გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.04.2018
საქმის ნომერი
820310018002279003
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002279003 ( 3-07/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 აპრილი, 2018 წელი . ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ხელვაჩაურის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: მა-------------ძე

მოპასუხე: ნა----------ძე

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნა----------ძეს დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული სოციალური დახმარების სახით გაცემული თანხის - 299.41 ლარის ანაზღაურება ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოპასუხე ნა----------ძის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასების მიზნით 2016 წლის 19 აპრილს სააგენტოს უფლებამოსილ პირის მიერ შევსებული იქნა ნა----------ძის საცხოვრებელ მისამართზე „ოჯახის დეკლარაცია“. დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია შეტანილი იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. დეკლარირებული მონაცემების ტექნიკური დამუშავებით, ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 48810, რომელიც ნაკლები იყო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის დასანიშნ ზღვრულ ქულაზე და ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. ქულის მინიჭების შემდგომ ნ. დუმბაძის მიერ შევსებული იქნა განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნის თანხმობის შესახებ და ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილების გადაწყვეტილებით ოჯახს 2016 წლის 23 მაისს დაენიშნათ სოციალური დახმარება -საარსებო შემწეობის სახით, 300 ლარის ოდენობით, რომელიც ირიცხებოდა ყოველთვიურად და საბანკო დაწესებულების ს.ს „ლიბერთი ბანკი“-ს მეშვეობით ხდებოდა მისი გატანა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ნა----------ძის ოჯახის ორი წევრი ავ--------– ო------ (პ/ნ 6----------) და რო------ ო------ (პ/ნ 6----------- დასაქმდნენ, სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობის დანიშვნის /მიღების პერიოდში და ამ მიზეზით გაუქმდა ბაზაში რეგისტრაცია, რის შესახებაც 2017 წლის 08 თებერვალს N04-15-06/280 წერილით ეცნობა ოჯახს. აღნიშნულის მიუხედავად, ნა----------ძის მიერ გამოტანილი იქნა თანხა ჩარიცხული300 ლარიდან 299.41 ლარი. სასამართლო დავის დაწყებამდე ნა----------ძეს გაეწია სათანადო კონსულტაცია და მოთხოვნილი იქნა ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნება, თუმცა მოპასუხე ნებაყოფილებით არ ასრულებს ვალდებულებას.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააფიქსირა იგივე პოზიცია და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე კი განმარტა, რომ ოჯახი განიცდის უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებას, მისი მეუღლე და შვილი დასაქმდნენ დროებითი სამუშაოს შესრულებაზე, მათ დაურიცხეს სხვისი თანხებიც და ამით გაიზარდა შემოსავალი, ფაქტობრივად არიან იგივე გაჭირვებულ მდგომარეობაში და ამჟამად ოჯახის არცერთი წევრ არ მუშაობს, გაფრთხილება მიიღო როცა თანხა უკვე გამოტანილი და დახარჯული ჰქონდა, არ აქვს საშუალება და ვერ გადაიხდის მოთხოვნილ თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ნა----------ძის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასების მიზნით 2016 წლის 19 აპრილს სააგენტოს უფლებამოსილ პირის მიერ შევსებული იქნა ნა----------ძის საცხოვრებელ მისამართზე „ოჯახის დეკლარაცია“. დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია შეტანილი იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. დეკლარირებული მონაცემების ტექნიკური დამუშავებით, ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 48810, ქულის მინიჭების ტარიღი 19.09.2016. გასაცემი ყოველთვიური თანხა 300 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (ს.ფ. 9)

-ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ.10-16)

 

3.1.2 სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ნა----------ძემ რომელმაც 2016 წლის 23 მაისს აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნა----------ძის განცხადება.(ს.ფ. 17)

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №04/3752 მიმართვითა და მისი დანართით დგინდება, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს მათ წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

დადგენილია, რომ ასეთ ოჯახს წარმოადგენდა ნა----------ძის ოჯახი, რადგან მისი ოჯახის წევრებს - რო------ ო------სა და ავ--------– ო------ს უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი. კერძოდ ისინი დასაქმდნენ შპს აკ-------------–--------–--------------------–----------------–-------------–-------–-----------------–-:-ში. აღნიშნული ინფორმაცია ოჯახის დეკლარაციაში არ იქნა დაფიქსირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №04/3752 მიმართვა, დანართები (ს.ფ. 19-20);

 

3.1.4. ნა----------ძემ ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობის თანხა - 299.51 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 თებერვლის წერილი (ს.ფ. 24)

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების 2017 წლის 09 მარტისა და 19 აპრილის წერილები. (ს.ფ. 26. 29)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ნა----------ძის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 299.41 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 „ა“ პუნქტისა და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი.“

მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

6.4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნა----------ძის ოჯახი (ო------ ავ--------–, ო------ ედ----, ო------ ზ------, ო------ რო------, ო------ ა-----–) რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ნაი დუმბაძის ოჯახმა ოჯახის წევრების რო------ ო----ძისა და ავ--------– ო----ძის დასაქმებით მიიღო შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში არ აცნობა სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნა----------ძის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 299.41 ლარს, რომლის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა.

 

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოპასუხე - ნა----------ძეს უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 299.41 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნა----------ძეს (პ/ნ 6----------- დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 299.41 (ორასოთხმოცდაცხრამეტი ლარი, 41 თეთრი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე