გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002323083
N2/631-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
29 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ს---–-ა“;
წარმომადგენელი - ს------ო შ------იშვილი;
მოპასუხე - ც-----ი მ-------აძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ც-----ი მ-------აძეს შპს „ს---–-ას“ სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული დავალიანების 4204,75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3000 ლარს, პროცენტი 204,75 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 1000 ლარს.
სარჩელის მიხედვით, შპს „ს---–-ას“ და ც-----ი მ-------აძეს შორის 2017 წლის 19 ივლისს ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ც-----ი მ-------აძეზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით სესხის ვადა 360 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 71,18%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა, პროცენტი) – 359,61 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 23 აგვისტოს, გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 5271,15 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3000 ლარი, პროცენტი წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 204,75 ლარი, პირგასამტეხლო ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0,41% 2017 წლის 23 აგვისტოდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე 2066,40 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ც-----ი მ-------აძემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 3000 ლარის და პროცენტის - 204,75 ლარის დაკისრების ნაწილში, ამასთან, მან სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მისი შემცირება.(იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 19 ივლისს შპს „ს---–-ას“ და ც-----ი მ-------აძეს შორის გაფორმდა ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 360 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 71,18%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა, პროცენტი) – 359,61 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 19 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 15-30)
- 2017 წლის 19 ივლისის საგადახდო დავალება (ს.ფ 31)
3.1.2 მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაფარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ც-----ი მ-------აძის დავალიანება შპს „ს---–-ას“ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5271,15 ლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 3000 ლარი, საპროცენტო სარგებლის დავალიანება - 204,75 ლარი და პირგასამტეხლო - 2066,40 ლარი, ამასთან, მოსარჩელის მიერ 1000 ლარამდე იქნა შემცირებული დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს---–-ას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიც-----ობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ც-----ი მ-------აძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის 3000 ლარის და პროცენტის - 204.75 ლარის, სულ 3204,75 ლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1000 ლარი უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. განსახილველ შემთხვევაში შპს „ს---–-ას“ და მოპასუხე ც-----ი მ-------აძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 126,14 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში ცნო სარჩელი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 96,14 ლარი, ხოლო მოპასუხე ც-----ი მ-------აძეს შპს „ს---–-ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 9 ლარის გადახდა, ხოლო 21 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს---–-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ც-----ი მ-------აძეს (პ/ნ 6----------) შპს „ს---–-ას“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 3000 ლარის, პროცენტის 204,75 ლარის და პირგასამტეხლოს 300 ლარის გადახდა.
1.2. დაეკიროს მოპასუხე ც-----ი მ-------აძეს შპს „ს---–-ას“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 9 ლარის გადახდა.
2. დაუბრუნდეს შპს „ს---–-ას“ 2018 წლის 18 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 126,14 ლარიდან 96,14 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე