გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-89-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - თ------------------ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი-ნ------------ა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელე თ------------------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 247 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნ------------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოსარჩელე თ------------------ე ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის გაუცემელ ხელფასს 2000 და 2003 წლებში.
შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნ------------ა მიიჩნევს, რომ დავალიანების არსებობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2000 წლიდან და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ხანდაზმულია.
3 სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1 1993 წლიდან მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2003 წლის ჩათვლით, რის სანაცვლოდაც იგი იღებდა ხელფასს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 29 მარტის M---------------- ცნობა.
3.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 247.00 ლარის ოდენობით და წარმოადგენს 2000-2003 წლებში მიუღებელი ხელფასის ჯამს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 29 მარტის M---------------- ცნობა.
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, პოლიციის პოლკოვნიკ - გ------------- მიერ თ------------------ის მიმართ 2018 წლის 29 მარტს გაცემულ იქნა ცნობა M----------------, რომლითაც აღიარებული იქნა ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დავალიანება თ------------------ის მიმართ შეადგენს 247.00 ლარს, თუმცა მისი გადახდა ვერ ხერხდება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისთვის საჭირო თანხები და განუმარტა, რომ შს სამინიტრომ ჯერჯერობით ვერ შეძლო დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა მათ სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 29 მარტს M---------------- ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, შესაბამისად, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით მოსარჩელე წარმოადგენს მოხელეს და მისი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონი.
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ხსენებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
6.2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
6.3. 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამის ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ზემოაღნიშნული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი განსხვავებული რედაქციით, კერძოდ, ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა ის, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა. ამდენად შსს მოსამსახურის კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურებაზე დანამატის საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება. კერძოდ, ვინაიდან ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისს განხორციელებულ ცვლილებამდე პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არ მარტო თანამდებობრივ სარგოს და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს არამედ ნამსახურების დანამატსა და სასურსათო ულუფის ღირებულებასაც, ამიტომ ამ პერიოდში წარმოშობილ კვების სასურსათო ულუფისა და ნამსახურების დანამატის დავალიანებაზე, როგორც ხელფასში შემავალ კომპონენტზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად ანუ აღნიშნული მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს 2005 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გასცეს კუთვნილი თანხა. 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებული ”საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით სახელმწიფომ აღიარა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფანანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენოს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად.
6.4. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება, ის რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება ეს საყოველთაოდ ცნობილი დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს, გარდა ამისა ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ქმედება, მოსარჩელის უფლების – მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება _ მიმართ ეწინააღმდეგება ასევე სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის თანხის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, მიიღოს კუთვნილი შრომის გასამრჯელო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ------------------ის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 2000 და 2003 წლების თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის, კვების კომპენსაციის გაცემის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ 2000 და2003 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის 247.00 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ------------------ის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს თ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2000-2003 წლების ხელფასის 247.00 (ორას ორმოცდაშვიდი ) ლარის ანაზღაურება.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ონიანი