გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
140310118002391978
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002391978

საქმე № 3/75-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ტ------– ა--–------ი

წარმომადგენელი: ლ--–- ღ-------–---–-

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: უ-- მ-----------–-–---–-

 

მესამე პირი: ა-- გ------–-----ი

წარმომადგენელი: ლ---- ა--–------ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში მდებარე 2500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა-- გ------–-----ის საკუთრებაში № 6--1--4--7-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 3 იანვრის № 882017810761-41 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, № 6--1--4--7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში, თავის სახელზე უკანონოდ აქვს აღრიცხული ა-- გ------–-----ს (პირ. № 3----------), კერძოდ, აღნიშნული ქონების ნაწილი - 0,12 ჰა წარმოადგენს ტ------– ა--–------ის (პირ. № 1----------) კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რაც მას საკუთრებაში გადაეცა 1983 წელს სოფელ გ--------ში მოსახლეობის გადასახლება-დასახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; ამ ნაკვეთის საკუთრებაზე ა-- გ------–-----ის მამასთან - პ------ გ------–-----თან ადრეც ჰქონდა დავა; ამ უკანასკნელმა ძალით დაიკავა არამარტო მისი (ტ------– ა--–------ის), არამედ მის მომიჯნავედ მდებარე სხვა პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც. გ------–-----ებს სადავო ადგილზე არასოდეს გააჩნდათ საკუთრება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო მიწაზე ტ------– ა--–------ის საკუთრება არ დასტურდება; საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, იმ ადგილის მფლობელად იკვეთება ა-- გ------–-----ის მამა - პ------ გ------–-----ი;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 5 აგვისტოს № 645 დადგენილების საფუძველზე, კასპის რაიმიწათმომწყობი კომისიის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში მცხოვრებ ტ------– ვ-------ის ძე ა--–------ს გადაეცა და ჩაბარდა 0,12 ჰა საკარმიდამო მიწის № 105 ნაკვეთი; კასპის რაიმიწათმომწყობი კომისიის დასკვნის საფუძველზე, ა---–---–--ის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის 1983 წლის 5 მაისის ბრძანებით, ტ------– ა--–------ს დაუმტკიცდა ეს ნაკვეთი; ტ------– ვ-------ის ძე ა--–------ზე 1983 წლის 1 მარტს გაიცა გადასახლება-დასახლების ბილეთი მასზედ, რომ ის გარდაბანის რაიონიდან გადასახლებულია კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის კოლმეურნეობაში.

 

მტკიცებულება: კასპის რაიმიწათმომწყობი კომისიის 1983 წლის 5 მაისის აქტი, კასპის რაიმიწათმომწყობი კომისიის 1983 წლის 5 მაისის ბრძანება № 149, გადასახლება-დასახლების ბილეთი (ს. ფ. 88-91).

 

3.2.2. ა---–---–--ის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის (სოფელი გ--------) 1983 წლის მიწების ზონარგაყრილი წიგნი, კასპის რაიმიწათმომწყობი კომისიის დასკვნები, მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციები და საკადასტრო გეგმები კასპის არქივში არ ინახება;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2018 წლის 25 მაისის № 39/71052 მომართვა.

 

3.2.3. ტ------– ვ-------ის ძე ა--–------თან 1998 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი № 105, რომლითაც მას გადაეცა მიწის რეფორმამდე მის მფლობელობაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი: 1. სასახლკარე - 0,194 ჰა; 2. მიმდებარედ - 0,116 ჰა (სულ - 0,31 ჰა); მე-2 მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხევი, სამხრეთიდან - გზა, დასავლეთიდან - ბუჩქნარი, ხოლო აღმოსავლეთიდან - № 104 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე;

 

მტკიცებულება: მიწის ნაკვეთის 1998 წლის 18 აგვისტოს მიღება-ჩაბარების № 105 აქტი (ს. ფ. 93-94).

 

3.2.4. კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის თემის საკრებულოს სოფელ გ--------ს 1996-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ტ------– ვ-------ის ძე ა--–------ი; კომლს პირად საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ ერიცხება, ხოლო სოფელ გ--------ს 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით მას პირად საკუთრებაში ერიცხება სულ 0,31 ჰა მიწის ფართობი;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 8 აგვისტოს № 39/115745 მიმართვა (ს. ფ. 95).

 

3.2.5. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საკრებულოში (სოფელ გ--------ში) ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის № 231 დადგენილების საფუძველზე (ძალადაკარგულია 2016 წლის 31 ივლისიდან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის № 357 დადგენილებით) მ------ გ------–-----ზე (პირ. № 3----------) 2012 წლის 8 სექტემბერს № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა 2436 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 77).

 

3.2.6. საჯარო რეესტრის სამსახურს 2017 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა ტ------– ა--–------მა და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტით (ა---–---–--ის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის 1983 წლის 5 მაისის ბრძანებით) მისთვის გადაცემული 0,12 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მ------ გ------–-----ის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო (ასევე სხვა გარემოებების გამო);

 

მტკიცებულება: განცხადების მიღების ბარათი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის № 882017656608-03 გადაწყვეტილება (ს. ფ. 80, 86).

 

3.2.7. მ------ გ------–-----ის რეგისტრაცია 2017 წლის 20 სექტემბერს, მისივე განცხადების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი;

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის № 882017712685-11 გადაწყვეტილება, მ------ გ------–-----ის განცხადება (ს. ფ. 82, 85).

 

3.2.8. მითითებულ მიწის ნაკვეთზე 2018 წლის 3 იანვარს № 6--1--4--7-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ა-- გ------–-----ის საკუთრების უფლება სოფელ გ--------ში მიწის ნაკვეთების განაწილების სიის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ა---–---–--ის თემის საკრებულოს სოფელ გ--------ს 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ა-- პ------ს ასულ გ------–-----ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში ა-- გ------–-----ის კომლი და უძრავი ქონება არ ირიცხება;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 26 დეკემბრის № 39/206904 მიმართვა, მიწის ნაკვეთების განაწილების სია, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 3 იანვრის № 882017810761-41 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 97-100, 103).

 

3.2.9. ა--- პ------ს ასულ გ------–-----თან 1998 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი № 85, რომლითაც მას გადაეცა მიწის რეფორმამდე მის მფლობელობაში არსებული 1 მიწის ნაკვეთი: არსებული - 0,25 ჰა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება გზა, ხოლო აღმოსავლეთიდან - № 89 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე;

 

მტკიცებულება: მიწის ნაკვეთის 1998 წლის 18 აგვისტოს მიღება-ჩაბარების № 85 აქტი (ს. ფ. 93-94).

 

3.2.10. ტ------– ა--–------ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო სამსახურში კვლავ შეჩერდა წარმოება იმის გამო, რომ ზედდება ხდებოდა იმავე მიწის ნაკვეთზე, ამჯერად ა-- გ------–-----ის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებთან;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის № 892017103368-07 გადაწყვეტილება (ს. ფ. 38).

 

3.2.11. საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზში ასახულია გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული (ე. წ. ყვითელი ფენა) და დღეის მდგომარეობით ელექტრონულ ფორმატში რეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები (სიტუაციურ ნახაზზე აღნიშნულია წითელი ფერით).

 

საჯარო რეესტრში დაცული ყვითელი ფერით შესრულებული ნახაზების მიხედვით (KF), სადავო ადგილზე მიწის ნაკვეთის მფლობელად ფიქსირდება პ------ გ------–-----ი, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება ტ------– მ-------–--ი, ხოლო ამ უკანასკნელს აღმოსავლეთიდან - შ--–-- ა--–------ი; პ------ გ------–-----ის ყვითელი ფენით აღნუსხულ მიწის ნაკვეთზე 2018 წლის 3 იანვრის სადავო რეგისტრაციით დარეგისტრირდა ა-- გ------–-----ის საკუთრების უფლება.

 

მტკიცებულება: სიტუაციური ნახაზი (ორთოფოტო, ს. ფ. 166).

 

3.2.12. მხარეთა განმარტების მიხედვით, ტ------– მ-------–--ის ყვითელი ფენით აღნიშნული მიწის ნაკვეთი (0,18 ჰა) მიყიდულ იქნა მ------ ს---–-----–--ეზე (პირ. № 0----------), რომელზეც 1998 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი; ამ აქტის მიხედვით, მ------ ს---–-----–--ის მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ხევი, სამხრეთით - გზა, დასავლეთით - პ------ გ------–-----ი, ხოლო აღმოსავლეთით - შ--–-- ა--–------ი;

 

მტკიცებულება: სიტუაციური ნახაზი (ორთოფოტო), მიწის ნაკვეთის 1998 წლის 25 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი № 493, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის № 8820144096913-03 გადაწყვეტილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 166, 173-181).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც დადგენილია, რომ მოსარჩელე და მესამე პირი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე (მიწის ნაკვეთების განაწილების სია და მიღება-ჩაბარების აქტები) პრეტენზიას აცხადებენ ერთი და იგივე უძრავ ქონებაზე, მესამე პირზე კი ისე იქნა სადავო რეგისტრაცია განხორციელებული, რომ ზუსტად და ნათლად არ დადგენილა მისი ადგილმდებარეობა და საზღვრები, და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს უფლების დამდგენი დოკუმენტების - მიწის ნაკვეთების განაწილების სიისა და მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე;

 

მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შესაძლებელია, დადგინდეს ტ------– ა--–------ისა და ა-- გ------–-----ისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები.

 

სარჩელის მიხედვით, № 6--1--4--7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში, თავის სახელზე უკანონოდ აქვს აღრიცხული ა-- გ------–-----ს, კერძოდ, აღნიშნული ქონება წარმოადგენს ტ------– ა--–------ისათვის საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთს.

 

სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საჯარო რეესტრში დაცული ყვითელი ფერით შესრულებული ნახაზები (KF), რომლის მიხედვით, სადავო ადგილზე მიწის ნაკვეთის მფლობელად ფიქსირდება პ------ გ------–-----ი, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება ტ------– მ-------–--ი, ხოლო ამ უკანასკნელს აღმოსავლეთიდან - შ--–-- ა--–------ი;

 

როგორც აღინიშნა, პ------ გ------–-----ის ყვითელი ფენით აღნუსხულ მიწის ნაკვეთზე 2018 წლის 3 იანვრის სადავო რეგისტრაციით დარეგისტრირდა ა-- გ------–-----ის საკუთრების უფლება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ე. წ. ყვითელი ფენა) დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, და ისეთ ვითარებაში, თუ არ არსებობს სხვა უფრო ზუსტი და უტყუარი მონაცემები (მაგალითად, სისტემური რეგისტრაციები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები და ა. შ.), ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს ეს მონაცემები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ საჯარო რეესტრში დაცული გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით (ე. წ. ყვითელი ფენა) ვერ მოხდება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის მიმდინარეობისას საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა და მიწის მფლობელთა ვინაობის დადგენა ხდებოდა, ძირითადად, აღწერის დროს არსებული ფაქტობრივი ვითარების მიხედვით და, როგორც წესი, არ ეყრდნობოდა სხვა დოკუმენტაციასა თუ იურიდიულ მონაცემს;

 

ტ------– ა--–------ის განმარტებით, სადავო ნაკვეთის საკუთრებაზე ა-- გ------–-----ის მამასთან - პ------ გ------–-----თან ადრეც ჰქონდა უთანხმოება; ამ უკანასკნელმა ძალით, ფაქტობრივი თვალსაზრისით, დაიკავა არამარტო მისი (ტ------– ა--–------ის), არამედ მის მომიჯნავედ მდებარე სხვა პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც. გ------–-----ებს სადავო ადგილზე არასოდეს გააჩნდათ საკუთრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ე. წ. ყვითელ ფენაზე პ------ გ------–-----ი დაფიქსირებულიყო სწორედ აღწერის დროისათვის არსებული ფაქტობრივი ვითარების მიხედვით.

 

ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია საჯარო რეესტრში ამ პროექტის საფუძველზე დაცული ინფორმაციის (მიწის ნაკვეთების საზღვრების, კონფიგურაციისა და მფლობელთა) გადამოწმება სხვა მტკიცებულებებთან (არსებობის შემთხვევაში) ერთობლიობაში.

 

ამგვარი კვლევის ჩატარების აუცილებლობა არსებობდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, როგორც მოსარჩელეს, ასევე მესამე პირს გააჩნიათ უფლების დამდგენი იმგვარი დოკუმენტები (მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები), რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, არსებითად და ზუსტად დადგინდეს მათი საკუთრებების ადგილმდებარეობა.

 

იმ შემთხვევაში, თუკი გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული მონაცემები (ე. წ. ყვითელი ფენა) უტყუარად და ზუსტად ჩაითვლებოდა, მაშინ ა-- გ------–-----ზე განხორციელებული რეგისტრაცია იმთავითვე უზუსტო იქნებოდა, რადგან ე. წ. ყვითელი ფენის მიხედვით, სადავო მიწაზე ფიქსირდება პ------ გ------–-----ის მფლობელობა, მასზე კი დარეგისტრირდა ა-- გ------–-----ის საკუთრება.

 

მხარეთა განმარტების მიხედვით, პ------ გ------–-----ი ა-- გ------–-----ის მამაა, თუმცა სადავო რეგისტრაცია არ მომხდარა როგორც პ------ გ------–-----ის კუთვნილი ქონების, რაც მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე იქნებოდა აღრიცხული ა-- გ------–-----ზე;

 

ამ მიწის რეგისტრაცია მოხდა ა-- გ------–-----ზე, როგორც მისი პირადი და არა როგორც მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა.

 

ა-- გ------–-----ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა მიწის განაწილების სიის და არა მის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; ეს უკანასკნელი შეიცავდა მონაცემებს მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის, კონფიგურაციის, საზღვრებისა და მომიჯნავეების შესახებ.

 

მიწის განაწილების სიით კი უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია, კოორდინატები და საზღვრები არ დგინდება.

 

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში ა-- გ------–-----ის სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მეშვეობით, ანუ მხოლოდ მის მითითებაზე დაყრდნობით, და მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას არ ეყრდნობოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ა-- გ------–-----ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არსებითად განსხვავდება ამჟამად მის სახელზე რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემებისაგან.

 

მოპასუხისა და მესამე პირის განმარტებით, ტ------– მ-------–--ის ყვითელი ფენით აღნიშნული მიწის ნაკვეთი (0,18 ჰა) მიყიდულ იქნა მ------ ს---–-----–--ეზე, რომელზეც შემდგომში, 1998 წელს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი; ამ აქტის მიხედვით, მ------ ს---–-----–--ის მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ხევი, სამხრეთით - გზა, დასავლეთით - პ------ გ------–-----ი, ხოლო აღმოსავლეთით - შ--–-- ა--–------ი, რაც ემთხვევა ე. წ. ყვითელი ფენის მონაცემებს.

 

საჯარო რეესტრისა და ა-- გ------–-----ის მითითებით, ამ მიღება-ჩაბარების აქტით და ე. წ. ყვითელი ფენითაც ერთობლიობაში დასტურდება, რომ სადავო მიწაზე არსებობს პ------ გ------–-----ის საკუთრება.

 

სასამართლო უპირობოდ ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან, ჯერ ერთი, როგორც აღინიშნა, სადავო მიწაზე პ------ გ------–-----ის საკუთრება იმთავითვე არ ნიშნავს ა-- გ------–-----ის საკუთრებას, მეორე, საქმეზე არ არის წარმოდგენილი პ------ გ------–-----ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ნათელს მოჰფენდა მისი საკუთრების ადგილმდებარეობას, საზღვრებს, კონფიგურაციასა და ოდენობას.

 

იმ შემთხვევაში, თუკი ტ------– მ-------–--ის მომიჯნავედ პ------ გ------–-----ი იქნებოდა, ეს არ გამორიცხავდა, რომ პ------ გ------–-----ის შემდგომი მოსაზღვრე ტ------– ა--–------ი ყოფილიყო, რამდენადაც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - დასავლეთ მხარეს, გზის მიმდებარედ არსებულ 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე.

 

ასევე ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადგენილა ტ------– ა--–------ის მომიჯნავედ № 104 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ------ გ------–-----ის სახელზე გაცემული და ტ------– ა--–------ის მომიჯნავედ № 104 მიღება-ჩაბარების აქტების მოძიებია-შესწავლის შედეგად სრულიად შესაძლებელია მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

 

სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად მიღებული ზომებისა, ამ საკითხის გარკვევა ვერ მოხერხდა; ა---–---–--ის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის (სოფელი გ--------) 1983 წლის მიწების ზონარგაყრილი წიგნი, კასპის რაიმიწათმომწყობი კომისიის დასკვნები, მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციები და საკადასტრო გეგმები, რაც ასევე ნათელ წარმოდგენას შექმნიდა ტ------– ა--–------ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ, კასპის არქივში არ ინახება;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა-- გ------–-----ის საკუთრებაში სადავო რეგისტრაციით აღირიცხა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც უტყუარად და სრულყოფილადაა გასარკვევი მისი და მოსარჩელის (ან სხვა პირთა) საკუთრების უფლება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (მტკიცების ტვირთი) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ტ------– ა--–------ის მიერ მოთხოვნილია სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თვით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია სადავო მიწის ადგილმდებარეობის საკითხი, მტკიცების ტვირთის მხოლოდ მოსარჩელეზე გადატანა უმართებულოა, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ა-- გ------–-----ის სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამავე მიწაზე სხვა პირის უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები (თუნდაც ის, რომ მიწის განაწილების სიაში მითითებული მიწის ნაკვეთზე ა-- გ------–-----ს საკუთრების უფლება გააჩნდა კონკრეტულად იმ ადგილას), და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა საკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

ა-- გ------–-----ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ზოგადად ქმნიდა უძრავი ქონების მის სახელზე აღრიცხვის საკმარის საფუძველს, თუმცა მიწის განაწილების სიაში მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არაა, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო დამატებითი ზომები, რათა ზუსტად განესაზღვრა მისი საკუთრების ადგილმდებარეობა და ამით გამოერიცხა სხვა პირთა უფლებების შელახვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავო გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით;

 

ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ტ------– ა--–------თან მიმართებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის ან მესამე პირისათვის მიკუთვნება. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სადავო მიწის ნაკვეთზე მხარეთა (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

როგორც აღინიშნა, ამ საკითხის გარკვევა შესაძლებელია პ------ გ------–-----ის, ა-- გ------–-----ის, ტ------– ა--–------ისა და მათი მომიჯნავეების მიღება-ჩაბარების აქტების (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის) სრულყოფილად მოძიებია-შესწავლის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნული დავალების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლოში აღძრული სარჩელის მოცულობისა და ფარგლების გათვალისწინებით; ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით” განსაზღვრული დებულებებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

იმავე კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 100 ლარი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ტ------– ა--–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში მდებარე 2500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა-- გ------–-----ის საკუთრებაში № 6--1--4--7-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 3 იანვრის № 882017810761-41 გადაწყვეტილება ტ------– ა--–------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასატრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული მიწის ფართთან ზედდების ნაწილში;

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალოს, ტ------– ა--–------ისა და ა-- გ------–-----ის მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ სადავო უძრავ ქონებაზე ამ პირთა (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი