განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
080100118002308035
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/126-18 (N041081217002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

23.05.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---------- ბ------–---–ი

მამის სახელი: რ-----ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ------ს ქ. N3

 

ადვოკატები - მ-----– ნ-----ე, ზ----- დ--------, ნ----- მ---------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ა-–---------- ბ------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 7 დეკემბერს, დღის საათებში ა-–---------- ბ------–---–მა ქუთაისში, გ------ს ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს-მ-------- ხ-------ეს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად მ-------- ხ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2017 წლის 21 ნოემბერს, დილის საათებში, ქუთაისში, გ------ს ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–---------- ბ------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ-------- ხ-------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში არასრულწლოვანი შვილის ნ---- ბ------–---–ის თანდასწრებით, რის შედეგად მ-------- ხ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული ა-–---------- ბ------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

 

მოწმე მ------ ხ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დაზარალებული მ-------- ხ-------ე არის მისი შვილი. 2017 წლის 07 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში როდესაც შუადღის ხანს დაურეკა მისმა სიძემ ა-–---------- ბ------–---–მა აღელვებული ხმით და უთხრა მისულიყო მათთან და მისი ქალიშვილისათვის ჭკუა დაერიგებინა. იგი ქალიშვილის სახლში მივიდა საღამოს, სახლში დახვდა მ--------, რომელსაც თვალთან სიწითლე აღენიშნებოდა. მან მოუყვა თუ როგორ მიაყენა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე უთხრა, რომ მსგავს ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ 2017 წლის 21 ნოემბერს, ხოლო რა გარემოებებში - არ დაუკონკრეტებია. მანვე განმარტა, რომ პირადად არასდროს შესწრებია მის შვილზე ძალადობის ფაქტს. ა-–---- შინ დაბრუნდა საღამოს ათი საათი იქნებოდა და როდესაც სახლში შემოვიდა, მ--------მ შეშინებულმა მოჰკიდა მის 4 წლის შვილს ხელი და გაიქცა გარეთ, თავადაც თან გაჰყვა, ერთად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ, უფროსი შვილი ნ---- კი მამასთან დარჩა. მ--------ს შიში გაუჩნდა ნ----ს მიმართ და დარეკა პოლიციის მე-5 განყოფილებაში და ითხოვა ბავშვი წამოეყვანათ მამისგან და გადაეცათ მისთვის. პოლიციის განყოფილებასთან აგრესიული ტონით მივიდა მათთან ა-–---- და უთხრა, რომ მისი მანქანიდან ჩამოსულიყვნენ და შეეცადა გასაღების ამოძრობას, რაზედაც ისინი ახმაურდნენ, რის შემდეგადაც ა-–---- განერიდა იქაურობას. დასმულ შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მისთვის პირადად არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა მის სიძეს და არც მისი ქალიშვილისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს შესწრებია ოდესმე (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმეების ს------ მ-------–--ს და შ----- ხ--–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე დააკავეს ა-–---------- ბ------–---–ი როგორც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირი, თუცა თავად ამ ძალადობის ფაქტის თვითმხილველები არ არიან(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №007283317 დასკვნით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - გ-- გ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 08.12.2017წ. 10:52-11:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ-------- ხ-------ეს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა, ზეპირი გასაუბრებისას მან განმარტა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ა-–---------- ბ------–---–მა( ტ.1. ს.ფ. 31-33; სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაზარალებულმა მ-------- ხ-------ემ და მოწმე ნ---- ბ------–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის(შესაბამისად, მეუღლის და მამის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 08 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ-------- ხ-------ისაგან გადაუდებელი აუცილებლობის წესით ამოიღეს მისივე კუთვნილი აიფონ 6-s მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელშიც მისივე განმარტებით მოთავსებულია გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე აუდიო ჩანაწერი და ფოტომასალა. კერძოდ, 2017 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული ფოტომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი მეუღლის ა-–---------- ბ------–---–ის მიერ ცემის შედეგად აღბეჭდილი სახის ნაწილი და 2017 წლის 07 დეკემბერს მისი მეუღლის ა-–---------- ბ------–---–ის მიერ მასზედ განხორციელებული ძალადობის დროს დაფიქსირებული აუდიო ჩანაწერი. ამოღებული მობილური ტელეფონი დაილუქა 01 პაკეტად 33/5/1/5 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (ტ.1. ს.ფ. 19-23). საგამოძიებო მოქმედების კანონიერება შემოწმდა სასამართლოს მიერ და 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე მ-------- ხ-------ესთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ამოღება (ტ.1. ს.ფ. 26-27).

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 2017 წლის 9 დეკემბერს გამომძიებელმა გ------- მ---------ემ დაზარალებულ მ-------- ხ-------ის თანდასწრებით მოახდინა მისი კუთვნილი აიფონ 6-s მოდელის მობილური ტელეფონის დალუქული პაკეტის გახსნა და მასში შენახული ინფორმაციის დათვალიერება. კერძოდ, 2017 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული აუდიოჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 11 წუთსა და 34 წამს, სადაც მამაკაცის ხმით მოსაუბრე პიროვნება სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ქალის ხმით მოსაუბრე პიროვნებას და ემუქრება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით. მ-------- ხ-------ის განმარტებით მამაკაცი არის მისი მეუღლე, ხოლო ქალი არის თავად იგი. ასევე დათვალიერდა ფოტოების გალერეა, რომელშიც აღმოჩნდა მ-------- ხ-------ის სახის ფოტო, რომელიც მისივე განმარტებით გადაღებული აქვს 2017 წლის 21 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაარტყა ხელი სახის არეში(ს.ფ.93-95).

ამოღების ოქმსა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- მ---------ემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო თვით მ-------- ხ-------ის განცხადება. იგი მიუთითებდა მისი მეუღლის ა-–---------- ბ------–---–ის მხრიდან 2017 წლის 21 ნოემბრისა და 07 დეკემბერს განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებზე. მ-------- ხ-------ეს მოწმის სახით დაკითხვამდე განემარტა მოწმის ყველა უფლება, მათ შორის უფლება არ მიეცა ჩვენება მისი ახლობლის წინააღმდეგ. მ-------- ხ-------ემ დაკითხვისას მიუთითა მის კუთვნილ აიფონის მობილურ ტელეფონში არსებულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც ასახული იყო ძალადობის ფაქტი. (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომის დროს გამოკვლეული იქნა მ-------- ხ-------ის მობილურ ტელეფონში არსებული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ისმის მამაკაცის გინების, მუქარის და სხვა გაურკვეველი ხმები ქალის მისამართით (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N46/ფ დასკვნის თანახმად ,,1) გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. 2) გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიოგრამები არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო კვლევების ჩასატარებლად პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას რეპრეზენტატიულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატიულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატიული ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა (3-10 წთ). (ტ.1. ს.ფ. 238-249).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 08 დეკემბერს გაცემული შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ როგორც მ-------- ხ-------ემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, მეუღლემ ა-–---------- ბ------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.1. ს.ფ. 133-137). მოცემული ორდერის შემქმნელი არის პატრულ-ინსპექტორი მ------ ქ-----, ხოლო ახსნა-განმარტების ჩამომრთმევი - პატრულ-ინსპექტორი მ------ ღ--------ე. მათ მოწმის სახით ჩვენება არ მიუციათ.

 

შეტყობინების რეგისტრაციის და განცხადების თანახმად 2017 წლის 8 დეკემბერს პოლიციას მიმართა მოქალაქე მ-------- ხ-------ემ, სადაც მიუთითა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს და 21 ნოემბერს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა(ს.ფ. 2,3)

 

მოქალაქე მ-------- ხ-------ემ წინა დღეს - 2017 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა იმავე პოლიციის განყოფილებას, სადაც დააფიქსირა მეუღლის მიერ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი(ს.ფ. 11).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ა-–---------- ბ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

კერძოდ, მოცემულ ბრალდების ეპიზოდებს ჰყავს 21 ნოემბრის ეპიზოდში 3 თვითმხილველი მოწმე(დაზარალებული, ბრალდებული და მათი შვილი), ხოლო 7 დეკემბრის ეპიზოდში - 2 ასეთი მოწმე(დაზარალებული და ბრალდებული), არცერთ მათგანს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, მიჩნეულია დამამძიმებელ გარემოებად.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

გარდა თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებისა, წარმოდგენილი არ არის არც ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს თუნდაც მხოლოდ ძალადობის ფაქტის არსებობაში. კერძოდ, ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით მ-------- ხ-------ეს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულისაგან ამოღებული მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი აუდიოჩანაწერი და ფოტოსურათი. არც ამ ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, არც ფოტოსუართით და არც მათი უშუალოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით არ დგინდება დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის - ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობა, ხოლო ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენაც კი, თუ ვის ეკუთვნის აუდიოჩანაწერში არსებული ხმები.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები შეიცავენ დაზარალებულის მიერ სხვა პირებისთვის გადაცემულ ინფორმაციას მეუღლის მიერ მასზე განხორცილებულ ძალადობის ფაქტზე, თუმცა ამ ინფორმაციის მიმცემ დაზარალებულს სასამართლოში ფიცის ქვეშ არ დაუდასტურებია მისი ჭეშმარიტება. მეტიც, არც უშუალოდ დაზარალებულისაგან ინფორმაციის მიმღები დოკუმენტის შემდგენი პირები დაკითხულან სასამართლოში. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ისინი არ არიან თანმიმდევრული, კერძოდ, შემთხვევის დღეს დაწერილ პირველ განცხადებაში დაზარალებული საერთოდ უარყოფს მასზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს.

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა: გ------- მ---------ის, მ------ ხ-------ის და პოლიციელების: შ----- ხ--–--ის და ს------ მ-------–--ს ჩვენებებს არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით ა-–---------- ბ------–---–ის მსჯავრდება.

ამასთან, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი არაპირდაპირი ჩვენებები.

დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

სასამართლო ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ თუ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულებები, ასევე დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის - დაზარალებულის მიერ განცდილი ტკივილის დასადასტურებლად საერთოდ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, ა-–---------- ბ------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა-–---------- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2. ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ა-–---------- ბ------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. გამართლებულ ა-–---------- ბ------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

5.1. 2017 წლის 07 დეკემბრის აუდიო ჩანაწერი, გადატანილი დისკზე; 2017 წლის 11 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ა-–---------- ბ------–---–ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, დისკზე; 2018 წლის 17 იანვრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ პატიმრობის გადასინჯვის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი; მ-------- ხ-------ის ხმის ნიმუში, დისკზე მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.2. მ-------- ხ-------ის კუთვნილი აიფონ 6-ს მოდელის მობილური ტელეფონი, რაც ინახება დაზარალებულ მ-------- ხ-------ესთან, დარჩეს მასთან.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე