გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2/453-18
160210118002425708
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ქა---------------–---ი
მოპასუხე - ვილ----------------ვი
თარჯიმანი - სუს------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ვილ----------------ვისთვის მოსარჩელე ქა---------------–---ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის გადახდის დაკისრება;
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 13:05 საათზე, მოსარჩელე ქა---------------–---ს, ქ.მარ-----––ი, დ.აღ--–-----–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ჰყავდა თავისი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით RA------L. აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი გზის სავალ ნაწილზე მოხვევას ახორციელებდა თეთრი ფერის ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით H------. მოხვევისას მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა იქვე გვერდულზე მდგომ ქა---------------–---ის კუთვნილ მერსედესის მარკის ავტომანქანას. შეჯახების შემდეგ ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომანქანის მძღოლი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. შეჯახების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანის უკანა ბუფერი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება გადაეცა საპატრულო პოლიციას. 2018 წლის 28 მარტს, საპატრულო პოლიციამ დაადგინა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი ვილ----------------ვი და მის მიმართ გამოწერილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა-------500 და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამო ვილ----------------ვი დაჯარიმდა 250 ლარით. დაზიანებული ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. 2018 წლის 12 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 2 000 ლარი. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვილ----------------ვა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა ექსპერტიზის დასკვნა და მიუთითა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილია საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი =ა-------500 საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 24 მარტს, ვილ----------------ვმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება. მოპასუხე ვილ----------------ვი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისათვის და შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი =ა-------500
- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 2018 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ვილ----------------ვმა დაადასტურა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვილ----------------ვის ახსნა-განმარტება;
3.2.3. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტებით ქა---------------–---მა ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისთანავე განაცხადა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაზიანდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქა---------------–---ის ახსნა-განმარტება;
3.2.4. 2018 წლის 12 აპრილს ქა---------------–---ის დაკვეთით დამოუკიდებელ ექსპერტ აუდიტორ და-------------ძის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის თანახმად მატერიალური ზიანის ოდენობად განისაზღვრა 2000 ლარი (ავტომანქანა - ,,MERCEDES BENZ ML 320”, სახელმწიფო ნომერი - RA------L).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა - 2000 ლარის ოდენობით არ არის მიყენებული ზიანის ტოლფასი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ კი საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად აუცილებელი ხარჯი შეადგენს 2000 ლარს. საქმის მასალებს ასევე ერთვის სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე კი მოპასუხე ვილ----------------ვმა დაადასტურა ის გარემოება, რომ 2018 წლის 28 მარტს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, მას კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს მის მიერ სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-409-ე, 992-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია ვილ----------------ვის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქა---------------–---ის სარჩელი, ვილ----------------ვისთვის ზიანის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქ/პუნქტის და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად ვილ----------------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ქა---------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ვილ----------------ვს მოსარჩელე ქა---------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს ვილ----------------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე ქა---------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 30 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია”, ბანკის კოდი: UGEBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300103150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 30 აპრილის №1 საგადახდო დავალება).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი