღნიშნული ანგარიშფაქტურების თანახმად, მხარეები თანამშრომლობდნენ: ქ. დმ------სა------–--ს გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოებზე, დმ-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვა---თან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოებზე, საგზაო სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა ტექნიკის იჯარით გაცემაზე. მხარეები არ დავობენ, რომ მითითებული სამუშაოების ღირებულება სრულად იქნა გადახდილი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის. მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს 2016 წლის 02 მარტს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ფაქტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 56379 ლარს. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უარყოფილი იქნა მოპასუხე შპს ,,ტ.--“-ს მიერ. 2016 წლის 02 მარტს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ოპერაციის განხორციელების პერიოდია 2014 წლის 03 სექტემბერი, ხოლო მომსახურების დასახელებაა დმ------სა------–--ს საავტომობილო გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოების შესრულება. აღნიშნული სამუშაოების მოსარჩელის მიერ შესრულების ფაქტს უარყოფს მოპასუხე მხარე და უთითებს, რომ სადავო სამუშაოები შეასრულა შპს ,,ტ.--“-მ და მასში მონაწილეობა არ მიუღია შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“.
მტკიცების ტვირთის განაწილების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების თანახმად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა და მოპასუხეს უნდა შეესრულებინა სამუშაოები კონკრეტულ მონაკვეთზე მოპასუხის მითითების შესაბამისად. ანაზღაურება კი უნდა მომხდარიყო შესრულებული სამუშაოების მიხედვით ყოველი წლის ბოლოს შედგენილი შედარების აქტის საფუძველზე. გასათვალისწინებელია მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებითაც, რომ მას არ დაუსრულებია სამუშაოები და მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის სექტემბერში იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ არ აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა მხარეთა შორის წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარის ნების გამოვლენას საჭიროებდა, ახალი გარიგების დადების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. კერძოდ, გარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული იქნენ მოწმეები, რომელთაც განმარტეს, რომ მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტს არ ესწრებოდნენ და მხარეთა შეთანხმება მათთვის ცნობილი არ ყოფილა. მათი ჩვენებებით ასევე შეუძლებელია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდში შესრულებული სამუშაოების მოცულობა შეადგენდა 28189,5 მ2-ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა მოსარჩელე ორგანიზაციაში დასაქმებული პირები, კერძოდ სამუშაოთა მწარმოებელი ია-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში, ასფალტის საფარი დააგეს დმ------სა------–--ს გზაზე, სამუშაოების შესრულებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. მოწმის განმარტებით, იგი სამუშაოებს ასრულებდა მისი უშუალო უფროსის ლე---------–-–---–ის დავალებით, თუმცა მისთვის ცნობილი არ არის მისი უფროსი ვისი დავალებით ასრულებდა ამ სამუშაოებს. 3 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ შპს ,,ტ.--“-სთან, შემდგომ შეწყვიტეს თანამშრომლობა, რადგან შპს ,,ტ.--“ თანხას აღარ უხდიდა. ყოველწლიურად აგებდნენ 5 კილომეტრს. 2014 წელს 5 კილომეტრი ბოლომდე არ დაუგიათ და დასაგები დარჩა დაახლოებით 1კმ და 200 მეტრი სიგრძის გზა.
მოწმის სახით დაკითხულმა ზა-----–-------–---–მა, რომელიც დასაქმებულია შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოში“ მექანიზატორად, განმარტა, რომ ნამდვილად განახორციელეს დმ------სა------–--ს გზის მოასფალტება, წელი და თვე არ ახსოვს როდის მუშაობდნენ. აღნიშნული გზა სრულად იქნა მათ მიერ დაგებული. მოწმის მითითებით, მას ევალებოდა საფუძვლის მომზადება და მოპირკეთება, დაახლოებით 1-2 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნა მათ მიერ დაგებული. ზა-----–-------–---–ის მითითებით, იგი სამუშაოებს ასრულებდა ლე---------–-–---–ის დავალებით. მოწმის მითითებით, იგი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რაიმე მოლაპარაკებას არ დასწრებია.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმად შპს ,,ტ.---“-ს მიერ შესრულებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, სასამართლო, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ეს სამუშაოები სწორედ მოსარჩელის მიერ იქნა შესრულებული ვერ გაიზიარებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს ,,ტ.---“-ს მიერ გზის საფარის სარემონტო სამუშაოების შეწყვეტის ფაქტს მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტი არ დასტურდება, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ აღნიშნული გარიგება მათ შორის დაიდო ზეპირი ფორმით, აღნიშნულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე მხარე, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ზემოხსენებული მოწმეები არ დასწრებიან შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოსა“ და შპს ,,ტ.--“-ს შორის არსებულ მოლაპარაკებას. ისინი ასევე ვერ ადასტურებენ შესრულებული სამუშაოების მოცულობას და პერიოდს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მის მიერ მითითებული გარემოებები, მოპასუხისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმე ია-------------–---–ის ჩვენება (იხ. 19.04. 2018 წლის სხდომის ოქმი 15:30:59-15:39:17);
- მოწმე ზა-----–-------–---–ის ჩვენება (იხ. 19.04. 2018 წლის სხდომის ოქმი 15:42:54-15:47:08);
- 02.08.2012 წლის N177 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 19-23);
- შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები და პირობები (ს.ფ. 24-28).
- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან (ს.ფ 80).
3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხოლო 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არ არსებობს არც შესრულება და არც შესრულების ანაზღაურების ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. როგორც მოსარჩელე უთითებს, მის მიერ სამუშაოები შესრულებული იქნა 2014 წლის სექტემბერში, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით მომართა 2017 წლის ოქტომბრის თვეში, შესაბამისად, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე და განმარტა, რომ მათ მიერ სადავო ანგარიშფაქტურა გამოწერილი იქნა 2016 წლის 02 მარტს, ანუ 3-წლიანი ვადის გასვლამდე კრედიტორმა მოთხოვნა წარადგინა და ამ პრეტენზიის წარდგენიდან კიდევ ერთხელ უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 30 ოქტომბერს, ანუ 3 წლისა და 1 თვის გასვლის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 50-ე, 629-ე, 630-ე, 128-130-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ დმ------სა------–--ს გზის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 2012 წლიდან - 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება თუ რა სამუშაოები შეასრულა მან 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში მოპასუხის დავალებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მხარე მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა 2014 წლის სექტემბერში, რომლის მომდევნო 3 წლის მანძილზე შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ უნდა აღეძრა სარჩელი გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნით.
როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს, მან 2014 წლის სექტემბრის თვეში შეწყვიტა შპს ,,ტ.---“-სთვის მომსახურების გაწევა, გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა განისაზღვროს 2014 წლის 30 სექტემბერი. დადგენილია, რომ შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 30 ოქტომბერს, ანუ 3 წლისა და 1 თვის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომსახურების გაწევის დადასტურების შემთხვევაშიც, მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,ტ.--”-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა საქართველოს ყველა ლიცენზირებულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების განკარგვა 56 379 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა; ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,N2-----------------–------–----------------–ოს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,ტ.--”-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა საქართველოს ყველა ლიცენზირებულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების განკარგვა 56 379 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე