განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN0-0-00-1800-432324(1/227-20-8)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 20-8 წელი ქ.ზ---------
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ან-----------
ადვოკატ -მა---------------
ბრალდებული-პა------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: პა------------ მიმართ
მამის სახელი: ვა------
დაბადებული: 0-.0-.1--- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ზ-------------------------------
რეგისტრირებული: ზ----------------------------–------------------------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111151 -ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
პა------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
20-8 წლის 16 აპრილს, პა------------ მობილური ტელეფონის მეშვეობით დაურეკა ნა-------–---------–---ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და სატელეფონო საუბრისას დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ სადაც ნახავდა, იქ მოუსპობდა სიცოცხლეს, რაც ნა-------–---------–---მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.20-4); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ პა------------ მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ პა------------ აღიარებით.
დაზარალებულ ნა-------–---------–---ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ნა--------------–---–---------------------–---–--ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
პა------------ ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პა----------- და ნა-------–---------–--- არიან მეუღლეები, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში, ნა-------–---------–---ს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რა დროსაც მას გაუჩნდა საფუძვლიანი და რეალური შიში მისი განხორციელებისა, ამ ქმედებამ დაზარალებულის სიმშვიდე დაარღვია და მისი აფორიაქება გამოიწვია.
მუქარა განზრახი დანაშაულია, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, პა------------ შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქარის განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის მე-8-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი პა------------ ქმედებას- დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და დამდგარ შედეგს, დაზარალებულის საფუძვლიან შიშს შორის.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ პა------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, ბრალდებულ პა------------ ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პა------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ხასითდება დადებითად, დაავადებულია ტუბერკულოზის ნარჩენი ცვლილებებით ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პა------------ სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“, პა------------ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ვინაიდან პა------------ გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ პა----------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.პა------------ სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 20-8 წლის 19 აპრილის 00:35 საათიდან.
3.პა------------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად პა------------ ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ქ. ზ-------------------------------)
5.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად პა------------ დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი
ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზ---------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია